Accessibility links

საქართველო: მომრავლებული ტურისტები და დარჩენილი პრობლემები


ტურისტები თბილისში

ტურისტები თბილისში

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2016 წლის პირველ 7თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17.4 %-ით გაიზარდა საქართველოში ჩამოსული ტურისტების რიცხვი და, შესაბამისად, გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის მასშტაბიც. რა ფაქტორებმა განაპირობა ეს შედეგი, რა კვალს ტოვებს ტურისტების რიცხვის ზრდა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და რა აფერხებს შემდგომ წინსვლას ტურიზმის სფეროში?

მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში საერთაშორისო მოგზაურთა ჯამურმა რაოდენობამ 4,247,729 შეადგინა, რაც 8.2 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. უშუალოდ ტურისტების რაოდენობის მხრივ 17,4 %-იანი ზრდა ფიქსირდებ, რაც 1,851,917 ტურისტს ნიშნავს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა 2 სექტემბერს, ტურიზმის 2016 წლის შედეგების შეჯამებისას, პირველი კვარტალის მონაცემებით, 15.7 %-ით გაიზარდა ტურიზმის სფეროდან მიღებული შემოსავალი, რომელმაც 54.5 მილიონი დოლარი შეადგინა. მინისტრის განმარტებით, 2015 წლის ჯამური მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა მილიარდ 940 მილიონ დოლარს, რაც 149 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2 სექტემბერს, ეკონომიკის მინისტრთან ერთად ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ლიდერი ქვეყნებიც დაასახელა:

გიორგი ჩოგოვაძე

გიორგი ჩოგოვაძე

„შემოსავლების მხრივ ლიდერობენ მეზობელი ქვეყნები - თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. მეოთხე ადგილზე გახლავთ რუსეთი. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნებიდან ზრდა, როგორიც არის ისრაელი, სადაც 50 %-იანი ზრდა გვაქვს; ასევე, ირანი და, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ძალიან აქტიურად ინტერესდებიან ჩვენი ქვეყნით და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო გავაღვივოთ ინტერესი და, საბოლოო ჯამში, ტურისტების ზრდას მივაღწიოთ ამ ქვეყნებიდან“.

პარასკევს გამართულ პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა ტურიზმის წარმატებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორზე – სასტუმროების ბიზნესზეც. დიმიტრი ქუმსიშვილმა საკითხი პოლიტიკურ ჭრილშიც გააშუქა:

„41 პროცენტი მთელი სასტუმროების, რაც დღეს არის ქვეყანაში, ექსპლუატაციაში შესულია 2013–2015 წლებში. შესაბამისად, დღეს არსებული სასტუმრო ოთახების დიდი ნაწილი ექსპლუატაციაში შესულია ჩვენი ხელისუფლების დროს“.

ტურისტების რიცხვის ზრდას რამდენიმე ფაქტორს მიაწერს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად – ტურისტული კომპანია „პროტრეველის“ დამფუძნებელი, მაია სიდამონიძე. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ჩამოთვლილ ფაქტორებს შორის ვხვდებით, მაგალითად, სავიზო ლიბერალიზაციის სფეროში დაშვებული შეცდომის გამოსწორებას, ანუ კვლავაც უვიზო რეჟიმის შემოღებას მთელი რიგი ქვეყნებისთვის და, მათ შორის,ირანისთვის. აქვეა რეგიონის არასტაბილურობასთან დაკავშირებული ფაქტორიც:

მაია სიდამონიძე

მაია სიდამონიძე

„რა თქმა უნდა, რეგიონში კონფლიქტურმა სიტუაციებმა და არასტაბილურმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა სიტუაციებმა შექმნა ის პრეცედენტი, რომ, მაგალითად, რუსი ვიზიტორების ზრდაც აღინიშნება – იქიდან გამომდინარე, რომ, მაგალითად, ეგვიპტეში და თურქეთში შედარებით შეეზღუდათ მიმოსვლა. ვერ ვიტყვით, რომ ეს კონკრეტული სეგმენტი მაინცდამაინც საქართველოსკენ წამოვიდა, რადგანაც ძირითადად უმეტესობა მაინც ზამთარში – დუბაიში და ზაფხულში – საბერძნეთის კუნძულებისკენ გაემართა... მაგრამ რაღაც ნაკადი მაინც ჩამოვიდა საქართველოში“.

მაია სიდამონიძე იმედოვნებს, რომ გარკვეული შედეგი გამოიღო ასევე საქართველოს, როგორც ტურიზმის, რეკლამირების კამპანიამ, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს. თუმცა ერთია ტურისტების მოზიდვა, მათი რაოდენობის ზრდა და მეორეა მათი შენარჩუნება. როგორც თსუ–ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია ეუბნება რადიო თავისუფლებას, საქართველოს ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი მუშაობა ჰმართებს და, მათ შორის, სურსათით უზრუნველყოფის კუთხით:

„საქართველოში სეზონზე, როდესაც ყველაზე მეტი ტურისტი გვყავს, სწორედ მაშინ გვაქვს სასურსათო პროდუქციის ყველაზე დიდი მასშტაბის იმპორტი. ანუ გამოდის, რომ სოფლის მეურნეობის დარგის განვითაერებით ოდესღაც ცნობილი საქართველო დღეს ტურისტებს უცხოურ პროდუქციას სთავაზობს. ეს, რა თქმა უნდა, არ არის მისასალმებელი. საქართველოში რომ განვითარდეს სოფლის მეურნეობა შესაბამის დონეზე, შესაძლებელი იქნებოდა უფრო მეტი ეფექტის მიღება“.

ვახტანგ ჭარაიას თქმით, ტურიზმის სფეროში იმპორტის იმედად ყოფნა ნაწილობრივ იმ სიკეთესაც ამცირებს, რომელიც ტურისტების მიერ შემოტანილ უცხოურ ვალუტას (კონკრეტულად – დოლარს) მოაქვს ადგილობრივი ვალუტის (ლარის) გაძლიერებისთვის, რადგანაც შემოტანილი დოლარი ქვეყანაში არ რჩება და კვლავაც საიმპორტო პროდუქციის შეძენის მიზნით გადის ქვეყნიდან.

პრობლემებზე ლაპარაკისას რადიო თავისუფლებასთან ვახტანგ ჭარაია სასტუმროს სფეროსაც ახსენებს. მისი თქმით, საქართველოში ძირითადად 4–5-ვარსკვლავიანი სასტუმროები შენდება, რაც არამართებული სტრატეგიაა, დაბალბიუჯეტიანი ტურისტების სიმრავლის გათვალისწინებით. ექსპერტები არ დავობენ, რომ ტურიზმის სფეროს ხელშემშლელ პრობლემებს შორის გამოირჩევა, ასევე, გამოცდილი და კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, რის შესახებაც, კერძო ბიზნესთან ერთად, სახელმწიფომაც უნდა იფიქროს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG