Accessibility links

თანამედროვე ჯაზურ სცენას არაერთი დიდებული ქალი მომღერალი ამშვენებს. მათი ვოკალური საშემსრულებლო „ხელწერა“ თუ ტემპერამენტი იმდენად მრავალფეროვანია, რომ ახალი, ყველასგან გამორჩეული ხმის გაგონება ყოველთვის დიდ ინტერესსა და აღფრთოვანებას იწვევს. ერთ-ერთი ასეთი უნიკალური არტისტი კანადელი მოლი ჯონსონია. კრიტიკოსებმა არტისტის ბგერა ჯენის ჯოპლინის ხრინწნარევი, ადრენალინით სავსე ენერგიისა და ბილი ჰოლიდეის ლირიკული მოდულაციების სინთეზად მონათლეს.

მოლი ჯონსონი 1959 წელს, ტორონტოში დაიბადა. მსმენელის წინაშე პირველად 7 წლის ასაკში წარსდგა, როცა ოპერაში „პორგი და ბესი“ წამყვანი პარტია შეასრულა. გერშვინის შედევრს კიდევ რამდენიმე მიუზიკლი მოჰყვა, რის შემდეგაც კანადის ნაციონალურ საბალეტო სკოლაში ჩაირიცხა. სასწავლებელში 15 წელი გაატარა - ქორეოგრაფობაზე ოცნებობდა. თუმცა, ცეკვაზე ფიქრს შეეშვა და ისევ სიმღერა არჩია. ჯერ პოპჯგუფი A Chocolate Affair ჩამოაყალიბა, ხოლო მოგვიანებით ფანკ-როკ ბენდი Alta Moda შექმნა. ამავე სახელწოდების სადებიუტო ალბომი რადიოებმა აიტაცეს, ხოლო სინგლი "Julian" მუსიკალურ პრემიაზე - „ჯუნო“ ამერიკული „გრემის“ კანადურ ანალოგზე გახლდათ ნომინირებული. მიუხედავად Alta Moda-ს წარმატებისა, წამოწყება ფინანსურად წამგებიანი გამოდგა და ბენდი მალევე დაიშალა. მოლი ჯონსონმა კიდევ რამდენიმე ჰარდროკული პროექტი შეაკოწიწა, თუმცა, ღირებული არაფერი გამოუვიდა.

90-იანი წლებიs ბოლოს, როცა მოლი ჯონსონი სამუდამოდ აპირებდა სცენიდან წასვლას, კანადელის შემოქმედებით კომპოზიტორი სტივ მაკკინნონი დაინტერესდა. ამ უკანასკნელმა საკუთარი თხზულებები და რამდენიმე ცნობილი ჯაზური სტანდარტი ჩააწერინა. შედაგად, გამოიცა ალბომი „მოლი ჯონსონი“, სადაც მომღერალს პარტნიორობა ლეგენდარულმა ფრანგმა მევიოლინემ, სტეფან გრაპელიმ გაუწია. „თუ ვოკალური ჯაზის მომავალი ჯაზსა და პოპმუსიკას შორის ოქროს შუალედის პოვნაზეა დამოკიდებული, თანამედროვე სცენაზე ამას მხოლოდ მოლი ჯონსონი ახერხებს" – ამგვარად შეაფასა კანადურმა გაზეთმა „The Globe and Mail!“-მა სადებიუტო ნამუშევარი.

2003 წელს გამოიცა მოლი ჯონსონის მეორე ალბომი Another Day, რომელმაც არტისტს მსოფლიო აღიარება მოუტანა და პოპულარული ჯაზური სტანდარტების ერთ-ერთი საუკეთესო ინტერპრეტატორის სახელი დაუმკვიდრა. დისკზე წარმოდგენილ სიმღერებში არ იგრძნობა პატრისია ბარბერისთვის დამახასიათებელი მკვეთრად ხაზგასმული ბლუზურობა, დაიანა კროლის ჩვეული ჯაზური სილაღე და არც ები ლინკოლნისეული აგრესიულობა. კანადელის არანჟირებები არამეინსტრიმული და, როგორც წესი, მინიმალისტურია. ნათქვამის დასტურად მოლი ჯონსონის მიერ ინტერპრეტირებულ გერშვინის „Summertime“-ს მოვიშველიებ, სადაც კონტრაბასის, პერკუსიისა და ვოკალის დიალოგი მკაცრად და სიძუნწემდე ლაკონიურად მიმდინარეობს, თუმცა, საოცრად ექსპრესიული და მარტივია.

მოლი ჯონსონმა 2000 წლიდან დღემდე მხოლოდ 7 ალბომი გამოსცა, რომელთა შორის გამოვარჩევდი დისკს Messin' Around და პროექტს Lucky. ამ უკანასკნელმა კანადური მუსიკალური პრემია „ჯუნო“ მოუტანა, ნომინაციაში წლის საუკეთესო ქალი შემსრულებელი. რაც შეეხება ალბომს If You Know Love, ის არტისტის ერთ-ერთ საინტერესო ნამუშევრად მიმაჩნია. პირველ რიგში, ჟანრობრივი მრავალფეროვნების გამო, რადგან აქ ბლუზს, ჯაზს, ბოსა-ნოვას და ფრანგულ შანსონს გადაეყრები. გარდა ამისა, დისკზე თავმოყრილია როგორც პოპულარული სტანდარტები, ასევე მოლი ჯონსონის საავტორო თხზულებანიც. დღევანდელ სიუჟეტსაც ხსენებულ ალბომში შესული სიმღერით, ბრიუს სპრინგსტინის ცნობილი ჰიტის მეტად საინტერესო ქავერ-ვერსიით დავასრულებ.

ამავე თემაზე

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG