Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის მფლობელი დასახელდა


ლიტერატურის დარგში 2012 წლის ნობელის პრემია მიენიჭა ჩინელ ავტორს, მო იანს. იგი დასავლეთში ცნობილია ნაწარმოებით ”წითელი სორგო”, რომელიც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორ ამავე სახელწოდების ფილმს დაედო საფუძვლად. მისი ნამდვილი სახელია გუან მოი. მწერლის ფსევდონიმი ”მო იანი” კი ჩინურად ნიშნავს ”არ ილაპარაკო”.

”2012 წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში მიენიჭა ჩინელ მწერალს, მო იანს, რომელიც ჰალუცინაციური რეალიზმით აერთიანებს ხალხურ ზღაპრებს, ისტორიასა და თანამედროვეობას,” გამოცახადა 11 ოქტომბერს შვედეთის აკადემიის მუდმივმა მდივანმა, პეტერ ინგლუდმა.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიას ევროპელი ავტორები იღებდნენ. გასული წლის ლაურეატი შვედი პოეტი, ტომას ტრანსტრომერი გახდა.

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში 1901 წლიდან გაიცემა. ჯილდოს მფლობელი შეიძლება გახდეს მწერალი ”იდეალისტური ხასიათის საუკეთესო თხზულებისთვის”. ალფრედ ნობელის ამ შეფასებას სხვადასხვაგვარად განმარტავენ, რის გამოც ერთიან კრიტერიუმებზე შეთანხმება ვერ ხერხდება. ამის გამო თავის დროზე ჯილდოს გარეშე დარჩნენ ისეთი მწერლები, როგორებიც არიან ჯეიმს ჯოისი, ლევ ტოლსტოი, ანტონ ჩეხოვი და ჰენრი ჯეიმსი.

შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემია განმარტავს, რომ ”იდეალისტურ თხზულებაში” იგულისხმება ლიტერატორის მთელი შემოქმედება და არა მისი ერთი კონკრეტული ნაწარმოები. თუმცა არსებობს შემთხვევებიც, როცა პრემია ცალკეულ ნაშრომს დაუმსახურებია.

ნობელის პრემიის ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონიალი 10 დეკემბერს, ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს გაიმართება. ჩინელი მწერალი მო იანი, სხვა დარგების პრიზიორთა მსგავსად, 1.2 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
XS
SM
MD
LG