Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეაბილიტირებული მოდა


მათთვის, ვისთვისაც გარეგნობა თვითგამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა, საკუთარი სტილის შექმნა საკმაოდ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი პროცესია. ერთი მხრივ, ყურადღებას უნდა აქცევდე მოდის ტენდენციებს, მეორე მხრივ, ცდილობდე არ იქცე მასის ნაწილად და იპოვო რაღაც ისეთი, რაც შენს პიროვნებასთან ჰარმონიაში იქნება.

მოდის მოყვარულებისთვის ბევრი ადგილი არსებობს, სადაც მათ საინტერესო ნივთები შეიძლება იპოვონ - იქნება ეს ძვირად ღირებული და ცნობილი ბრენდების მაღაზიები, დიზაინერების სახელოსნოები, ძველმანების ბაზრობები თუ ინტერნეტმაღაზიები და აუქციონები.

„REHAB - რეაბილიტირებული მოდაც“ სამოსის მოყვარულებისთვის შექმნილი ადგილია, რომელიც თავის თავში აერთიანებს ონლაინმაღაზიის, დიზაინერის სახელოსნოსა და ძველმანების ბაზრობის იდეას. REHAB სამ მეგობარს - ანანო ჩხეტიანს, მილენა რინკის და ენ დილბარიანს - აერთიანებს. ყველაფერი, რასაც აქ შეხვდებით, ძველი, 60- 70-იანი წლების, სამოსია.

იმის შესახებ, თუ საიდან დაიბადა მსგავსი მაღაზიის შექმნის იდეა და რა იყო ინსპირაცია, ანანო ჩხეტიანი გვეტყვის:

„ძალიან მოგვწონს ძველი ნივთები. გარდა იმისა, რომ 70-იანი წლების სამოსი მოდური და ტენდენციურია, მე კიდევ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ვფიქრობ, რომ ყველა ძველ ნივთს და ტანსაცმელს თავისი ისტორია აქვს. ვეძებდით ძველ ნივთებს და ტანსაცმელს როგორც თბილისში, ისე საზღვარგარეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, მაღაზიას ვერ ვხსნიდით. მაღაზიის გახსნას დიდი კაპიტალი სჭირდება. ზაფხულში ჩვენი მეგობარი ჩამოვიდა უკრაინიდან, რომელმაც გვიამბო ონლაინ მაღაზიების შესახებ, თუ როგორ წარმატებულად მუშაობს ონლაინ გაყიდვები. აქ დაიბადა იდეა, გაგვეკეთებინა მსგავსი მაღაზია, რომელიც, ერთი მხრივ, გააადვილებდა ჩვენს საქმეს და, მეორე მხრივ, არ დასჭრდებოდა დიდი კაპიტალი“.

სამოსი, სანამ ფეისბუკზე დაიდება, დიდ გზას გადის. დამფუძნებლები ძველ და, ამავე დროს, კარგი ხარისხის ტანსაცმელს ეძებენ ყველგან - საქართველოში, საზღვარგარეთ, მაღაზიებსა თუ ისეთ ადამიანებთან, ვისაც შეიძლება ჰქონდეს ძველი სამოსი:

„პოლიტიკა გვაქვს ესეთი, რომ მაღალი ფასის ნივთები და ტანსაცმელი ნაკლებად გავყიდოთ. მე თვითონ ვცდილობ ტანსაცმელში ბევრი ფული არ გადავიხადო. ამიტომ თავიდანვე ვიცოდით, რომ ყველაფერი უნდა ყოფილიყო დაბალფასიანი. იქიდან გამომდინარე, რომ ახლა მოდაშია 70-იანი წლების სამოსი და ბრენდებიც სწორედ ამ ხაზით მუშაობენ, ერთ კონკრეტულ სეგმენტზე გათვლილი არ გვაქვს. Rehab არის მათთვის, ვინც ასე თუ ისე მისდევს მოდას და სურს განსხვავებულად გამოიყურებოდეს. ფასს რაც შეეხება, იწყება 25 ლარიდან და ყველაზე ძვირიანი, ამ ეტაპზე რაც გვაქვს, არის ტყავის ქურთუკი, რომელიც 150 ლარი ღირს“.

მსგავსი ტიპის ონლაინ მაღაზიებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვიზუალურ მხარესაც. REHAB ამ მხრივაც გამორჩეულია. დიდი ყურადღება ექცევა მოდელის არჩევას და ფოტოგადაღებას, ფოტოგრაფ ენ დილბარიანის მიერ გადაღებული ფოტოები კი ზუსტად გადმოსცემენ იმ პერიოდის განწყობას, რომელ წლებშიც REHAB-ის სამოსი შეიქმნა.

სამომავლოდ REHAB-ის შემქმნელებს საერთაშორისო ბაზარზე გასვლა უფრო სურთ, ვიდრე მაღაზიის გახსნა. მათი აზრით, ეს პროდუქტის გაყიდვებს საგრძნობლად გაზრდის, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც მსგავსი ტიპის სამოსს ცნობილი ბრენდები გაცილებით მაღალ ფასში ყიდიან. გარდა ამისა, მომხმარებელი REHAB-ის ახალ ხაზსაც უნდა ელოდოს:

„REHAB-ის ცალკე ხაზი იქნება, რომელსაც უკვე ჩვენ შევკერავთ. შეიძლება ეს არ იყოს ვინტაჟური ტანსაცმელი, მაგრამ კონცეფციას შევინარჩუნებთ. უბრალოდ, ახლა მკერავის ძიებაში ვართ და გვინდა ამაშიც ისევე გაგვიმართლოს, როგორც ფოტოგრაფში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მკერავი, გარდა ტანსაცმლის კერვისა, თვითონ პროექტითაც იყოს დაინტერესებული.

ყველას ვეუბნები, ჩემს მეგობრებსაც, ვისაც ბევრი ფულის გადახდა უყვარს ტანსაცმელში, რომ არ არის აუცილებელი დიდი თანხის დახარჯვა იმისთვის, რომ გემოვნებიანად და ლამაზად გამოიყურებოდე“.

  • 16x9 Image

    დათო ქორიძე

    რეპორტიორი, ფოტოგრაფი. მუშაობს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სხვა სოციალურ საკითხებზე. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2015 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG