Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა მხარი დაუჭირა 2016 წლის ბიუჯეტს


პარლამენტმა, 83 ხმით 11-ის წინააღმდეგ, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს მხარი დაუჭირა. ბიუჯეტის პროექტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა წარუდგინა. 2016 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი ითვალისწინებს 2016 წლის 1 ივლისიდან სახელმწიფო პენსიის გაზრდას 180 ლარამდე, დამატებით სახსრებს დევნილთა განსახლებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის. ოპოზიცია ბიუჯეტს არასწორი პრიორიტეტების მიხედვით დაგეგმილად მიიჩნევს და ამბობს, რომ, სწორად დაგეგმვის შემთხვევაში, პენსიის 50 ლარით გაზრდა იქნებოდა შესაძლებელი.

თითქმის 10 მილიარდი ლარის ოდენობით განსაზღვრული სახელმწიფო ბიუჯეტის 31% ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ხარჯებზე მოდის. მომავალი წლის ივლისიდან 180 ლარამდე გაიზრდება პენსია, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში 1 სექტემბრიდან პენსია 216 ლარი გახდება. ბიუჯეტის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 3 162.0 მლნ ლარს შეადგენს, რაც 92 მლნ ლარით აღემატება 2016 წლის ბიუჯეტის წინა პროექტით სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ოდენობას.

პრაქტიკოს მასწავლებლებს აქვთ 450 ლარი მომავალ წელს გათვალისწინებული და საშუალო ხელფასი 640 ლარი ვერ გამოდის და მე მოვითხოვ, რომ სწორედ საბაზო ხელფასი იყოს 600 ლარი...
სერგო რატიანი

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 975,2 მლნ ლარი, მათ შორის: ზოგადი განათლების დასაფინანსებლად გამოყოფილი 572,9 მლნ ლარი ითვალისწინებს სკოლის პედაგოგებისათვის ხელფასების მომატებას. სკოლის პადაგოგთა ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ დეპუტატს სერგო რატიანს. მისი თქმით, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტით, ხელფასების დაგეგმილ ოდენობამდე გაზრდა ვერ მოხერხდება:

„მასწავლებლის საშუალო ხელფასი 640 ლარია. მე თქვენ მოგიტანთ თქვენივე სტატისტიკას. ჩვენ, დაახლოებით, 60 ათასი მასწავლებელი გვყავს. აქედან 45 ათასი პრაქტიკოსი მასწავლებელია, 14 ათასი - უფროსი და წამყვანი არის სულ რაღაც 150 და პრაქტიკოს მასწავლებლებს აქვთ 450 ლარი მომავალ წელს გათვალისწინებული და საშუალო ხელფასი 640 ლარი ვერ გამოდის და მე მოვითხოვ, რომ სწორედ საბაზო ხელფასი იყოს 600 ლარი“.

ამ კითხვაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განმარტა, რომ თანხები განათლების სამინისტროსთან ერთადაა დათვლილი და დაპირება შესრულდება. ხადურისავე თქმით, ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური განვითარებისა და მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის გარდა, ხარჯები, უმთავრესად, გადანაწილდება სოციალურ პროექტებზე. ამასთან, მან საგარეო ვალის შემცირების თაობაზეც ისაუბრა და ოპონენტებს მინისტრების შრომის ანაზღაურების შესახებ დასმულ კითხვებსაც უპასუხა:

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური

„მინისტრების ჯამური ანაზღაურება 2015 წლის 9 თვეში, 2012 წლის 9 თვესთან შედარებით, შემცირებულია 20%-ით. მინისტრის მოადგილეების შრომის ანაზღაურება, 2012 წლის 9 თვესთან შედარებით, მიმდინარე წლის 9 თვეში შემცირებულია 10%-ით“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატის ზურაბ მელიქიშვილის თქმით, ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორი არ შეიძლება იყოს ბიუჯეტი, ვინაიდან, მისი თქმით, თანხების სწორად გადანაწილების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა პირველი ივლისიდან პენსიის 50 ლარით გაზრდა, ნაცვლად დაგეგმილი 20-ლარიანი ზრდისა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ბიუჯეტს სოციალურად ორიენტირებულს უწოდებს, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ხარჯების პრიორიტეტულობა მაინც კითხვის ნიშნის ქვეშაა:

„დახმარების სოციალურ სისტემას რაც შეეხება, ჩვენ ძალიან ბევრ ფულს ვფლანგავთ მდიდარ და შეძლებულ ოჯახებზე და ეს ფული მიზნობრივადაა გადასანაწილებელი იმ ადამიანებზე, რომელთაც რეალურად უჭირთ, რადგან ახლა ეს სისტემა სიმბოლურ დახმარების სისტემად არის გადაქცეული, თითქოს სახელმწიფო მოვალეობას იხდის, მაგრამ ამ ყველაფრის გაკეთებას სჭირდება ცოდნა, რომელიც თქვენს ხელისუფლებას, სამწუხაროდ, არ აქვს“.

გიორგი ქადაგიძე
გიორგი ქადაგიძე

2016 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის დასკვნა დადებითიაო, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ:

„2016 წლის ბიუჯეტზე ჩვენ გვაქვს დადებითი დასკვნა გადაგზავნილი პარლამენტში. ჩვენი კომპეტენციის ნაწილში მნიშვნელოვანია, რომ ჯამური ბიუჯეტის დეფიციტი არ აჭარბებდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 3 %-ს, რაც ამ ბიუჯეტით დაცულია. რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტის ზომას, ეს ზომა არის მისაღები და, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს დადებითი დასკვნა“.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 321,4 მლნ ლარი, რაც 40 მლნ ლარით აღემატება პროექტის წინა ვერსიას. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 950,0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია ხარჯები საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, მათ შორის, რეგიონებშიც. თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 670,0 მლნ ლარი, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის - 595,0 მლნ ლარი, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 100.0 მლნ ლარით დაფინანსდება.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG