Accessibility links

logo-print

მოძრავი სამედიცინო კაბინეტები ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს


მოძრავი სამედიცინო კაბინეტი მერეთში

მოძრავი სამედიცინო კაბინეტი მერეთში

ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს, სოფელ მერეთის საჯარო სკოლაში, დილიდან ხალხმრავლობა იყო. გორიდან სოფელში სხვადასხვა პროფილის ექიმები ჩავიდნენ და ადგილობრივი მცხოვრებლების სამედიცინო გამოკვლევები დაიწყეს. მერეთელების გარდა, ექიმებთან ზარდიანთკარის, კოშკას და გუგუტიანთკარის მცხოვრებლებიც მოდიოდნენ. სკოლის შენობაში სამედიცინო კაბინეტების მოწყობა იმიტომ გახდა საჭირო, რომ ადგილობრივ ამბულატორიას არც დენი აქვს და არც წყალი, რამდენიმე სოფელს კი ერთი ექიმი ემსახურება. სამედიცინო კაბინეტების წინ რიგში მდგომი ადგილობრივი მცხოვრებლები საკუთარ პრობლემებსა და გასაჭირზე საუბრობდნენ. ძირითადად ხანში შესულები ჭარბობდნენ, რომლებიც დიდი ხანია ექიმთან არ ყოფილან. ადგილობრივი მცხოვრები ელისო ტოლიაშვილი ამბობს, რომ საჭირო პროფილის ექიმები სოფელში არ არიან და ეს ადგილობრივ მცხოვრებლებს პრობლემებს უქმნის.

რიგში მდგომი მერეთელები, კოშკელები, ზარდიანთკარელები და გუგუტიანთკარელები იმაზე წუხდნენ, რომ მედიკამენტებზე რეცეპტების მისაღებად ქალაქში სულ უფრო ხშირად უწევთ ჩასვლა, რაც მათ ხარჯებს ზრდის.

მერეთში დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით გახდა შესაძლებელი, საქართველოს „წითელი ჯვრის“ პროექტის ფარგლებში, სპეციალური გადასატანი აპარატურისა და სატრანსპორტო საშუალებების შეძენა. ბრიტანეთის საელჩოს მრჩეველი კავკასიაში კონფლიქტებისა და პოსტკონფლიქტების საკითხებში კრისტოფერ ჯოისი აცხადებს, რომ ომით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას მისი სახელმწიფოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს.

„წითელი ჯვრის“ საზოგადოების გორის ოფისს 300 ათასი ლარის ღირებულების აპარატურა უკვე გადაეცა. სოფლების გარდა, სამედიცინო გამოკვლევებს ქალაქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და იძულებით გადაადგილებულ პირებსაც ჩაუტარებენ. საქართველოს „წითელი ჯვრის“ საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი თამარ სახლთხუციშვილი აცხადებს, რომ, პროექტის ფარგლებში, ათასობით ადამიანის სამედიცინო გამოკვლევაა დაგეგმილი.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით 100-ზე მეტი სოფლიდან მხოლოდ 22-შია ამბულატორია, მაგრამ დიდი ნაწილი აღჭურვილი არ არის და არასათანადო პირობების გამო შეუძლებელია ადგილებზე რაიმე ტიპის სამედიცინო მომსახურების გაწევა. გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ონიაშვილის განცხადებით, ამბულატორიების კეთილმოწყობა დაწყებულია და ახლო მომავალში დასრულდება. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის გამგეობა მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობას ტრანსპორტით დაეხმარება, რომ სამედიცინო პუნქტებამდე მისვლვა შეძლონ და „წითელი ჯვრის“ აქციით ისარგებლონ.

დროგამოშვებით მსგავსი აქციები სხვა სოფლებშიც მოეწყობა, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა ადგილებზე ითხოვს ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას.

XS
SM
MD
LG