Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოგზაურობის გრძელი ამბები


ქრისტინე 28 წლის არის, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების მაგისტრია და, აკადემიური კვლევების ნაცვლად, სამყაროს შეცნობისთვის აქტიური მოქმედება აირჩია. ბევრს მოგზაურობს. ძირითადად მარტო დადის, ყველანაირი თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებისა და კონკრეტული მარშრუტების გარეშე.

სტუდენტობის პირველ წლებშივე მიხვდა, რომ გზა მისთვის საუკეთესო თავგადასავალი იყო და ჯერ საკუთარ ქვეყანაში იქცა მოგზაურად, კარვით და ავტოსტოპით საქართველო მოიარა და მერე მეზობელ ქვეყნებში გადაინაცვლა.

“აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი - ასე “ბეჭდებს” ვაგროვებდი. მერე გავიგე, რომ ირანში გვაქვს უვიზო მიმოსვლა და ერთ-ერთი ქვეყანა იყო, სადაც ძალიან მინდოდა წასვლა და წავედი. ასე გავიგე მოგზაურობის გემო. მერე გადავწყვიტე, რომ ინდოეთში წავსულიყავი. ესეც ისეთი ქვეყანაა, რომელიც მაინტერესებდა.

ინდოეთში წავედი, ინდოეთიდან - ნეპალში, ნეპალიდან - ჩინეთში, ჩინეთიდან - ყაზახეთში და იქიდან დავბრუნდი. ბოლო მოგზაურობა იყო სადღაც ერთწლიანი. ვიყავი ასევე ისრაელში, უკრაინაში, ბელორუსში. საქართველოს ჩათვლით, 12 ქვეყანა მაქვს ნანახი“.

მარტო მოგზაურობას ბევრი სიკეთე აქვს. შეგიძლია მარშრუტი სპონტანურად ცვალო, ისეთი ადგილები ნახო, რაც ტურისტების ყურადღების ცენტრში იშვიათად ხვდება, ბევრი დრო გაატარო ადგილობრივებთან და, შესაბამისად, უკეთ გაიგო ამა თუ იმ ხალხის კულტურა.

“ტურისტულ სააგენტოებს ორი მიზეზის გამო არ ვიყენებ: ერთი ის, რომ ძალიან ძვირია, მეორე - მათ სტანდარტული პაკეტები აქვთ, “პაპსა” ადგილების მონახულებას გთავაზობენ. სხვას ვერც შემოგთავაზებენ, თვითონაც არ იციან. აი, მაგალითად, ისრაელში ვიყავი 31 დღე და იქ მოსახლეობა თვითონ გთავაზობს ისეთ ადგილებს, რასაც ტურისტული სააგენტო, უბრალოდ, ვერ შემოგთავაზებს, იმიტომ რომ თვითონ არ იციან. ასე ვნახე ისრაელის მთიანეთი, ირანის უდაბნოშიც ვარ ნამყოფი”.

შიში არ მაქვს და ეს შეიძლება კარგიც იყოს და ცუდიც. კარგი იმიტომ, რომ უფლებას მაძლევს ბევრი ვიმოგზაურო. ახლა, მაგალითად, ვგეგმავ აფრიკას ან შორეულ აზიას. ერთადერთი, რაც ხელს მიშლის, არის ვიზების ფული, რომელსაც ვაგროვებ და წავალ...

ისევე როგორც ყველაფერს, მარტო სპონტანურ მოგზაურობასაც, სიკეთესთან ერთად, საფრთხეებიც ახლავს თან. მაგალითად, ირანის უდაბნოში ქრისტინე პირველად მიხვდა, რომ შეიძლება დაიღუპოს, შეიძლება გზა ვერ გაიკვლიოს:

“მივდიოდი ერთ ქალაქში და უნდა გაგვეჭრა უდაბნო, გრძელი უდაბნო. ფილმებში რომ არის, ზუსტად ისეთი იყო და გავაჩერებინე მძღოლს მანქანა. რატომ გავაჩერებინე, ძნელი სათქმელია. ერთი ის, რომ მაინტერესებდა უდაბნო, მაგრამ რა მოხდებოდა, არ მიფიქრია. თავის დამტვრეული ინგლისურით მეუბნებოდა, რომ არ უნდა ჩამოვსულიყავი, მაგრამ მაინც დავრჩი. 2 დღე მომიწია იქ ყოფნამ. არც წყალი მქონდა, არც საკვები. რაღაცები მკბენდნენ. მერე ქარავანმა გამოიარა და იმათ წამოვყევი“.

მოგზაურის ბედი თითქმის მთლიანად იმ ხალხზეა დამოკიდებული, ვისაც გზაში შეხვდება - განსაკუთრებით, ქრისტინესნაირი მოგზაურისთვის, რომლისთვისაც შემხვედრი ადამიანები მეგზურებიც არიან, გზის მასწავლებლებიც, გიდებიც, მასპინძლებიც და მეგობრებიც. ასე ცხოვრება ადვილი არ არის. ქრისტინეს ეხმარება თავისი ხასიათის თვისება, ენდოს ადამიანებს და ბედს:

“შიში არ მაქვს და ეს შეიძლება კარგიც იყოს და ცუდიც. კარგი იმიტომ, რომ უფლებას მაძლევს ბევრი ვიმოგზაურო. ახლა, მაგალითად, ვგეგმავ აფრიკას ან შორეულ აზიას. ერთადერთი, რაც ხელს მიშლის, არის ვიზების ფული, რომელსაც ვაგროვებ და წავალ. რომ არ გეშინია, ცუდია იმიტომ, რომ სულ უცხო ხალხთან ერთად გიწევს ყოფნა, მათთან ერთად მგზავრობ, რჩები და შეიძლება ხიფათს გადაეყარო”.

რისკები არის, მაგრამ ასე მოგზაურობა ბევრი, ძალიან ბევრი თანხის დაზოგვის საშუალებაა. ქრისტინეს თავგადასავლებიც იაფი ჯდება, ათეულობით დოლარია მთელი მისი ბიუჯეტი, რაც ძირითადად ვიზების შეძენაზე იხარჯება:

“თითო ქვეყანაში მაქსიმუმ ვხარჯავ 100 $ -ს. ტრანსპორტში თანხას არ ვხარჯავ, სასტუმროში არ ვრჩები. ერთადერთი გამონაკლისი იყო ინდოეთი, სადაც სასტუმრო იმდენად იაფია, რომ არ ღირდა ამაზე ეკონომია. ოჯახებში ვათენებდი და ვაღამებდი, რაც, გარდა იმისა, რომ ფულის დაზოგვის საშუალებაა, ამა თუ იმ კულტურის ახლოდან, უფრო კარგად გაგების საშუალებაცაა“.

მსოფლიოში ასე ბევრი ადამიანი მოგზაურობს. მათი უმეტესობისთვის მოგზაურობა შთაგონების საშუალებაა: მიღებულ შთაბეჭდილებებს წიგნად, ფილმად, ფოტოებად ან ბლოგად მაინც აქცევენ ხოლმე. მოგზაურების შესახებ ბლოგები მთელ მსოფლიოში ინტერნეტმომხმარებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საკითხავია. ქრისტინესაც ამას ეკითხებიან შემხვედრები სხვადასხვა ქვეყანაში: რატომ დადის, სად წერს თავის შთაბეჭდილებებს. ქრისტინეს ბლოგი არ აქვს. ამბობს, რომ წერას ბევრი რესურსი და მონდომება სჭირდება, მას კი გზისგან მიღებული სიამოვნება და შთაბჭდილებები იმდენად ავსებს, რომ სათქმელის ფორმირების ენერგია აღარ რჩება. ყველაზე საინტერესო ამბებს ფირზე იღებს. ყველაზე ხანგრძლივი მოგზაურობიდან უკან დაბრუნების შემდეგ გამოფენაც ჰქონდა. ასე უამბო მან თავისი თავგადასავალი მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, რომლებიც მთელი წელი მისგან ამბავს ელოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG