Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოხალისეობა კანონით


მოხალისეობრივი საქმიანობა საქართველოში უახლოესი მომავლიდან საკანონმდებლო ჩარჩოში მოექცევა - პარლამენტის ჯანდაცვისა და იურიდიულმა კომიტეტებმა ამ დღეებში მხარი დაუჭირეს „მოხალისეობის შესახებ“ კანონპროექტს, რომლის მიზანიცაა საქართველოს ტერიტორიაზე მოხალისის, მასპინძელი ორგანიზაციის მესამე პირებთან ურთიერთობა მოაწესრიგოს. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში 2014 წლის მარტში იყო ინიცირებული, კანონად ქცევამდე საჭირო პროცესუალურ ნორმებს გადის, თუმცა ფაქტია ისიც, რომ ეს პროცესი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც მოხალისეობა, როგორც სოციალური მოვლენა, თბილისის 13-14 ივნისის სტიქიის თანამდევ პროცესად იქცა.

„მოხალისეობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა წარადგინა, მისი ავტორი კი არის არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“. როგორც მისმა ხელმძღვანელმა ვაჟა სალამაძემ გვითხრა, მოხალისეობა სტიქიური უბედურებების დროს სპეციფიკური თემაა და მას აღნიშნული კანონპროექტი არ ეხება. ამის მიუხედავად, კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენების დაწყებამ სტიქიიდან ცოტა ხანში დაინტერესებულ წრეებში გააჩინა რამდენიმე კრიტიკული შეკითხვა, მათ შორის, ხომ არ შეზღუდავს კანონი მოხალისეობას და ხომ არ ცდილობს ხელისუფლება ის ჩარჩოებში მოაქციოს:

“პასუხი არის ცალსახად „არა“. ამ კანონპროექტში არის მუხლი, რომელიც ამბობს, რომ არაორგანიზებული, ამ შემთხვევაში იგულისხმება არა ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული, ანუ ის, რაც მოხდა, ეს ამ კანონის მოქმედების სფეროდან გადის. შესაბამისად, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება გარკვეული ორგანიზება გაუკეთოს გარკვეულ მოხალისეობრივ საქმიანობას. ასე რომ, კანონპროქტი პირდაპირ ამბობს, რომ ეს ჩემი რეგულირების სფერო არ არის“.

აქვე ვაჟა სალამაძე განმარტავს, რომ უბრალო დამთხვევაა, კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენები სწორედ მაშინ რომ დაიწყო, როდესაც თბილისის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოებში მოხალისეები ჩაერთვნენ. მოხალისეთა ამ კატეგორიას კანონის რეგულაციები არ ეხება, მათ შორის კი, ვისაც ეხება, არიან მოხალისეები, რომლებიც დახმარებას უწევენ ისეთ იურიდიულ პირებს, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანის უფლებების დაცვას, დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის განვითარებას, განათლებას, მეცნიერებას, კულტურას, ხელოვნებას, სიღარიბის დაძლევას, ბიზნესის განვითარებას და სხვა. ამ ჩამონათვალში არ მოხვდნენ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები,რაც კანონის სისუსტედ მიიჩნიეს როგორც ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“, ისე ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მათ პასუხად კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა ანი მიროტაძემ აღნიშნა, რომ კანონპროექტი პოლიტიკურ ორგანიზაციებს მოხალისეების მიწვევას არ უკრძალავს:

“ძალიან შორსაა ზოგადად მოხალისეობრივი საქმიანობა პოლიტიკისგან. სწორედ ამის გამო არის ეს რეგულაცია, მე ვფიქრობ, დაზუსტებული, თორემ შეზღუდვა არაფერი არ არის“.

თუმცა, ანი მიროტაძის განმარტების მიუხედავად, არსებობს შეუსაბამობა, რადგან პოლიტიკური პარტიისთვის მოხალისეთა მასპინძლობის აკრძალვით „მოხალისეთა შესახებ კანონპროექტი წინააღმდეგობაში მოდის კანონთან „პოლიტიკური პარტიების შესახებ“. კოლიზიის არსებობას ადასტურებს კანონპროექტის ავტორიც, თუმცა ამბობს იმასაც, რომ ამ შემთხვევაში იმოქმედებს ის რეგულაცია, რომელსაც სპეციფიკური, ანუ პოლიტიკურ პარტიათა შესახებ კანონი განსაზღვრავს. კანონი კი ამბობს, რომ პოლიტიკურ პარტიებს მოხალისეთა შრომის გამოყენების უფლება აქვთ.

„მოხალისეთა შესახებ კანონპროექტის“ დებულებებში არსებული შენიშვნებისა და რეკომენდაციების პაკეტზე უკვე მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის, „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“, რომლის ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი ჩვენთან საუბარში ჩამოთვლის ნაწილს იმ საკითხებისა, რომლებიც კანონპროექტში ისე უნდა ჩამოყალიბდეს, რომ მოხალისეობა წაახალისოს:

“ვთქვათ, აი, ორგანიზაციამ თავის თავზე უნდა აიღოს გარკვეული ტიპის ხარჯების გაწევა მოხალისესთან დაკავშირებით. იქ ბოლომდე არ არის ნათელი კანონპროექტით, მაგალითად, ის ხარჯი, რაც გაწეული იქნება მოხალისეებთან დაკავშირებით, ჩვეულებრივი წესით იბეგრება თუ არა. განმარტებით ბარათში წერია, რომ ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, თუ ამ ტიპის დაბეგვრის სისტემა შემოვა, ანუ ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს მოხალისესთან გაწეული ხარჯი არის კომპენსაცია და ის არ იბეგრება. თუ ეს სისტემაში მოექცევა, შესაძლებელია ამანაც პრობლემა შეუქმნას იმ ორგანიზაციებს, რომლებიც იყვანენ ამ მოხალისეებს, ანუ ამ ნორმით ვერ ჩაითვლება, რომ ახალისებ მოხალისეობას“.

კანონპროექტის მიმართ არსებული შენიშვნების მიუხედავად, ზვიად დევდარიანი ამბობს, რომ საქართველო სასურველია მალე მოხვდეს იმ ქვეყნების რიგში,სადაც მოხალისეობას საკანონმდებლო სააფუძვლები აქვს. პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, მოხალისეობა ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში ფიზიკური პირის მიერ საკუთარი ცოდნითა და უნარით ნებაყოფლობით და უანგაროდ შესრულებული საზოგადოებრივად სასარგებლო შრომაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG