Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მოგონებების ბაზრობა“


მშრალი ხიდის ბაზრობა 90-იან წლებში დაიწყო და დღემდე გრძელდება. ბაზრობა დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ისე უცხოელ სტუმრებს შორის. ეგრეთ წოდებულ „მადონას სერვიზს“, ძველი საბჭოთა სიმბოლიკიან სამკაულებს, სტალინისა და ლენინის პორტრეტებს ლაიტმოტივად ბითლზის ან ზეპელინების რევოლუციური მუსიკა გასდევს....

ხათუნა ბიოლოგია. მშრალ ხიდზე 16 წელია ვაჭრობს. ძველმანების ბაზრობა მისთვის საარსებო წყაროა ....

„იძულებითი მდგომარეობა მაქვს, რომ მოვიდე აქ და ვიშოვო პურის ფული. არის თუ არა მნიშვნელოვანი ეს ბაზრობა? ამ კუთხით თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, არის. უამრავი გაჭირვებული მოდის და აბარებს სახლიდან გამოტანილ ნივთებს, რომლებიც არაფერი ღირს. ხან გვიტოვებენ და, თუ გაიყიდება, შემდეგ ვაძლევთ ფულს“.

მშრალი ხიდის მოვაჭრეები არ იბეგრებიან. ხათუნას სურვილია, რომ სახელმწიფომ გადასახადი დააწესოს, რომელიც ურთიერთობის თანაბარ პირობებს განსაზღვრავს:

„ჩვენ სადაც ვდაგავრთ, ეს არის უფასო. დაინტერესებული ვარ იმით, რომ მოვიდეს ხელმძღვანელობა და დააწესოს გადასახადი. წინ მეზობელს უჭირავს ერთი ჰექტარი ადგილი, მე არ მიჭირავს. ის გუშინ მოვიდა და „ურას“ იძახის. ასე ხომ არ იქნება?!“

თითქმის იმავე ადგილას, დედაენის ბაღში, 2 წლის წინ პირვლად გაიმართა თბილისი Flea market-ი. მართალია, ვაჭრობა და ქუჩაში გასაყიდად გამოტანილი ნივთები სიახლე არ იყო, მაგრამ Flea market-ი თავისი სახით მაინც განსხვავებულია. Flea market-ზე ბევრი ახალგაზრდა დადის, ამის მიზეზი კი უფრო მეტად განტვირთვაა, ვიდრე ვაჭრობა....

ნატა აბაშიძე-რომანოვსკაიას Flea market -ზე ხშირად შეხვდებით. გარდა იმისა, რომ უამრავ ნაცნობს ხვდება, სახლიდან გამოტანილ ნივთებსაც ყიდის:

„ძალიან პოპულარულია ვეროპაში. ერთ-ერთი კულტურული ღონისძიებაა. ის, რაც დედაენის ბაღში კეთდება, არაა ტურისტებისთვის, უფრო მეტად ადგილობრივ მოსახლეობაზეა გათვლილი. ახალგაზრდებზე, რომელთაც სწყურიათ შეკრების ადგილები, მსგავსი ღონისძიებები, სკვერები, სადაც იცი, რომ მიხვალ და ნახავ უამრავ ნაცნობს, მეგობარს. ერთ ადგილას ყველა ბედნიერია, კარგ ხასითზეა, ყველა რაღაცით ერთობა. შეიძლება სულ არ გაყიდო ნივთი, მაგრამ მიზანი ეგ არ არის. მიზანი ურთიერთობაა“.

Flea market-ისგან განსხვავებით, მშრალი ხიდი მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო შეიქმნა. მოსახლეობამ 90-იან წლებში სახლიდან ძვირფასი ნივთები გამოიტანა გასაყიდად. ოჯახების უმეტესობა მათთვის მნიშვნელოვანი, მოგონებებით სავსე ნივთებისგან დაიცალა და ისინი აღმოჩნდნენ მშრალ ხიდზე გადამყიდველების ხელში...

მოვაჭრეებისთვის მშრალ ხიდზე ძველი ნივთების გაყიდვა შემოსავლის წყაროა, ახალგაზრდები კი Flea market -ზე საკუთარი იდეების განხორციელებისა და გართობის საშუალებას ეძებენ. სიძველე და სიახლე ერთმანეთს ხვდება და თბილისისთვის ასე საჭირო, ხალისითა და ახალი იდეებით დატვირთული, საინტერესო სივრცე იქმნება.

  • 16x9 Image

    დათო ქორიძე

    რეპორტიორი, ფოტოგრაფი. მუშაობს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სხვა სოციალურ საკითხებზე. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2015 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG