Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონიტორინგის აუცილებლობა


სოხუმი
სოხუმი

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ 34-ე სესიის ფარგლებში მიიღო რეზოლუცია “თანამშრომლობა საქართველოსთან”, რომელშიც გამოთქმულია სერიოზული შეშფოთება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, საქართველო და მის მიერ ინიცირებული რეზოლუციის თანასპონსორი 43 ქვეყანა მოუწოდებენ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს დაუყოვნებლივ უზრუნველყოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შეღწევა და მონიტორინგის ადგილზე წარმოება.

მონიტორინგის აუცილებლობა
please wait

No media source currently available

0:00 0:05:52 0:00
გადმოწერა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, 24 მარტს ჟენევაში მიღებული დოკუმენტი არის პირველი რეზოლუცია, რომელიც მიიღო საქართველოს საკითხზე ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებელმა გაეროს სპეციალურმა ორგანომ, ადამიანის უფლებათა საბჭომ. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის, მიხეილ ჯანელიძის, თქმით, რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. და კიდევ:

მიხეილ ჯანელიძე
მიხეილ ჯანელიძე

„რეზოლუციაში გამოთქმულია სერიოზული შეშფოთება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ხაზგასმულია ადამიანთა გატაცებების, უკანონო დაკავებების, საკუთრების უფლებაში ჩარევის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების, თავისუფალი გადაადგილებისა და ცხოვრების უფლებების დარღვევის ფაქტები“.

გარდა ამისა, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესია აღნიშნავს, რომ საქართველოს ორივე სეპარატისტულ რეგიონში ადგილი აქვს ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის შემთხვევებს, რომ იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები კვლავაც ვერ ახერხებენ თავიანთ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებას. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის, თქმით, მიღებული დოკუმენტი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ გაერო აღნიშნავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით მონიტორინგის აუცილებლობას:

„კერძოდ, ეს ნიშნავს იმას, რომ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ადამიანის უფლებათა საკითხებში დაევალა, რომ შეისწავლოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა და შესაბამისი ანგარიში გააცნოს ადამიანის უფლებების საბჭოს მომდევნო სესიებზე. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია პირველ რიგში იმიტომ, რომ საქართველოს საკითხი ძალიან აქტიურად დგას გაეროს დღის წესრიგში და ის დადგება მომდევნო სესიების განმავლობაშიც“.

მართლაც, რეზოლუციის მიხედვით, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ავალებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს განაგრძოს საქართველოსთვის ტექნიკური დახმარების გაწევა და წარმოადგინოს ანგარიში საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ საბჭოს მომდევნო, 35-ე და 36-ე, სესიებზე. პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ეს გადაწყვეტილება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგანაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ქართული დიპლომატია გაეროში მხოლოდ გენერალური ასამბლეის დონეზე თუღა ახერხებდა რეზოლუციის გატანასა და მხარდაჭერას:

ამან შეიძლება გარკვეული ხნის შემდეგ გამოიღოს შედეგი, თუმცა იმ პირობებში, რაც დღეს ხდება აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში და, მით უმეტეს, რუსეთის პოზიციების კონსოლიდაციის პირობებში, ეჭვი მეპარება, რომ გაერო შეძლებს სადამკვირვებლო მისიის განხორციელებას...
კორნელი კაკაჩია

„ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქართული დიპლომატია უკვე ახერხებს მნიშვნელოვანი საკითხების მაღალ ტრიბუნაზე გატანას, რაც წინა წლებში იყო, ფაქტიურად, წარმოუდგენელი. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ რუსეთ-საქართველოს ომმა საქართველოს იმიჯი ცოტა არ იყოს შებღალა საერთაშორისო ორგანიზაციებში. რეზოლუციის მიღება კი იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა და, მათ შორის, გაერო უკვე მიიჩნევს, რომ ეს საკითხები არის აშკარად საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე გამოსატანი, განსაკუთრებით ის საკითხები, რომლებიც ეხება გადაადგილების უფლებას, მშობლიურ ენაზე განათლების უფლებას და სხვა საკითხებს, რომელთა შესახებ დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ ყველა დუმდა“.

ასევე საყურადღებოა ის, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში მიღებული რეზოლუცია შეიცავს მოწოდებას, მიღებული იქნეს სათანადო ზომები გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შეღწევის დაუყოვნებლივ უზრუნველსაყოფად. კორნელი კაკაჩიას თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა დაბლოკა ცხინვალის რეგიონში ეუთოს, ხოლო აფხაზეთში გაეროს დამკვირვებელთა მისია, 24 მარტს მიღებული რეზოლუცია კი იმის მანიშნებელი უნდა იყოს, რომ გაერო ცდილობს ეს ვითარება შეცვალოს.

„როგორც ჩანს, გაერო ამზადებს საფუძველს ან სურვილი აქვს, რომ დაბრუნდეს მათი მისია და დააკვირდეს ამ პროცესებს. ბუნებრივია, ეს არ იქნება ადვილი. როგორც გაეროში, ასევე ეუთოში რუსეთს აქვს ვეტოს უფლება და ამის გამოა, რომ ჯერჯერობით ვერ ხერხდება, თუმცა საინტერესოა, რა იქნება ახლა. თუ მომავალში მსგავსმა ანგარიშებმა მოიმატა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაიწყეს ამაზე წერა, შესაძლოა გარკვეულწილად ეს იყო ზეწოლის მექანიზმი იგივე სეპარატისტულ ხელისუფლებებზე და, თუნდაც, რუსეთზე. ამან შეიძლება გარკვეული ხნის შემდეგ გამოიღოს შედეგი, თუმცა იმ პირობებში, რაც დღეს ხდება აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში და, მით უმეტეს, რუსეთის პოზიციების კონსოლიდაციის პირობებში, ეჭვი მეპარება, რომ გაერო შეძლებს სადამკვირვებლო მისიის განხორციელებას“, უთხრა რადიო თავისუფლებას კორნელი კაკაჩიამ, რომლის თქმით, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, უფრო რეალურია არა დამკვირვებელთა მისიის, არამედ გაეროს ჰუმანიტარული ან სხვა სახის მისიის ორგანიზაციის ფუნქციონირება, რომელიც, სავარაუდოდ, თბილისიდან დაფარავს სეპერატისტულ რეგიონებს, რადგანაც სტატუსის საკითხი მხარეებს არ აძლევს კონსენსუსის მიღწევის საშუალებას. არადა, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს ავალებს წარმოადგინოს ანგარიში საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG