Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომსახურების კულტურის კვლევის შედეგები აჭარაში


ბათუმი
ბათუმი

აჭარაში მომავალი ტურისტული სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო. ამ მზადების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო ჯერ კიდევ სეზონზე კვლევის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც ე.წ. მისტიურები აჭარაში მომსახურების ხარისხს ამოწმებდნენ. ამჯერად კვლევის სამიზნე ჯგუფები იყვნენ კვების ობიექტების მიმტანები და მენეჯერები.

კვლევამ საკმაოდ საინტერესო შედეგი გამოიღო. ერთადერთი, რასთან დაკავშირებითაც შედარებით ნაკლები შენიშვნები დაფიქსირდა, საჭმლის ხარისხია.

განსაკუთრებული პრობლემები გამოვლინდა მიმტანებთან კომუნიკაციისას. მომხმარებლების აზრით, მიმტანების დიდი ნაწილი ვერ მეტყველებს გამართულად და არც დროს ხარჯავს სტუმრისათვის დეტალების განმარტებაზე, არც სპეციალური კერძის შესახებ აქვს ინფორმაცია.

კვლევის განმავლობაში შედარებით ნაკლები შენიშვნები დაფიქსირდა პერსონალის ესთეტიკურ იერთან დაკავშრებით, ასევე ნაკლებად თვალშისაცემი იყო ობიექტების სისუფთავის ნორმების დარღვევა. კვების ობიექტების მომსახურე პერსონალი უმეტეს შემთხვევებში კეთილგანწყობილია. პირველადი კომუნიკაციის დამყარება სრულდება სრულყოფილად. ამ ნიშნით დადებითი დახასიათება აქვთ როგორც მენეჯერებს, ასევე მიმტანებს. თითქმის არ გამოკვეთილა შენიშვნები კერძების ხარისხის მიმართ.

როგორც წესი, ძირითად შემთხვევებში დადებითად ხასიათდება სტუმრის მიღება-მისალმების ნაწილი, თუმცა განსხვავებული სურათია დამშვიდობების ნაწილში. მომხმარებლებს ხშირად არ მიუღიათ ღიმილიანი დამშვიდობება და არც ხელახალი მიპატიჟება. ამასთან, კვების ობიექტების მხოლოდ 30%-ში ჰქონდათ მიმტანებს სამკერდე ნიშნები.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა კვლევა კვების ობიექტებზე ძირითადი პრობლემების გამოკვეთის მიზნით ჩაატარა - იმისათვის, რომ მისი ანალიზის საფუძველზე დაიგეგმოს 2014-15 წლების გადამზადების კურსები, რომელიც მომსახურების სფეროს წარმომადგენლებისათვის ყოველწლიურად უფასოდ ტარდება.

მსგავსი კვლევები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტთა იმ მზარდი ნაკადის გათვალისწინებით, რომელიც აჭარაში 2014 წლის ზაფხულის სეზონზე ჩამოვიდა. კერძოდ, წლევანდელ ტურისტულ სეზონზე აჭარამ უპრეცედენტო რაოდენობის ტურისტებს უმასპინძლა. მხოლოდ სასტუმროების მონაცემებით, რაც, რა თქმა უნდა, საერთო რაოდენობასთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებული მონაცემია, აჭარას გასულ ზაფხულში სულ 383 031 ტურისტი სტუმრობდა. 2014 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში სასტუმროებში დატვირთვის კოეფიციენტმა 48,61% შეადგინა, რაც 10 პროცენტით მეტია, გასულ წელთან შედარებით. სექტემბრის თვეში დატვირთვის კოეფიციენტი 39,57 %-ს შეადგენდა, რაც გასული წლის სექტემბრის მონაცემებს 7,50 %-ით აღემატება. აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, რაოდენობრივი მაჩვენებლებით ლიდერობს თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი და პოლონეთი. პროცენტული ზრდის მაჩვენებლებით კი, გასულ წელთან შედარებით, გამოირჩევა სომხეთი (36,6%), პოლონეთი (+29%), აზერბაიჯანი (+29%), რუსეთი (+25,7%) და უკრაინა (+14,3%).

XS
SM
MD
LG