Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2015 წლის ბიუჯეტის პროექტი ცნობილია


30 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. მართალია, საბოლოო დამტკიცებამდე პროექტი არაერთ ცვლილებას განიცდის და შესაძლოა მნიშვნელოვნადაც შეიცვალოს, მაგრამ უდავოდ საინტერესოა ის ძირითადი მაჩვენებლები, რომლებიც ამ ეტაპისთვის ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ და მთავრობის მიერ მოწონებულ პროექტშია წარმოდგენილი.

2015 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 9 მილიარდ 350 მლნ ლარის ოდენობით; ამავე ბიუჯეტში გაწერილია ის, რომ ხელისუფლება 1,3-მილიონიან საბიუჯეტო ვალს იღებს.

რაც შეეხება ხარჯებს: მომავალი წლის ბიუჯეტი შინაარსობრივად, ფაქტობრივად, იმეორებს 2014 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს. ბიუჯეტი სოციალურია: ჯანდაცვისა და სიციალურ ხარჯებზე მისი 29,4 პროცენტი მიდის.

ძირითადი ზრდაც სწორედ ამ მიმართულებით მოხდა: 92 მილიონი ლარი სოციალურ და ჯანდაცვის ხარჯებს დაემატა და, ჯამში, სამინისტროს დაფინანსებამ 2 მილიარდ 750,0 მლნ ლარს მიაღწია. აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია: სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის 2 მილიარდამდე ლარის გამოყოფა, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის - 652,6 მლნ ლარის და სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვისათვის, ანუ განვითარებისთვის, სულ - 35,0 მლნ ლარის.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 955 მლნ ლარი. დაფინანსება გაზრდილია, სულ, 80,0 მლნ ლარით და, როგორც ციფრებიდანაც ჩანს, მხოლოდ საპენსიო მიმართულებით გასაწევი ხარჯის ნახევარზე ნაკლებს შეადგენს, ჯამურად კი საბიუჯეტო დაფინანსების დაახლოებით 10 პროცენტია.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამისათვის, ჯამში, გათვალისწინებულია 300,0 მლნ ლარი, რაც წლევანდელი მაჩვენებლის ანალოგიურია.

ქვეყნისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდ მიჩნეული სოფლის მეურნეობის სფეროსთვის 2015 წლის ბიუჯეტში გამოყოფილია, გასულ წელთან შედარებით, 27,5 მილიონი ლარით მეტი - 291 მილიონი ლარი. აქედან ყველაზე დიდი დაფინანსება სამელიორაციო და საირიგაციო სისტემების განვითარებისათვის - 100,0 მლნ ლარამდე, შეღავათიანი აგროკრედიტებისათვის - 36,0 მლნ ლარი, მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობისათვის - 50,0 მლნ ლარი.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 828,9 მლნ ლარი (გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია 74,6 მლნ ლარით). აქედან საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის გათვალისწინებულია დაახლოებით 110,0 მლნ ლარი.

თავდაცვის სამინისტრო მიიღებს 625,0 მლნ ლარს. „დელტა“ და მის დაქვემდებარებაში მყოფი კვლევითი ცენტრების დაფინანსება გადატანილია ეკონომიკის სამინისტროში. ასევე ცალკე უწყებადაა გამოყოფილი ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი.

ამის ხარჯზე გაზრდილია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსება - გამოყოფილია 120,0 მლნ ლარი (მშ. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ - 20,0 მლნ ლარი) (იყო 87 მილიონი);

საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 100,0 მლნ ლარი (გაზრდილია 10 მილიონით).

ენერგეტიკის სამინისტროსათვის გამოყოფილია 135,0 მლნ ლარი (2014 წელზე 20 მილიონით მეტი).

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 85,0 მლნ ლარი (2014 წლის მაჩვენებელზე 5 მილიონით მეტი).

დანარჩენი უწყებები არსებითად წელს არსებული ასიგნებების ფარგლებში უნდა დაფინანსდეს.

მიმდინარე წელთან შედარებით, გაზრდილია მთავრობის სარეზერვო ფონდი და შეადგენს 70,0 მლნ ლარს. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა გაზრდილია 54,1 მლნ ლარით და შეადგენს 850,0 მლნ ლარს.

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი ძირითადად იმეორებს 2014 წლის ბიუჯეტის ტენდენციებს, როგორც მთლიანი მოცულობის, ისე პრიორიტეტულობის თვალსაზრისით. არც ერთი მიმართულებით მკვეთრი ცვლილება, წლევანდელ მდგომარეობასთან შედარებით, პრაქტიკულად დაგეგმილი არ არის. განსაკუთრებული აქცენტი, ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის პროგრამების თვალსაზრისით, ბიუჯეტში არ იკვეთება, ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე კი, როგორც უკვე ვთქვით, სულ, ბიუჯეტის დაახლოებით 10 პროცენტია გამოყოფილი.

XS
SM
MD
LG