Accessibility links

logo-print

ერთი მილიარდ 800 მილიონი ადამიანი - ეს არის მსოფლიოში 10-დან 24 წლამდე მოზარდებისა და ახალგაზრდების რაოდენობის მაჩვენებელი. მათმა რაოდენობამ კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია. სწორედ ეს მონაცემი დაედო მთავარ საფუძვლად მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ გაეროს 2014 წლის გლობალურ ანგარიშს, რომელიც 18 ნოემბერს გამოქვეყნდა და რომლის სახელწოდებაცაა „1,8 მილიარდი მოზარდი და ახალგაზრდა - პოტენციალი მომავლის ტრანსფორმაციისათვის“. ანგარიშის პრეზენტაცია 18 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გაიმართა.

ახალგაზრდების ფუნდამენტური უფლებების დაცვა, მათი უფლებები განათლებისა და ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობაზე, მათ შორის, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურება, ადრეული ქორწინების პრევენცია, გენდერული თანასწორობის გაძლიერება და ქალების სტატუსის განმტკიცება, დასაქმებაში დროული და ეფექტური ინვესტირება -ეს ის მთავარი თემებია, რომლებიც ანგარიშში ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და მისი ავტორები მსოფლიო საზოგადოებას ამ საკითხებისადმი განსაკუთრებული ყურადღებისაკენ მოუწოდებენ. ანგარიშში იმასაც ვკითხულობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ფუნდამენტურ უფლებებზე დგას სახელმწიფოების მომავალი, სამწუხაროდ, მოზარდებისა და ახალგაზრდების უფლებები ხშირად უგულებელყოფილია. ახალგაზრდების აზრი არ არის გათვალისწინებული, მათ არ უთანხმებენ ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსა თუ ქმედებებს, რამაც შეიძლება შეუქცევადი გავლენა იქონიოს მათზე და მათ მომავალზე. ანგარიშის ავტორთა თქმით, აუცილებელია, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვალოს, რადგან სწორედ ახალგაზრდებს აქვთ საიმისო პოტენციალი, რომ კაცობრიობის მომავალი უკეთესობისაკენ შეცვალონ. ანგარიშში ვკითხულობთ იმასაც, რომ ახალგაზრდების განვითარებისთვის გაწეული ინვესტიცია ასევე დაეხმარება ჩვენი რეგიონის ქვეყნებს მომზადებულნი შეხვდნენ დემოგრაფიულ ფენომენს, მზარდ დაბერებას, რომელიც რეგიონის ყველა ქვეყანაში შეინიშნება.

ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ანგარიშის პრეზენტაციაზე ამ მიმართულებით საქართველოს რეალობაზე საუბრობს და იმ არცთუ დიდად სახარბიელო და, მეტიც, რიგ შემთხვევაში, სამწუხარო სტატისტიკურ მონაცემებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც დღეს საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემას წარმოადგენს. ლელა ბაქრაძე, ანგარიშის მონაცემებზე დაყრდნობით, ამბობს, რომ საგანმანათლებლო სისტემის ხარისხით საქართველო მხოლოდ 105-ე ადგილს იკავებს მსოფლიო ქვეყნებს შორის. გარდა ამისა, განსაკუთრებით მაღალია ჩვენს რეგიონში ახალგაზრდების უმუშევრობის დონე და განათლების სისტემა ვერ პასუხობს შრომითი ბაზრის მოთხოვნებს.

„საქართველოში ახალგაზრდების 31% არც მუშაობს და არც სწავლობს, არ დადის სასწავლო დაწესებულებებში რაიმე პროფესიის ან ხელობის შესაძენად. დასავლეთ ევროპასთან შედარებით, ჩვენი რეგიონის ქვეყნებში ბევრად ნაკლებია განათლებაზე დახარჯული თანხები. მაგალითისათვის: 2012 წელს საქართველოში მთლიანი ეროვნული პროდუქტის 2%-მდე დაიხარჯა, მაშინ როცა, მაგალითად, მოლდოვაში - 7%-მდე. ჩვენს რეგიონში ქალების, მათ შორის, 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდა ქალების მონაწილეობა შრომით ბაზარზე, დასავლეთ ევროპასთან შედარებით, ხშირად დაბალია. იზრდება სკოლის დატოვების შემთხვევები განათლების დასრულებამდე, განსაკუთრებით - სოფლად. მაგალითად, 2011-2013 წლებში, 18 თვის მანძილზე, 7 300-ზე მეტმა გოგონამ დატოვა სკოლა საბაზო საფეხურის დასრულებამდე“, - ამბობს ლელა ბაქრაძე.

სკოლაში სიარული და ზედმეტი გადაღლა არ შეიძლება. ამიტომაც თავი დავანებე სწავლას და ახლა ვზივარ სახლში ისე, როგორც დიასახლისს შეეფერება. ძალიან კარგად ვსწავლობდი. საუკეთესო მოსწავლე ვიყავი...

სწორედ ასე მიატოვა სკოლა 14 წლის იზამ. ის გათხოვდა. 15 წლის ასაკში დედაც გახდა. ის აჭარის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში ცხოვრობს და ამბობს, რომ დროის უკან დაბრუნება რომ შეეძლოს, იქნებ ცხოვრება ცოტა სხვანაირადაც დაეგეგმა.

„სკოლაში სიარული და ზედმეტი გადაღლა არ შეიძლება. ამიტომაც თავი დავანებე სწავლას და ახლა ვზივარ სახლში ისე, როგორც დიასახლისს შეეფერება. ძალიან კარგად ვსწავლობდი. საუკეთესო მოსწავლე ვიყავი. ძალიან ბევრი სიგელიც მიმიღია. განსაკუთრებით ინგლისური ენა მიყვარდა. არ ვნანობ, მაგრამ ზოგჯერ დავფიქრდები, რომ ცოტა ხანს რომ არ გავთხოვილიყავი, ის ახალგაზრდობა მაინც სულ სხვაა. გათხოვილი და გასათხოვარი ქალები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. მათი უფლებები განსხვავდება. გათხოვების შემდეგ აღარ ხარ ისეთი თავისუფალი, როგორც გათხოვებამდე“, - ეუბნება იზა ჟურნალისტ ვიკა ბუკიას, რომელმაც იზა თავის ფილმში „დედობა ბავშვობაში“ გადაიღო. ეს ფილმი რამდენიმე თვის წინ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში გადაიცა და მას დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა.

ვიკამ გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად ადრეული ქორწინებების შესახებ კიდევ ერთი ფილმი გადაიღო. ამბობს, რომ ფილმების გადაღების პროცესში მისთვის ნიშანდობლივი იყო ის ფაქტი, რომ მოსახლეობა ამ პრობლემას არარელევანტურად აღიქვამს:

პოლიტიკის დოკუმენტის ახალი ვერსია მოიცავს ძირითადად მონაწილეობას განათლების, დასაქმების, ჯანმრთელობისა და სპეციალური მომსახურების მიმართულებებით. ასევე მიღებული იქნა ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების სამოქმედო გეგმა...

„პრობლემა უხილავია. შესაძლებელია ამ თემის უხილაობას ისიც განაპირობებს, რომ ადრეული გათხოვების შედეგი არ არის მოკლევადიანი, ანუ შედეგი იმწუთასვე არ არის ცხადი. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ოჯახურ ძალადობაზე, იქ მაშინვე ვხედავთ მოძალადესაც და მსხვერპლსაც, მაგრამ აქ ასე არ არის. ეს სამომავლოდ აისახება როგორც რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ასევე განათლებაზე“.

მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ 2014 წლის გლობალურ ანგარიშში ჩამოთვლილი პრობლემების შემცირების ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორად ლელა ბაქრაძე საქართველოს ხელისუფლებისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენლების მიერ შემუშავებულ საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტს მოიაზრებს. დოკუმენტი 2014 წელს დამტკიცდა და უახლოეს მომავალში საქართელოს მთავრობა 2015-2020 წლის სამოქმედო გეგმას დაამტკიცებს. ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციაზე სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ რატი ბრეგაძემ ისაუბრა. მისი სიტყვებით, დოკუმენტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას.

„პოლიტიკის დოკუმენტის ახალი ვერსია მოიცავს ძირითადად მონაწილეობას განათლების, დასაქმების, ჯანმრთელობისა და სპეციალური მომსახურების მიმართულებებით. ასევე მიღებული იქნა ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების სამოქმედო გეგმა, რომელიც თავისი მიმართულებებით სრულად შეესატყვისება სახელმწიფო ახალგაზრდულ პოლიტიკას. აქ არის 2020 წლამდე გაწერილი ღონისძიებები. კერძოდ, აქ საუბარი არის 216 პროექტზე, რომელიც უნდა განახორციელოს საქართველოს მთავრობამ, შესაბამისი მიმართულებებით შესაბამისმა სამინისტროებმა“, - ამბობს რატი ბრეგაძე.

რაც შეეხება მთავრობის სამოქმედო გეგმას, უნდა ითქვას ისიც, რომ, როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მითითებული, ამ დოკუმენტში მთავარ საკითხებად უნდა მოიაზრებოდეს ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, ჯანსაღი ცხოვრების წესის, გენდერული თანასწორობისა და ასაკზე მორგებული ფორმალური თუ არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია და ინტეგრირება.

XS
SM
MD
LG