Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინელი ნობელიანტის ღვინო ქართულ სასმისში


ჩინური ღვინო მგონი არ დამილევია, მაგრამ ღვინო „ჩინური“ - კი. უნდა ითქვას, რომ ჩინებული ღვინოა ჩვენებური „ჩინური“. ჩინებული, ანუ ეტიმოლოგიურად ძალიან კარგი, ჩინურივით კარგი. ჩინური, ყველაზე სასურველი და საოცნებო, ჩემს ბავშვობაში კედები იყო. დღეს ჩინურმა პროდუქციამ ასეთი მომხიბვლელობა დაკარგა. მეტიც, ჩინურიაო, იტყვიან ხანდახან და აიმრიზებიან. მაგრამ მაინც ყველა ჩინურ მაღაზიებსაა შესეული, რადგან იქ ყველაფერი იაფია. მოსწონთ, იაფად რომ ყიდულობენ, მაგრამ ამავე დროს, რა უნდათ ჩინელებს საქართველოშიო, - ბრაზობენ. ჩინელი უკვე საკმაოდ ბევრი გამოჩნდა ჩვენთან და პატიოსნად შრომობს, მაგრამ ჩინური კულტურა რაღაცნაირად მაინც ძალიან შორსაა ჩვენგან. ფილმების თუ „ნეშნლ ჯეოგრაფიკის“ დონეზე თუ ვიცით. და საუკეთესო შემთხვევაში ძველი ჩინელები - კონფუცი, ლაო-ძი, შუა საუკუნეების პოეზია, თამაზ ჩხენკელის მიერ ნათარგმნი ბო ძიუი. თანამედროვე ჩინური ლიტერატურა ჩვენთვის დღემდე ჩინურივითაა. აგერ ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში სამმა ჩინელმა მწერალმა აიღო ნობელის პრემია (აქედან ორმა ლიტერატურის, ერთმა კი მშვიდობის დარგში), მაგრამ დღემდე მხოლოდ ერთის თარგმნა მოვახერხეთ (თუ გაო სინძიანის სანობელე ლექციას არ მივიღებთ მხედველობაში), ისიც სულ ახლახან. ეს კი 2012 წლის ნობელიანტის, მო იენის რომანია, ქართველებისათვის მეტად დამაინტრიგებელი სათაურით „ღვინის ქვეყანა“. ეს წიგნი გამომცემლობა „ინტელექტმა“ დაბეჭდა სერიით „ნობელის პრემიის ლაურეატები“. აღსანიშნავია და მისასალმებელია, რომ რომანი შუალედური ენიდან არაა ნათარგმნი. ორიგინალიდან ბწკარედი სინოლოგმა ალექსანდრა ლატარიამ შეასრულა, მხატვრული თარგმანი კი ანზორ აბჟანდაძეს ეკუთვნის. დღეს რომანზე სასაუბროდ ალექსანდრა ლატარია მოვიწვიეთ.

ალექსანდრა ლატარია
ალექსანდრა ლატარია

ალექსანდრა ლატარია: „ღვინის ქვეყანა“ არის რომანი, რომელიც შთაბეჭდილებას ახდენს თავისი ბრწყინვალე გროტესკული ფორმებით, უნიკალური სტილით და ავტორის ტალანტით. ნაწარმოები უჩვენებს მკითხველს პრიზმაში აბსურდულ რეალობას არა მარტო თანამედროვე კომუნისტური ჩინეთის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსი. ძალიან საინტერესოა თვითონ ამ რომანის სტრუქტურა. მო იენი ცდილობს თავის წიგნში დაწეროს, როგორ იწერება ეს წიგნი. ამისთვის მას ნაწარმოებში გმირად გამოყვანილი ჰყავს საკუთარი თავი. ანუ შედეგად ჩვენ გვყავს „მო იენი - ავტორი“ და „მო იენი - გმირი“.

ეს წიგნი ერთი პერიოდი აკრძალულიც კი იყო ჩინეთში, რადგან მო იენმა ბევრი სიმართლე თქვა თანამედროვე საზოგადოებაზე. „ღვინის ქვეყანა“ - ესაა იგავი, ისტორიული ალეგორია და აბსურდის ლიტერატურის შედევრი ერთად აღებული: დადის ხმები, რომ ლოშანის რაიონში ხდება საშინელი ამბები. აქ იკარგებიან ახალშობილები. ისეთი ჭორებია, რომ ამ დელიკატესს მიირთმევენ ადგილობრივი ხელმძღვანელები, მათ შორის, კომუნისტური პარტიის ლიდერები. გამომძიებელი ტინ გოუარი მიემგზავრება, რათა ერთხელ და სამუდამოდ გარკვიოს, თუ რა ხდება სინამდვილეში. ის მიემგზავრება ძიოუგუოში (რაც სიტყვასიტყვით ჩინურიდან ღვინის ქვეყანას ნიშნავს). თუმცა ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდება: ადგილობრივი ხელმძღვანელები, მათ შორის, კომუნისტური პარტიის ლიდერები, რა თქმა უნდა, უარყოფენ ყველანაირ ფაქტებს, რაც შეეხება ჩვილების დაკარგვას. და თან ცდილობენ მოხერხებულად დაათრონ გამომძიებელი. რომანში საუბარია ბიჭების ბედზე, რომლებიც გაყიდეს მშობლებმა კულინარულ აკადემიაში, სხვადასხვა კონკრეტული მიზნებისთვის...“

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ტექსტის ამბივალენტური ბუნება: იგი ისეთია, რომ კითხვის პროცესი უცნაურ მდგომარეობაში გაგდებს: გაორება გეწყება. ღვინისა თუ კულინარიის, როგორც კულტურული ფენომენების გააზრების სხვადასხვა შრეს, საოცრად შთამბეჭდავს, სულმუდამ ენაცვლება რეალობაში მათი მახინჯი ფორმებით მოხმარების თუ ბოროტი მიზნებით გამოყენების მძიმე სურათები. ეს სურათები თანდათან სულ უფრო მძიმდება და ამაზრზენი და შემზარავი ხდება.

არა მარტო ამ რომანში, არამედ სხვადასხვა პროზაულ ნაწარმოებებშიც, პოეზიაშიც ძალიან ხშირად მიმართავენ ამას თანამედროვე ჩინელი მწერლები - გაორებას...
ალექსანდრა ლატარია

მწერლისთვის ღვინო და კულინარია მეტაფორული იარაღია კომუნისტური რეჟიმის სახის საჩვენებლად, რომელსაც ლოთი და კაციჭამია, უფრო სწორად კი „ბავშვიჭამია“ ჩინოვნიკები და ხელისუფალნი წარმოადგენენ. არადა, ეს „ბავშვიჭამიობაც“ მთელი რომანის განმავლობაში რეალობისა და ირეალობის ზღვარზეა - ხან სიმართლედ ჩანს და ხან გამონაგონად, ის „ჰალუცინოგენური რეალიზმია“, როგორც ნობელის პრემიის კომიტეტმა მო იენის შემოქმედება შეაფასა. თუმცა პოზიტივისა და ნეგატივის ასეთი მონაცვლეობა არანაირად არ მინდა ისე გაიგოთ, თითქოს ნობელიანტი პროზაიკოსი მარტივ ანტაგონიზმს მიმართავს. არა, უბრალოდ ესაა დიაპაზონის ორი ბოლო, რომანის დიაპაზონი კი, ყველანაირი თვალსაზრისით, ძალიან ფართოა.

ალექსანდრა ლატარია: „არა მარტო ამ რომანში, არამედ სხვადასხვა პროზაულ ნაწარმოებებშიც, პოეზიაშიც ძალიან ხშირად მიმართავენ ამას თანამედროვე ჩინელი მწერლები - გაორებას. ანუ რაღაც ნეგატივიც ჩანს ამ დროს და პოზიტივიც. ეს ჩვეულებრივი მოვლენა არის და მკითხველი თავიდან ვერ ხვდება, რა არის ჩადებული შიგნით და რისი გამოჩენა სურს რეალურად ავტორს. და ამ „ღვინის ქვეყანაშიც“ კონკრეტულად ეს არის. ანუ თითქოს კარგიც ჩანს და ნეგატივიც მოდის ამ ყველაფრიდან, და სიმართლე რომ გითხრათ, ეს წიგნი რომ ვთარგმნე და პირველად წავიკითხე, თავიდან მეც ნეგატიურის განცდა გამიჩნდა, ვერ ჩავწვდი დეტალებს ნორმალურად, სანამ მეორედ არ წავიკითხე, არ დავუკვირდი და არ დავინახე, რომ ნეგატივთან ერთად პოზიტივიც იყო“.

ავტორს რომანში თავიდანვე შემოაქვს დეტექტიური ხაზი, მაგრამ ეს ხაზი გზადაგზა ბევრ რამეში იკარგება და კლასიკური დეტექტივის წესებს აღარ ექვემდებარება, თუნდაც იმიტომ, რომ მაღალი კლასის და ზედმეტად თავდაჯერებული დეტექტივი, მოხვედრილი „ღვინის ქვეყანაში“, თანდათანობით სრულიად კარგავს საკუთარ თავზე კონტროლს. ტექსტს თავიდან ბოლომდე მიყვება ეპისტოლარული ხაზიც. ფანტასმაგორიულობა, ქმედებათა ალოგიკურობა განუწყვეტლივ იჭრება ტექსტში და ხანდახან სრულ კორიანტელს აყენებს.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩინური კულტურისა და ლიტერატურის ბუნება ჩვენთვის უცხოა, ჩემთვის ფაქტობრივად შეუძლებელი იყო ერთმანეთისაგან გამიჯვნა იმისა, თუ რა იყო ტექსტში ჩინური რეალობის ნაწილი და რა არა. ვერ ვხვდებოდი, ის, რაც მწერლურ „სიგიჟედ“ მეჩვენებოდა, მართლა სიგიჟე იყო, თუ კულტურის სიუცხოვე იწვევდა. იმასაც კი ვერ ვხვდებოდი, მეღვინეობაზე პასაჟებში, როდის წერდა მო იენი ჩინური მეღვინეობის რეალური გამოცდილებიდან და როდის ეძლეოდა მწერლურ ფანტაზიებს. არადა, ფანტაზიებს რომ ეძლეოდა, ესეც ცხადი იყო, თუნდაც მისი „მაიმუნის ღვინით“, რომელსაც ჩინეთის უღრან ტყეებში მაიმუნები აყენებენ და, რომელიც საუკეთესოზე საუკეთესოა.

მო იენი
მო იენი

რომანის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი, შეიძლება ითქვას, მისი რაბლეზიანურობაა. აქ უსაშველოდ ბევრს სვამენ, გალეშვამდე, ხანდახან რამდენიმე ჭიქითაც კი ერთდროულად, სასმელს ერთმანეთს აძალებენ, მუცლებს იხეთქენ კერძების უსასრულო რიგით. კომუნისტურ სახელმწიფოში მიმდინარე კუჭის მონების ასეთი დღესასწაულის აღწერა პირდაპირ ასოციაციებს იწვევდა, თუმცა მე არც კი მახსენდება საბჭოური პერიოდის ისეთი ქართული ნაწარმოები, სადაც „კომუნისტური რაბლეზიანურობა“ ასეთი მკვეთრი ფერებით იქნებოდა დახატული. პირდაპირი ასოციაციები სხვანაირიც ჩნდებოდა. მაგალითად, კითხვისას სულ მახსენდებოდა „ცისფერი მთები ანუ ტიანშანი“, თუმცა არა ტიანშანის, არამედ სარედაქციო პოლიტიკის გამო. ახალგაზრდა მწერალი ლი იდოუ თავად მო იენის ხელითა და რეკომენდაციით ერთმანეთის მიყოლებით გზავნის რვა მოთხრობას ჟურნალ „სამოქალაქო ლიტერატურაში“, მაგრამ მისი მთავარი რედაქტორებისაგან - ჭოუ ბაოსა და სიაო ბაოსაგან ჩამიჩუმი არაფრისდიდებით არ ისმის.

ერთი სიტყვით, ქართველი მკითხველი ბევრ მისთვის ნაცნობს აღმოაჩენს ამ წიგნში, და ამავე დროს ძალიან უცხო სამყაროსაც შეეფეთება. წიგნის ფურცლებიდან ღვინისადმი, როგორც ღვთიური სასმელისადმი აღვლენილ ოდებსაც მოისმენს და მისი ბოროტი სულიც შეაძრწუნებს. ხან მოიხიბლება ჩინური სამყაროთი და ხან წიგნის შორს მოსროლაც მოუნდება. ჩინელი ნობელიანტი უზადო მოთამაშეა, მუდამ რომ ცვლის რეგისტრებს, ტონალობებს, გამოხატვის ფორმებს...

დაბოლოს: ქართულ სასმისში ჩამოსხმული ეს ჩინური ღვინო თანამედროვე ჩინური ლიტერატურისკენ გადადგმული მხოლოდ პირველი ნაბიჯია. გამომცემლობა „ინტელექტი“ მო იენის სხვა რომანის გამოცემასაც აპირებს.

ალექსანდრა ლატარია: „ცოტა ისეთი სახელწოდება აქვს ნაწარმოებს - „დიდი ძუძუ-მკერდი, განიერი კაბა“. თითქმის დამთავრებულია მუშაობა ამ წიგნზე, კორექტირება მიდის, რედაქტირება და მალე გამოსცემენ“.

XS
SM
MD
LG