Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონეტარული პოლიტიკის ანგარიში


ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც, საქართველოს ფინანსურ და ეკონომიკურ სიტუაციაზე გავლენების ანალიზის თვალსაზრისით, საინტერესო დოკუმენტია.

ანგარიშის თანახმად, ეკონომიკურ ზრდაზე კვლავ გრძელდება საგარეო შოკის უარყოფითი გავლენა, რასაც, გლობალური ეკონომიკური სისუსტის ფონზე, ძირითად სავაჭრო პარტნიორებში არასახარბიელო ეკონომიკური ვითარება განაპირობებს. ეკონომიკური ზრდა 2016 წლის პირველ კვარტალში მცირედ შენელდა და 2.6 % შეადგინა, თუმცა მეორე კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, 3.1 %-ია.

მონეტარული პოლიტიკის ანგარიში
please wait

No media source currently available

0:00 0:04:01 0:00
გადმოწერა

ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანა ადგილობრივმა მოთხოვნამ, რასაც, ფისკალური სტიმულისა და ინვესტორთა განწყობის გაუმჯობესების ფონზე, მოხმარებისა და ინვესტიციების ზრდა განაპირობებს. ამის საპირისპიროდ, უარყოფითი წვლილი ჰქონდა წმინდა ექსპორტს, რაც იმპორტის ზრდით იყო განპირობებული.

საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2016 წელს ეკონომიკური ზრდა 3.5 % იქნება, რაშიც პოზიტიურ წვლილს შეიტანს, ფისკალური სტიმულისა და მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის ფონზე, მოხმარებისა და ინვესტიციების ზრდა. იმავე პროგნოზით, უარყოფითი წვლილი ექნება წმინდა ექსპორტს, რაც სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური ვითარების უარყოფით გავლენას ასახავს. კერძოდ, 2016 წელს სუსტი იქნება საქონლის ექსპორტის ზრდა და ფულადი გზავნილების შემოდინება. მოსალოდნელია, რომ ზრდა შენარჩუნდეს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს საგარეო დისბალანსის შემცირებას.

ნავთობის ფასები, 2016 წლის დასაწყისში მცირე ზრდის მიუხედავად, შემცირებულ დონეზე რჩება და მისი გავლენა ადგილობრივ ეკონომიკაზე არაერთგვაროვანია. კერძოდ, იგი ნეგატიურია სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებისთვის და უარყოფითი გავლენა გადმოეცემა ადგილობრივ ეკონომიკას, თუმცა, მეორე მხრივ, ნავთობის ფასების შემცირება პოზიტიურ გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე, იმპორტზე, სავალუტო დანახარჯებისა და სამომხმარებლო ფასების შემცირების სახით.

წლიური ინფლაცია შემცირდა 2016 წლის მეორე კვარტალში და ივნისში 1.1 % შეადგინა. ინფლაცია ეროვნული ბანკის მიზნობრივი მაჩვენებლის დაბლა ნარჩუნდება, რასაც სუსტი ერთობლივი მოთხოვნა, შემცირებული ინფლაციური მოლოდინები და საერთაშორისო ბაზრებზე შემცირებული საწვავისა და სურსათის ფასები განაპირობებს. გარდა ამისა, წლის დასაწყისიდან ინფლაციის მკვეთრი შემცირება საბაზო ეფექტმაც განაპირობა. კერძოდ, 2015 წელს საგარეო შოკის ფონზე ლარის აშშ დოლართან გაუფასურების შედეგად, კომპანიების უცხოური ვალუტის სესხებზე მომსახურების ტვირთის ზრდამ ფასების ერთჯერადი ზრდა განაპირობა, რომლის ეფექტი ინფლაციაში ეტაპობრივად იწურება.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაცია საბაზო ეფექტის გავლენით მცირედით კიდევ დაიკლებს, თუმცა მეოთხე კვარტალიდან ეტაპობრივად გაიზრდება და საშუალოვადიან პერიოდში სამიზნე მაჩვენებლის ფარგლებში იქნება.

2017 წელს ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელი 4 %-ს შეადგენს, ხოლო 2018 წლიდან 3 %-მდე შემცირდება. ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით, ძირითადად სუსტი ერთობლივი მოთხოვნა, ინფლაციური მოლოდინები და იმპორტული საქონლის ფასების შემცირება მოქმედებს. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და სურსათის შემცირებული ფასების და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტის გაუფასურების შედეგია.

არსებული პროგნოზები დაბალანსებულია რისკებით როგორც ზრდის, ისე შემცირების მიმართულებით, ნათქვამია ანგარიშში.

ზოგადად, დოკუმენტი საკმაოდ საინტერესოა და მასში, საქართველოს ეკონომიკის განვითარების პროგნოზირების თვალსაზრისით, სხვა საინტერესო დასკვნებსაც ამოიკითხავთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG