Accessibility links

logo-print

ამოქმედდა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი


თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლო

კანონი, რომელიც მოწმეთა დაკითხვის ახალ წესს განსაზღვრავს, 20 თებერვლიდან ამოქმედდა. საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედების დრო, 2009 წლიდან მოყოლებული, რამდენჯერმე შეიცვალა. მიზეზად ხან მოსამართლეთა მოუმზადებლობა სახელდებოდა, ხანაც პოლიტიკური მოტივები, როგორც ამას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევდნენ. მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის თანახმად, მოწმეს, მისი სურვილის შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოების თანამშრომელთა წინაშე დაკითხვის ნაცვლად, სასამართლოს წინაშე დაკითხავენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თქმით, კანონში მაინც ბევრი ხარვეზი დარჩა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლო მზად არის მოწმეთა მისაღებად და დასაკითხად. ამასთან, მოსამართლეებს კიდევ ერთი ტრენინგი ჩაუტარდებათ, რათა კანონის ახალი მოთხოვნები განახორციელონ.

მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი 2009 წელს მიღებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგინდა, თუმცა მისი ამოქმედება რამდენჯერმე გადაიდო, მათ შორის, წინა ხელისუფლების პირობებშიც. დაკითხვის ახალი წესი ითვალისწინებს გამოძიების პროცესში მოწმეთა მხოლოდ მოსამართლის წინაშე დაკითხვას, ბრალდებისა და დაცვის მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით. ამ წესით მოწმეთა დაკითხვა 2013 წლის 31 დეკემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ მისი ამოქმედება, მთავრობის მოთხოვნით, კიდევ გადაიდო.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განმარტებით, ცვლილებები საშუალებას იძლევა მინიმუმამდე შემცირდეს მოწმის დაკითხვის დროს პროცესუალური ნორმების დარღვევები:

„თუკი პირი უარს ამბობს მოწმის სახით დაკითხვაზე სამართალდამცავ ორგანოებში, შესაძლებელია, რომ ის სასამართლოში დაიკითხოს, ანუ მოსამართლის თანამონაწილეობა და მოსამართლის ჩართულობა ამ პროცესში კიდევ მეტ გარანტიას შექმნის იმისთვის, რომ მოწმეზე რაიმე სახის პროცესუალური დარღვევები არ განხორცილედეს“.

კანონის, თავდაპირველთან შედარებით, შეკვეცილი შინაარსის გამო, მის ამოქმედებას მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმით არ ხვდება საპარლამენტო ოპოზიცია. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის დავით დარჩიაშვილის თქმით, საქმეთა ნაწილს ეს წესი მაინც არ შეეხება:

„ისეთ საქმეებზე, რომლითაც ოპონენტებს დევნიან ხოლმე, ეს წესი არ მოქმედებს. ჩვეულებრივ, ისევ სასამართლოს ჩაურევლად გაგრძელდება მოწმეთა დაკითხვა. შემოდის მუხლი, რომ ძალით შეუძლიათ მოიყვანონ მოწმე და ირღვევა შეჯიბრებითობის პრინციპი, რომ სასამართლოს ფარგლებში დაკითხვის დროს, რიგ შემთხვევებში, ადვოკატი არ ესწრება დაკითხვის პროცესს“.

სხვა ყველა მიმართულებით ეს კანონპროექტი არის ხარვეზული. მაგალითად, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, სავალდებულო წესით, მოწმის დაკითხვა შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ ბრალდების მხარემ. ამის უფლება დაცვას არ აქვს...

განზრახ მკვლელობის, თვითმკვლელობამდე მიყვანის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ოჯახში ძალადობის, ძარცვის, ყაჩაღობის, შეთქმულების ან ამბოხის, ტერორიზმისა და სხვა რამდენიმე სახის დანაშაულის შემთხვევაში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მოწმეთა დაკითხვის ძველი წესი შენარჩუნდება. სხვა სახის დანაშაულის შემთხვევაში მოწმის დაკითხვა საგამოძიებო ორგანოებიდან სასამართლო შენობაში ინაცვლებს.როგორც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი სოფო ვერძეულმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სწორედ ესაა ამ კანონისერთადერთი კარგი მხარე:

„სხვა ყველა მიმართულებით ეს კანონპროექტი არის ხარვეზული. მაგალითად, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, სავალდებულო წესით, მოწმის დაკითხვა შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ ბრალდების მხარემ. ამის უფლება დაცვას არ აქვს. მეორე ამბავი კი ის არის, რომ როდესაც მოწმე, ბრალდების მხარის ინიციატივით, მაგისტრატ მოსამართლესთნ იკითხება, ამ დაკითხვას დაცვის მხარე არ ესწრება“.

აქედან გამომდინარე, სოფო ვერძეულის თქმით, საქმის არსებითად განხილვის დროს დაცვის მხარის თანდასწრებითაც მოწმის დაკითხვას, ფაქტობრივად, აზრი ეკარგება, რადგან ჩვენების შეცვლის შემთხვევაში მოწმეს, შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიმოწმეთა დაკითხვის იმ წესის ამოქმედებას მოითხოვდნენ, რომელსაც 2009 წელს მიღებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს და, რომლის თანახმად, დაცვის ან ბრალდების მხარისთვის ჩვენების მიცემა მხოლოდ მოწმის სურვილზეა დამოკიდებული. ამ აზრს იზიარებს სოფო ვერძეულიც:

„კრიტიკულ სიტუაციაში, როდესაც გამოძიება სხვანაირად წინ ვეღარ მიდის და ყველა გონივრული რესურსი ამოწურული აქვს, ის მოდელიც კი ასეთ შემთხვევაში ითვალისწინებს მოწმის სავალდებულო წესით მოსამართლესთან დაკითხვას, ანუ იმ მოდელშიც არსებობს ისეთი მექანიზმი, რომელიც აზღვევს იმას, რომ სამართალდამცავი სისტემა არ გაიჭედოს“.

მოწმეთა დაკითხვის ახალი წესით, საქალაქო სასამართლოში მოწმეები 23 თებერვლიდან დაიკითხებიან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG