Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველები მოხუცებზე ძალადობის შემთხვევებზე საუბრობენ


ოჯახში ძალადობის სხვადასხვა შემთხვევებს შორის არის მოხუცებზე ძალადობის არცთუ ისე იშვიათი ფაქტებიც. უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ასაკოვანი ადამიანები მათ ხშირად აკითხავენ და მათი უფლებების დარღვევაზე მიუთითებენ.

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წარმომადგენელი ნატო შავლაყაძე ამბობს, რომ ძალადობის მსხვერპლი მოხუცების უმეტესობა უფლებადამცველებამდე ვერ მიდის, თუნდაც ფიზიკური უძლურების გამო.

„ჩვენს ხელთ არსებულ შემთხვევებს რაც შეეხება, მოძალადეები ძირითადად არიან შვილები და შვილიშვილები. ისინი ხაზს უსვამენ, რომ ეს ადამიანები უფუნქციოდ დარჩნენ და რომ არაფრის მაქნისები არიან“.
ჩვენს ორგანიზაციას მომართა 75 წლის ქალბატონმა. ქალიშვილმა და შვილიშვილმა შესთავაზეს მას გაეყიდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, სანაცვლოდ დაჰპირდნენ, რომ უყიდიდნენ მისთვის სასურველ ადგილას სხვა უძრავ ქონებას. მოხდა ამ უძრავი ქონების გასხვისება, მაგრამ ქალიშვილმა და შვილიშვილმა ბოროტად ისარგებლეს ნდობით და სხვა ბინა მისთვის არ შეუძენიათ...
ქრისტინა კუბლაშვილი

გარდა ამისა, ნატო შავლაყაძის თქმით, არის შემთხვევები, როდესაც მშობლებს უარს ეუბნებიან მკურნალობაზე. მისი თქმით, მოხუცებზე ხორციელდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური ძალადობაც. იყო შემთხვევები, როდესაც ორგანიზაცია იძულებული გახდა, პოლიციისთვის მიემართა.

შავლაყაძე ასევე აღნიშნავს, რომ ძალიან ძნელია ძალადობის მსხვერპლი მოხუცების თავშესაფარში მოთავსება, რადგან იქ ადგილები არ არის.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ქრისტინა კუბლაშვილი ამბობს, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც მოხუცები საკუთარ სახლებს შვილებს უთმობენ, თავად კი ღია ცის ქვეშ რჩებიან:

„ჩვენს ორგანიზაციას მომართა 75 წლის ქალბატონმა. ქალიშვილმა და შვილიშვილმა შესთავაზეს მას გაეყიდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, სანაცვლოდ დაჰპირდნენ, რომ უყიდიდნენ მისთვის სასურველ ადგილას სხვა უძრავ ქონებას და შვილიშვილი ბებიასთან იცხოვრებდა. მართლაც, მოხდა ამ უძრავი ქონების გასხვისება, მაგრამ ქალიშვილმა და შვილიშვილმა ბოროტად ისარგებლეს ნდობით და სხვა ბინა მისთვის არ შეუძენიათ“.

2012 წელს მოხუცებზე ძალადობის ფაქტები სახალხო დამცველის ანგარიშშიც მოხვდა. გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ მოხუცები ხშირად ხვდებოდნენ ქუჩაში, ასევე არაეფექტური იყო სამართალდამცავების ჩარევაც, რადგან ისინი, ფაქტობრივად, უფრო მოძალადეების მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ, ვიდრე მსხვერპლის. მისი თქმით, სამართალდამცავები არც არკვევდნენ, ირღვეოდა თუ არა მოხუცის უფლებები.

სახალხო დამცველის აპარატმა რეკომენდაციები გადაუგზავნა სამთავრობო უწყებებს, მათ შორის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. არგანაშვილი ამბობს, რომ სწორედ ამ უწყების თანამშრომლები არიან ვალდებულნი, შეისწავლონ საკითხი და შეიმუშაონ პოლიტიკა პრობლემის გადასაწყვეტად. რეკომენდაციები მიეცა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც.
ანა არგანაშვილი
ანა არგანაშვილი

რაც შეეხება სტატისტიკას, ანა არგანაშვილის თქმით, მას ზუსტი ციფრები არა აქვს, მაგრამ მომართვიანობა ძალიან მაღალია.

მეურვეობის, მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი ეკა სანებლიძე ამბობს, რომ მოხუცების თავშესაფარი საქართველოში სულ ორია და ადგილები მართლაც არ არის საკმარისი. რაც შეეხება დამატებით თავშესაფრებს, სანებლიძის თქმით, სახელმწიფო უფრო ორიენტირებულია სერვისის შესყიდვაზე, ვიდრე მის შექმნაზე, შესაბამისად, თუ არასამთავრობო სექტორი თავად მოაწყობს თავშესაფრებს, ხელისუფლებას შეუძლია ისინი ფინანსურად უზრუნველყოს:

„უპირატეს უფლებას ვანიჭებთ, როცა მომსახურების შესყიდვა სახელმწიფოს მიერ ხდება, ანუ როცა სახელმწიფო არ გვევლინება მომსახურების მიმწოდებლად, არამედ ამ მომსახურებას ვყიდულობთ. ამ შემთხვევაში ხარისხს უკეთესად ვაკონტროლებთ. აქედან გამომდინარე, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს ექნებათ სურვილი დაარეგისტრირონ პანსიონატები აღნიშნული მომსახურების მომწოდებლად, რა თქმა უნდა, სახელმწიფო დაფინანსებას თავის თავზე აიღებს“.

ეკა სანებლიძის თქმით, არსებობს გარკვეული თანხა და თუ მოთხოვნა იქნება, შესაბამისად, იმსჯელებენ კიდეც, გაიცეს თუ არა ეს ფული პანსიონატებისთვის.
  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG