Accessibility links

logo-print

დაისჯება თუ არა კანონით „მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით“


საქართველოს მთავრობა აპირებს სასჯელი დააწესოს „მოწოდებისათვის შუღლის გაღვივების მიზნით“. კანონპროექტი, რომლის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა, გულისხმობს პირის დასჯას ისეთი მოწოდებისათვის, რომელიც ხელს უწყობს ძალადობრივ ქმედებას რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნით, მიზნად ისახავს სხვადასხვა ჯგუფებს შორის მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდებას. შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ 18 იანვარს განაცხადა, რომ „სტაბილურობისა და მშვიდობიანი თანაარსებობისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ შუღლის გაღვივება კანონით დაისაჯოს, და იქვე განმარტა, რომ ცვლილება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, რაშიც ეჭვი ეპარებათ ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებს.

თუ სისხლის სამართლის კოდექსში შემავალ ცვლილებებს პარლამენტი მხარს დაუჭერს, მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. 239-ე პრიმა მუხლის თანახმად, “მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით, ესე იგი ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ძალადობრივი ქმედებისკენ, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის მტრობის ამ განხეთქილების ჩამოგდების მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე”.

აუცილებელია ასეთი სისხლის სამართლებრივი დასჯადი ქმედების არსებობა, როდესაც ვინმეს ექნება (რელიგიურ ნიადაგზე, მათ შორის) საზოგადოებაში შუღლის გაღვივების მცდელობა...

ამავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდება, რაც გამოიხატა ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, სიცოცხლის მოსპობაში ან სხვა მძიმე შედეგში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 15 წლამდე. სისხლის სამართლის კოდექსში ამ ცვლილებების შეტანის აუცილებლობა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ ასე ახსნა:

„სტაბილურობისთვის, მშვიდობიანი თანაარსებობისთვის - მათ შორის, რელიგიურ ნიადაგზე - აუცილებელია ასეთი სისხლის სამართლებრივი დასჯადი ქმედების არსებობა, როდესაც ვინმეს ექნება (რელიგიურ ნიადაგზე, მათ შორის) საზოგადოებაში შუღლის გაღვივების მცდელობა“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოჰყავს გერმანიისა და ესტონეთის კანონმდებლობის მაგალითები და სისხლის სამართლის კოდექსში ამ ცვლილებების შემოღების აუცილებლობას იმით ასაბუთებს, რომ „დღეს მოქმედი კოდექსით ისჯება მხოლოდ შუღლის გაღვივების ნიადაგზე ჩადენილი ქმედება (მაგალითად, განზრახ მკვლელობა ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური და რასობრივი შეუწყნარებლობის გამო), თუმცა რეგულაციის მიღმაა დარჩენილი თავად შუღლის გაღვივების ფაქტი, რომელსაც შეუძლია უფრო მასშტაბური და მძიმე შედეგების გამოწვევა“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არგუმენტები არასაკმარისია მედიისა და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ რუხაძე იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი ამ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, რადგან ის სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს არა მხოლოდ დემოკრატიისა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის, არამედ თავად უმცირესობათა უფლებების დარღვევის თვალსაზრისით. თამარ რუხაძე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებაზე, რომ მედია უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რა უსიამოვნო შედეგი შეიძლება მოჰყვეს მის თავისუფალ სიტყვას, ამბობს, რომ მედია რაზეც უნდა დაფიქრდეს, ამას სისხლის სამართლის კოდექსი არ უნდა არეგულირებდეს:

ეს რომ ყოფილიყო რამენაირად მიბმული ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, სადაც, სავარაუდოდ, ეს ნორმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებში ჩაიწერებოდა, შესაძლოა, ეს ძალიანაც მისაღები ყოფილიყო, მაგრამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში ამის გადმოტანა, ძალიან საშიშია...

„ეს არის ეთიკის, თვითრეგულირების, პროფესიული სტანდარტის სფერო. შსს-ს მაგალითად მოჰყავს ის, რომ ევროპის ქვეყნებშიც არის მსგავსი პრაქტიკა. ზოგიერთ ევროპის ქვეყანაში სიძულვილის ენა კრიმინალიზებულია, მაგრამ იქ არსებობს სხვა მექანიზმები, რომლებიც კანონის მოთხოვნებს და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას აბალანსებს. აქ კი შემოთავაზებული ცვლილებები არის ძალიან ბუნდოვანი, რადგან არ წერია, რას გულისხმობს შუღლის გაღვივება, ვისი დისკრეციაა ამის გარკვევა, რა არის შუღლი და რა არა, არ ახლავს განმარტებებები, ეს კი თავისთავად იძლევა ძალიან დიდი ინტერპრეტაციის საშუალებას. ვინ გახდება ამ ინტერპრეტაციის მსხვერპლი ხვალ, ეს არავინ იცის. ასეთი ბუნდოვანება ყოველთვის შეიცავს საფრთხეს“.

თამარ რუხაძეს ბუნებრივად უჩნდება მომდევნო შეკითხვაც: რატომ არ წავიდა მთავრობა სიძულვილის ენის კრიმინალიზების გზით? ამ შემთხვევაში ცვლილებები არ იქნებოდა ასე ფრაგმენტული. დღეს კი, მხოლოდ შს მინისტრის ზეპირი კომენტარის შემდეგ, რომ კანონპროექტი საფრთხეებს არ შეიცავს, მისი მიღება დაუშვებელია:

„ეს რომ ყოფილიყო რამენაირად მიბმული ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, სადაც, სავარაუდოდ, ეს ნორმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებში ჩაიწერებოდა, შესაძლოა, ეს ძალიანაც მისაღები ყოფილიყო, მაგრამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში ამის გადმოტანა, ძალიან საშიშია და არამხოლოდ მედიისთვის. ამას ისიც ემატება, რომ, კანონის დარღვევის შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი ისჯება სისხლის სამართლის წესით, იურიდიულ პირს ლიცენზია უუქმდება და ეს პირი შესაძლოა იყოს რომელიმე მედიასაშუალება“.

მხოლოდ აზრის გამოთქმის გულისთვის, თუ მას კონკრეტული შედეგი არ მოჰყვა, ადამიანების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, ჩემი აზრით, ძალიან სახიფათოა...

თამარ რუხაძე ასევე განმარტავს, რომ საქართველოს კანონში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, კონკრეტულად კი მე-4 მუხლში, განმარტებულია, თუ რა არის „მოწოდება“. კანონში წერია, რომ „მოწოდება“ მხოლოდ მაშინ იწვევს პასუხისმგებლობას, თუ ის არის პირის განზრახ ქმედება, რომელსაც ძლიერი საფრთხე მოჰყვება.

მოწოდებების კრიმინალიზებას გაუგებარ ტერმინს უწოდებს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე და ფიქრობს, რომ ეს შეიძლება გამხდარიყო ადმინისტრაციულად დასასჯელი ქმედება, მაგრამ არა სისხლის სამართლის დანაშაული.

შედეგის გარეშე მხოლოდ მოწოდების კრიმინალიზება არასწორად მიაჩნია გაზეთ „რეზონანსის“ მთავარ რედაქტორს ლაშა ტუღუშსაც: „მხოლოდ აზრის გამოთქმის გულისთვის, თუ მას კონკრეტული შედეგი არ მოჰყვა, ადამიანების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, ჩემი აზრით, ძალიან სახიფათოა“.

აქვე გავიხსენოთ, რომ მთავრობის ამ ინიციატივას წინ უსწრებდა საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაც, რომლის თანახმად, ტერორიზმი გაუმართლებელია, რა მიზეზიც უნდა ედოს მას საფუძვლად, თუმცა ასევე გაუმართლებელია ნებისმიერი რელიგიის რაიმე ფორმით შეურაცხყოფა. საქართველოს პატრიარქის პრესსამსახურის ხელმძღვანელის დავით შარაშენიძის განცხადებით, „დაუშვებელი და დასაგმობია როგორც მუსლიმების, ასევე საერთოდ ნებისმიერი რელიგიის სიწმინდის რაიმე ფორმით შეურაცხყოფა“.

19 იანვარს პანკისის ხეობის სოფელ დუისში ადგილობრივმა მუსლიმმა მოსახლეობამ წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების საწინააღმდეგო აქციაც გამართა. როგორც „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ იტყობინება, აქციის ორგანიზატორები გმობენ ტერორიზმს და სიტყვის თავისუფლების მოტივით მორწმუნეების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას.

XS
SM
MD
LG