Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოძრავი მეჩეთები


მოძრავი მეჩეთი
მოძრავი მეჩეთი

ავტორი: ანა ლომთაძე

„ხარ მოსკოველი მუსლიმი? შეგიმჩნევია, რომ როდესაც ლოცვის დროა, ირგლივ მინარეთი არსად ჩანს? გახსოვს, როცა ერთხელ რაღაც ბიზნესცენტრის ჭუჭყიან სარდაფში მოგიწია ლოცვა? რა მოსახერხებელი იქნებოდა მეჩეთის გამოძახება, რომ შეგეძლოს, არა? ეს შეიძლება მალე რეალობად იქცეს!“

ასეთ შესავალს ვკითხულობთ დაფინანსების ვებგვერდ „ბუმსტარტერზე“, სადაც გამოჩნდა ახალი ინიციატივა მოძრავ მეჩეთებთან დაკავშირებით. მისი ავტორი, ალსუ ხაფისი ინტერნეტსივრცეში ფულს აგროვებს, რათა ტრაილერები მეჩეთებად აქციოს. ტრაილერებში ყველაფერია რელიგიური რიტუალის სრულფასოვნად შესრულებისთვის: როგორც სალოცავი, ისე დასაბანი ადგილი. ტრადიციულად, აუცილებელია ლოცვამდე განწმენდა.

აი, რას წერს ხაფისი თავისი პროექტის შესახებ:

„დღეს მოსკოვში ორი მილიონი მუსლიმი იძულებულია, იმყოფინოს მხოლოდ ოთხი მოქმედი მეჩეთი. თანამედროვე ქალაქის რიტმი და მეჩეთთა მცირე რაოდენობა არ აძლევს მორწმუნე მუსლიმებს იმის საშუალებას, რომ ყოველთვის დროულად შეასრულონ ნამაზი (ლოცვა).“

ხაფისი 850 ათასი რუბლის შეგროვებას აპირებს და სურს, მოსკოვში მეჩეთების სიმწირის პრობლემა რვა ტრაილერ-მეჩეთით გადაჭრას. აქედან ექვსი რეგულარულად ივლის მოსკოვის ქუჩებში. ორი კი განკუთვნილი იქნება ინდივიდუალური კლიენტებისთვის, რომლებსაც მეჩეთის გამოძახება საგანგებო ვებგვერდზე შეეძლებათ. შეგროვილი ფული დაიხარჯება ტრაილერებისა და მისაბმელი ავტომანქანების ყიდვაში, მძღოლების დაქირავებასა და ავტომანქანების სრულ გარემონტებაში. ხაფისი ირწმუნება, რომ მოძრავი მეჩეთის მომსახურება თვითკმარი იქნება - საწვავისა და სხვა ხარჯების დასაფარად ტრაილერში საკვებს გაყიდიან.

ორგანიზატორს ტრაილერების დიზაინიც კი განსაზღვრული აქვს - გარედან ისინი თეთრი ფერის იქნება, აღმოსავლური ტიპის მწვანე მოხატულობით.

ვებსაიტზე ინტერნეტის მომხმარებლებს მოუწოდებენ, პროექტისთვის 100-დან 15 ათასამდე რუბლი გაიღონ. რაც უფრო მეტ ფულს გაიღებენ, მით მეტი პრივილეგიით შეძლებენ სარგებლობას - მაგალითად, უფლება ექნებათ, ურიგოდ გამოიძახონ მეჩეთი. ამასთან, უფასოდ მიიღებენ საკვებსაც.

შემოწირულობების მიღების დამთავრებამდე 55 დღე რჩება. უკვე 22100 რუბლი შეგროვდა.

მოსკოვში მცხოვრები მუსლიმები არაერთხელ გამოვიდნენ ახალი მეჩეთის აშენების წინადადებით. ოთხი მეჩეთი უზარმაზარ ქალაქში, რომელიც ცნობილია უწყვეტი საცობებით, მართლაც ცოტაა. მაგრამ მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი, სასტიკად ეწინააღმდეგება მოსკოვში ახალი მეჩეთების გახსნას იმ მიზეზით, რომ იქ ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ანუ იმიგრანტები დადიან.

მოძრავ მეჩეთებს „ნამდვილად ძალიან საინტერესოს“ უწოდებს ილდარ ალიატდინოვი, მოსკოვის მთავარი მუფტი, უმაღლესი რელიგიური ლიდერი. მაგრამ მისი თქმით, ისინი ვერასდროს ჩაანაცვლებს ნამდვილი მეჩეთის ატმოსფეროს.

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG