Accessibility links

logo-print

მოლდავეთის დაკარგული მილიონები: კიშინიოვში საბანკო სკანდალია


Banca de economii-ის შენობა

Banca de economii-ის შენობა

ავტორი: მარკ ბეიკერი

შარშანდელი წლის მიწურულს რამდენიმე დღეში გაქრა მოლდავეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთი მეხუთედის ოდენობის თანხა. საქმე გვაქვს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საბანკო სკანდალთან, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც ეკონომიკას, ისე პროდასავლურ პოზიციებს.

ამ ეტაპზე ბოლომდე ნათელი კვლავაც არ არის კონკრეტულად რა მოხდა იმ რამდენიმე საბანკო გადარიცხვის დროს, რომლებიც მოლდავეთში გასული წლის ნოემბერში, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, განხორციელდა. ვიცით ის, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთი მეხუთედის ოდენობის თანხა, - საერთო ჯამში, ერთ მილიარდ დოლარზე მეტი, - უბრალოდ, გაქრა.

საეჭვო სესხები მოლდავეთის სამმა უდიდესმა ბანკმა გასცა. მათი სახელებია: Banca de Economii, Banca Sociala, და Unibank. ეს ამბავი მიმდინარე წლის დასაწყისში აღმოაჩინა ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა, რომელიც იძულებული გახდა ამ სამი ბანკისთვის, სასწრაფო დახმარების სახით, 16 მილიარდი მოლდავური ლეი, ანუ 870 მილიონი დოლარი, გადაერიცხა - თუ არა, ქვეყნის საფინანსო სისტემას სერიოზული პრობლემები ემუქრებოდა.

ეს სამი ბანკი, სავარაუდოდ, ვერასოდეს შეძლებს ამ სესხის გადახდას, რაც იმას ნიშნავს, რომ დავალიანება სამთავრობო ვალი გახდება და მისი გასტუმრება მოლდავეთის მოქალაქეებს - გადასახადების გადამხდელებს - მოუწევთ.

ადგილობრივ კონტექსტში, ერთი მილიარდი დოლარის სახით საქმე მართლაც უზარმაზარ თანხასთან გვაქვს. მოლდავეთი პატარა ქვეყანაა, 4 მილიონზე ნაკლები მოსახლით. მისი წლიური მთლიანი შიდა პროდუქტი 6,2 მილიარდ დოლარს უტოლდება. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს მოლდავეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სკანდალია.

კიშინიოვში განთავსებული ანალიტიკური ცენტრის, ექსპერტ-გრუპის მიერ 15 აპრილს გამოქვეყნებული პროგნოზის თანახმად, მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკა 0.2 პროცენტიდან 1.8 პროცენტამდე მაჩვენებლით შეიკვეცება. არადა, წინა წლებში ის, პირიქით, იზრდებოდა: შარშან - 4.6 პროცენტით, 2013 წელს კი -მთელი 9 პროცენტით.

ბიუჯეტის შეკვეცა მხოლოდ საბანკო სკანდალის ბრალი არ არის. ეკონომიკა არასახარბიელო ვითარებაში იყო მანამ, სანამ ამ სკანდალის შედეგმა სრულად დაიწყო ასახვა რეალობაზე.

მიმდინარე წელს რეცესია მოხდა მეზობელ უკრაინასა და რუსეთში, რამაც დააზარალა მოლდავეთის ექსპორტი.

ამას დაემატა რუსეთის მიერ დაწესებული აკრძალვა მოლდავეთის პროდუქტებზე, მაგალითად, ღვინოსა და ხილზე, რისი შედეგიც, როგორც ვარაუდობდნენ, მიმდინარე წელს იჩენს თავს სრულად.

2013 წელს რუსეთმა ცალმხრივად დააწესა აკრძალვა ღვინოზე, 2014 წელს კი აკრძალული პროდუქციის სიას სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიც დაემატა. ოფიციალურად აკრძალვის მიზეზად ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა დასახელდა, თუმცა აკრძალვის მომენტი, როცა მოლდავეთის ოფიციალური პირები დათანხმდნენ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებას, აღძრავდა ეჭვს, რომ აკრძალვები, რეალურად, პოლიტიკური ხასიათის იყო.

თუმცა საბანკო სკანდალი წარმოადგენს დამატებით და მნიშვნელოვან ნეგატიურ ფაქტორს, რომელიც კიდევ უფრო მეტად დააზიანებს ისედაც პრობლემების მქონე ეკონომიკას.

სკანდალის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა მოლდავეთის ვალუტის, ლეის, გაუფასურება დაახლოებით 40 პროცენტით. ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, ბანკებიც გაამკაცრებენ სესხების გაცემის პროცესს, ლიკვიდურობის გაზრდის მიზნით. ფინანსური სტრუქტურების წარმომადგენლები კი ახლა ფისკალურ პოლიტიკას გაამკაცრებენ - გაზრდიან გადასახადებს და შეამცირებენ სუბსიდიებს, მოგების გაზრდისა და დავალიანების გადახდის მიზნით. ეს ნაბიჯები უდიდეს დარტყმას მიაყენებს ქვეყნის ყველაზე ღარიბ მოსახლეობას.

ჯერჯერობით კონკრეტული ბევრი არაფერია ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ გაქრა თანხა. ცნობილია, რომ ფული ბანკებიდან გავიდა რამდენიმე სესხისა და მაქინაციის გზით.

საქმეს იძიებს ცენტრალური ბანკი და აუდიტის ამერიკული ფირმა, Kroll-ი. მთავრობა ამჟამად მათ პირველად ანგარიშს ეცნობა. ოფიციალური პირები კომენტარს არ აკეთებენ და ამბობენ, რომ არ სურთ გამოძიებას ზიანი მიაყენონ.

სკანდალს პოლიტიკური მხარეც აქვს. ბოლო საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნის სათავეში დააბრუნა ევროკავშირის მომხრე პარტიების სუსტი კოალიცია. კონკრეტული პოლიტიკური პროგნოზის გაკეთება ჯერჯერობით ნაადრევია, თუმცა, ანალიტიკოსების ვარაუდით, მოსახლეობაში გაძლიერდება განწყობა, რომ ამ პარტიებმა ქვეყანას ჯეროვანი სამსახური ვერ გაუწიეს. ფინანსური სკანდალი ხომ სწორედ მათი მმართველობის პირობებში განვითარდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG