Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოხელეთა ატესტაცია შეფასების სისტემით იცვლება


იუსტიციის სახლი თბილისში
იუსტიციის სახლი თბილისში

2017 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედის საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ახალი ინსტიტუტის შემოღებას, რაც გულისხმობს საჯარო მოხელის შეფასების სისტემის დანერგვას. შეფასების მეთოდებსა და კრიტერიუმებს ამჯერად საჯარო სამსახურის ბიურო ამუშავებს, 2016 წლის ბოლომდე კი საქართველოს მთავრობამ შეფასების წესი დადგენილების სახით უნდა გამოსცეს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ რეკომენდაციებით მიმართავს საქართველოს მთავრობასა და საჯარო სამსახურის ბიუროს, რათა მაქსიმალურად ობიექტურად განისაზღვროს საჯარო მოხელეთა შეფასების კრიტერიუმები.

ლექსო მაისურაძე მეექვსე წელია სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მუშაობს. ის ერთ-ერთი სამმართველოს მთავარი სპეციალისტია. ფიქრობს, რომ საჯარო მოხელეთა შეფასების სისტემის შემოღება მეტ კონკურენციას გააჩენს, რაც სამომავლოდ კარგად აისახება შესრულებულ სამუშაოზე. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის ცდილობს თავისი მოვალეობა მაქსიმალურად სრულყოფილად შეასრულოს, მაინც დარწმუნებულია, რომ შეფასების სისტემის შემოღება საჯარო მოხელეების მოტივაციას აამაღლებს. ის კიდევ ერთ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას:

„გაჩნდება უფრო სამართლიანი გარემოს შეგრძნება იმ თვალსაზრისით, რომ ერთნაირ მდგომარეობაში ვიქნებით ერთი და იმავე პოზიციის ადამიანები და გვეცოდინება, რომ ჩვენს შრომას ჩვენი უშუალო ხელმძღვანელი შეაფასებს და სამართლიანობის განცდა გვექნება და რა დასამალია, რომ ამ კუთხით გარკვეული პრობლემები არის. ადამიანს, რომელიც არ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა, მას გაუჩნდება განცდა, რომ თუ არ შეასრულებს თავის საქმეს პირნათლად, შესაძლოა მას შეექმნას პრობლემები სამსახურის დაკარგვასთან დაკავშირებით“.

2017 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედის საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ახალი ინსტიტუტის შემოღებას, რაც გულისხმობს საჯარო მოხელის შეფასების სისტემის დანერგვას. ახლა საქართველოს მთავრობას ათთვიანი ვადა აქვს იმისათვის, რომ მიიღოს სპეციალური დადგენილება საჯარო მოხელის შეფასების წესის თაობაზე. სწორედ ამიტომ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გადაწყვიტა შეესწავლა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არსებული საჯარო მოხელეთა შეფასების სისტემები და რეკომენდაციებით მიემართა საქართველოს მთავრობისა და საჯარო სამსახურის ბიუროსათვის, რათა მაქსიმალურად სამართლიანად და ობიექტურად მოხდეს საჯარო მოხელეთა შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა და პრაქტიკაში გატარება. საბოლოო ანგარიშით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობათა ანალიზის საფუძველზე, საიამ მოამზადა 29 დეტალური რეკომენდაცია, თუმცა ორგანიზაციის იურისტი ნინო ცუხიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მხოლოდ რამდენიმე მათგანზე ამახვილებს ყურადღებას. მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესია საჯარო მოხელის შეფასების პერიოდულობა. კანონის მიხედვით, რომელიც 2017 წლიდან უნდა ამოქმედდეს, პროფესიული საჯარო მოხელის შეფასება უნდა განხორციელდეს წელიწადში ერთხელ, 12-თვიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოხელის შეფასება კი - სამ თვეში ერთხელ, რაც, ნინო ცუხიშვილის თქმით, საკმაოდ ბევრია. სწორედ ამიტომ ის ფიქრობს, რომ გამოსაცდელი ვადით აყვანილი მოხელის შეფასება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ერთხელ, გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ. არსებული კანონის მიხედვით, საჯარო მოხელის შეფასების ორი მეთოდი არსებობს: პირველი, როდესაც მოხელეს აფასებს მისი უშუალო ხელმძღვანელი და, მეორე, როდესაც მოხელესთან ინტერვიუს ატარებს ისევ და ისევ მისი უშუალო ხელმძღვანელი. ნინო ცუხიშვილი ამ მიმართულებით კიდევ ერთ რეკომენდაციაზე საუბრობს:

„გამოკვლევის შედეგად, ასევე შევთავაზეთ მთავრობას, რომ გაითვალისწინოს სხვა შეფასების მეთოდებიც - მაგალითად, თვითშეფასების მეთოდი, როდესაც საჯარო მოხელე თავად აანალიზებს მის მიერ შესრულებულ სამუშაოს და თვითშეფასების ფორმას ავსებს და ასევე მაღალ თანამდებობაზე მყოფი პირები შეფასდებიან არა მხოლოდ მისი ხელმძღვანელების, არამედ მის დაქვემდებარებაში მყოფი პირების მიერ შევსებული კონკრეტული კითხვარების საფუძველზე“.

კანონის მიხედვით, ატესტაცია ყველა საჯარო დაწესებულებამ უნდა ჩაატაროს სამ წელიწადში ერთხელ. თუმცა ზოგიერთი დაწესებულება ითვალისწინებდა ამ წესს და ატარებდა ატესტაციას, მაგრამ ზოგიერთ დაწესებულებაში ატესტაცია არასდროს ჩატარებულა...
მაია დვალიშვილი

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ რეკომენდაციაზე: საჯარო მოხელის შეფასების შედეგები აისახოს მისი დაწინაურების, წახალისებისა და პროფესიული განვითარების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი კანონმდებლობის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუკი საჯარო მოხელე ორჯერ მიიღებს უარყოფით შეფასებას, მას სამსახურის დატოვება მოუწევს.

შეფასების მეთოდები და კრიტერიუმები ამ ეტაპზე დამუშავების პროცესშია. მათზე საჯარო სამსახურის ბიურო მუშაობს. მაია დვალიშვილი, ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ პროექტის პირველადი ვერსია უკვე მომზადებულია და ის თვის ბოლოს გამოვა საჯარო განხილვაზე. მისი თქმით, პროექტზე მუშაობის პროცესში მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციები. რაც შეეხება საჯარო მოხელეთა შეფასების სისტემის შემოღებას, მაია დვალიშვილის თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც დღეს არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებულმა საჯარო მოხელეთა ატესტაციის პროგრამამ აჩვენა, რომ ეს სისტემა არაეფექტური იყო:

„კანონის მიხედვით, ატესტაცია ყველა საჯარო დაწესებულებამ უნდა ჩაატაროს სამ წელიწადში ერთხელ. თუმცა ზოგიერთი დაწესებულება ითვალისწინებდა ამ წესს და ატარებდა ატესტაციას, მაგრამ ზოგიერთ დაწესებულებაში ატესტაცია არასდროს ჩატარებულა... შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა აუცილებლობა, რომ ასეთი არაეფექტური მექანიზმი ჩანაცვლებულიყო“.

მაია დვალიშვილი იმასაც ამბობს, რომ საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონი ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას იზრუნოს საჯარო მოხელის გადამზადებაზე პროფესიული განვითარების პროგრამების შეთავაზებით. მისივე თქმით, სახელმწიფო ასევე იღებს ვალდებულებას, რომ პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობისათვის მოხელეს მისცეს სასწავლო შვებულება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG