Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთში ღრმავდება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაპირისპირება


კიშინიოვისა და მოლდავეთის მიტროპოლიტი ვლადიმირი წირვისას
კიშინიოვისა და მოლდავეთის მიტროპოლიტი ვლადიმირი წირვისას
განკვეთა და საგადასახადო აუდიტი ბოლო ორი იარაღია, რომელიც მოლდავეთის რეფორმატორ მთავრობასა და გავლენიან მართლმადიდებელ ეკლესიას შორის მიმდინარე ბრძოლაში ჩართეს.

მოლდავეთის რეფორმატორ, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე ხელისუფლებას სულ უფრო მეტად უმწვავდება კონფლიქტი გავლენიან და კონსერვატორ ინსტიტუტთან - მართლმადიდებელ ეკლესიასთან. დაპირისპირების გაღრმავების ფონია მოახლოებული ვილნიუსის სამიტი, სადაც მოლდავეთს სურს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ინიცირება მოახდინოს.

ევროკავშირთან ინტეგრაცია მთავარი პრიორიტეტია პრემიერ-მინისტრ იურიე ლეანკას მთავრობისთვის, მაგრამ ამ მიზნის მიღწევას წინაღობას უქმნის ეკლესია - დიდწილად, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ტოლერანტობის კანონის გამო, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას სხვადასხვა ასპექტის, მათ შორის, სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე.

ეს კანონი 2012 წლის მაისში მიიღეს, მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსერვატორებისა და ოპოზიციური კომუნისტური პარტიის წევრების პროტესტის ფონზე. თუმცა წინააღმდეგობა დღემდე არ ჩამცხრალა.

მეტიც, ეკლესია გამოდის მუქარით, რომ განკვეთს ყველა ოფიციალურ პირს, რომელიც კანონს მხარს უჭერს. მმართველი კოალიცია კი აცხადებს, რომ სამღვდელოებას გაუმკაცრებს გადასახადების შემოწმებას. ეს სიმპტომები მოწმობს, რომ დაპირისპირება, მართლაც, მწვავე ფაზაში შედის.
20 ივნისს მართლმადიდებელმა ლიდერებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც წერენ, რომ თუ სექსუალურ უმცირესობათა დაცვის ზომები არ გაუქმდება, ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების გამართვის მოწოდებით გამოვლენ. ამასთან, განცხადება შეიცავს ინიციატივას შეიქმნას ახალი კანონი, რომელიც აკრძალავს ცხოვრების არატრადიციული წესის „ამორალურ პროპაგანდას“.

ეკლესია აცხადებს, რომ თუ ტოლერანტობის კანონს არ გააუქმებენ, ის ოფიციალურ პირებს რიტუალებში მონაწილეობას აუკრძალავს და შესაძლოა ისინი განკვეთოს კიდეც. ეკლესიის აზრით, აუცილებელია მორწმუნეთა დაცვა „საზოგადოებაში გავრცელებული სულიერი კვდომისგან“.

მღვდელი გენადი ვალუტა, რომელიც ახლახან სექსუალურ უმცირესობათა საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლებს ედგა სათავეში, მთავრობის წევრებს უწოდებს „კერპთაყვანისმცემლებს“ და აცხადებს, რომ ეკლესია ამ საკითხთან დაკავშირებით კომპრომისს არ დაუშვებს:

„ბიბლიიდან ეს ციტატები ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენი მთავრობა ისჯება და მას ღმერთი წმინდა ბიბლიის გზით გაფრთხილებას უგზავნის. ეკლესია მხოლოდ ღვთის ნებას გამოხატავს. თუ ეკლესია ამ პოზიციას არ დაიცავს, ის აზრგამოცლილ ინსტიტუტად გადაიქცევა ან, კიდევ უარესი, ჰომოსექსუალობის ცოდვის თანამონაწილედ -ხელმოცარულ ინსტიტუტად, რომელიც ჭეშმარიტებას არ ლაპარაკობს და არც ღმერთის მხარეს დგას“.
ამგვარი განცხადებების პასუხად, პარლამენტის სპიკერის მოადგილე ადრიან კანდუ, რომელიც რეფორმატორულ ძალას, მმართველი კოალიციის წევრ მოლდავეთის დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს, აცხადებს, რომ მთავრობამ შესაძლოა წამოიწყოს იმ შემოსავლების შემოწმება, რომელთა დეკლარირებასაც მართლმადიდებელი სამღვდელოება არ ახდენს. ამასთან, მისი თქმით, შესაძლოა გაუქმდეს ზოგიერთი საგადასახადო შეღავათი და პრივილეგია, რომლებითაც ეკლესია სარგებლობს.

კანდუმ ეკლესია გააკრიტიკა საზოგადოებაში ჰომოსექსუალთა წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივებისა და მთავრობის წარმომადგენლების მიმართ მუქარის გამო.

მოლდაველი ჟურნალისტი ოლეგ ბრეგა ანტიკორუფციული ვებსაიტის დამაარსებელია. მისი შეფასებით, სამღვდელოების ფინანსები დიდი ხნის წინ უნდა შემოწმებულიყო:

„ჩვენი მღვდლები უძვირეს ავტომობილებს ატარებენ, ძალიან ძვირფასი ტელეფონები აქვთ, ცხოვრობენ ფეშენებელურ სახლებში - ზოგჯერ რამდენიმეში. ეს ყველას არ ეხება, თუმცა უმრავლესობა ასეა, ბერების ჩათვლით. ისინი მუდამ ინტერნეტში არიან, თავიანთი ლეპტოპებით. აქვთ სატელიტური თეფშები და ბლოგები, რომლებითაც ადამიანების მიზიდვას ცდილობენ, ან ინტერნეტაღსარებებს ისმენენ. და ამ ყველაფერში საერთოდ არ იხდიან გადასახადებს“.

ბრეგა უსამართლოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მის ქვეყანაში, რომელიც ევროპის უღარიბეს სახელმწიფოდ ითვლება, მწირი შემოსავლის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები გადასახადებს იხდიან, მაშინ როცა ეკლესია ამას არ აკეთებს.

მოლდავეთის მართლმადიდებელი ეკლესია ავტონომიური ეკლესიაა, რომელიც რუსეთის ეკლესიას ექვემდებარება. 2005 წელს ჩატარებულ გამოკითხვაში მოლდაველების 95 პროცენტზე მეტმა თავი მართლმადიდებელ მორწმუნედ გამოაცხადა.

ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ვიაჩესლავ იონიტა ფიქრობს, რომ ეკლესიასთან ღია კონფრონტაცია ნეგატიური მოვლენა იქნება:
„მე ყველას ვურჩევდი არ დაუშვან რაციონალური აზრის ემოციებით გადაფარვა. და ვთხოვდი გაიაზრონ ეკლესიის როლი საზოგადოებაში. ჩვენ მოვდივართ ტოტალიტარული სისტემიდან, რომელიც ეკლესიას ანადგურებდა და იმის მიუხედავად, რომ ეს 20 წლის წინ იყო, კვლავაც ვერ დაგვიდგენია, როგორი უნდა იყოს ეს როლი“.

ის დასძენს, რომ მთავრობის განკარგულებაშია კანონები და მექანიზმები „უკანონო გამდიდრებაში ყველა ეჭვმიტანილის“ წინააღმდეგ სამოქმედოდ და, ამდენად, ეკლესიის მიმართ რაიმე განსაკუთრებული ზომების შემოღება საჭირო არ არის.
XS
SM
MD
LG