Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დასრულებულია


ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დასრულებულია. ქართული პროდუქციისა და მომსახურების 95 %-ზე მეტი ჩინეთის ბაზარზე დამატებითი გადასახადების გარეშე შევა.

ეკონომიკური მიმოხილვა
please wait

No media source currently available

0:00 0:07:36 0:00
გადმოწერა

ძირითადი პროდუქტებია ღვინო, მინერალური წყლები, აგროპროდუქტები. ამ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მოლაპარაკებებმა 7 თვეს გასტანა და 3 რაუნდად შედგა. საქართველოს ხელისუფლებაში ამაყობენ, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ერთ-ერთი ყველაზე ხანმოკლე იყო. ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, ამ მოლაპარაკებების დროს გათვალისწინებული იყო თუ არა ყველა ეკონომიკური საფრთხე, რომელიც შეიძლება მსგავს რეჟიმს თან ახლდეს და რაც სხვა ქვეყნებისა და ჩინეთის მოლაპარაკებებს, როგორც წესი, აჭიანურებს ხოლმე.

დღეს ხელისუფლებაც და ოფიციალური სტატისტიკაც ძირითადად ამ ხელშეკრულების დადებით მხარეებსა და ექსპორტის მოსალოდნელ ზრდაზე ლაპარაკობს. დღეს, ჯერ კიდევ ხელშეკრულების გაფორმებამდე, 2016 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, ჩინეთთან ვაჭრობა საქართველოსთან სავაჭრო ბრუნვის 6,3%-ს მოიცავს, ექსპორტში კი 9,7 %-ს აღწევს. ამ პერიოდში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან კანადა (1304 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (891 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (460 მლნ. აშშ დოლარი), თუმცა მეოთხე ადგილზე უკვე ჩინეთია, 413,1 მილიონი აშშ დოლარის ბრუნვის მონაცემით. ამასთან, ექსპორტის მაჩვენებლით (109,2 მილიონი აშშ დოლარი) ჩინეთი უკვე უსწრებს რუსეთს (101,6 მილიონი აშშ დოლარის ექსპორტი).

საინტერესოა ისიც, რომ ჩინეთში გასულ ექსპორტში მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია ღვინოს, კერძოდ: ღვინის სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 23 მილიონ 932 067 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 42 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 55,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16 %-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე. ამ პერიოდისთვის ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე სხვა ტრადიციული და ახალი ბაზრების მიმართულებით. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზრდა ჩინეთის ბაზარზეა, - 152% (2 მილიონ 475 ათასი), - რითაც ჩინეთის ბაზარი ტრადიციულ უკრაინის ბაზარს თითქმის დაეწია.

ოპტიმისტური პროგნოზი იყო გაკეთებული წინასწარ ექსპერტულ დასკვნებში - შეგახსენებთ, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების წინ საქართველოს მთავრობის დაკვეთით კვლევითმა ორგანიზაციამ PMCG-მ ჩაატარა კვლევა და დაასკვნა, რომ, საქართველოსა და ჩინეთს შორის შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, მოკლე ხანში საქართველოს საქონლის ექსპორტი ჩინეთში გაიზრდება, დაახლოებით, 9 პროცენტით, მათ შორის მნიშვნელოვნად გაიზრდება ღვინისა (28.5 %) და უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი (36.7 %)). ამასთან, ჩინეთიდან საქონლის იმპორტი გაიზრდება 1.7 პროცენტით. ჩინეთიდან გაზრდილი იმპორტის 48 პროცენტი ე. წ. „ჩანაცვლების ეფექტზე, ხოლო 52 პროცენტი „მოთხოვნის ეფექტზე“ იქნება. მოსალოდნელია, რომ ჩინეთიდან გაზრდილი იმპორტი ძირითადად ჩაანაცვლებს იმპორტს თურქეთიდან. აღსანიშნავია, რომ, იმპორტის გადასახადის გაუქმების შემთხვევაში, საბიუჯეტო შემოსავლები შემცირდება მაქსიმუმ 12 პროცენტით, რაც, თანხობრივად, 8 მილიონ აშშ დოლარზე მეტი იქნება. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, მოსალოდნელია, ასევე, ჩინეთიდან საქართველოში შემოსულ ინვესტიციათა ნაკადების მკვეთრი ზრდა - განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, როგორიცაა ფინანსური, ჰიდროენერგია, კომუნიკაცია და ინტერნეტი, სამედიცინო ინდუსტრია, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ბუნებრივი რესურსები და ღვინის სექტორი.

ინვესტიციებთან დაკავშირებით ჯერჯერობით იმის თქმა შეიძლება, რომ „ჰუალინგ ჯგუფის“ მცდელობა საბანკო ბაზარზე მსხვილი გარიგებით შემოსულიყო და „სოსიეტე ჟენერალის“ წილი ეყიდა „ბანკ რესპუბლიკაში“, ამ ეტაპზე უშედეგოდ დასრულდა. რამდენად გამართლდება ოპტიმისტური პროგნოზები და დააბალანსებს თუ არა საფრთხეებს, რომელზეც დღეს ჯერ ბევრს არ ლაპრაკობენ, ხელშეკრულების ამოქმედების შემდგომი პერიოდი გვიჩვენებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG