Accessibility links

ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის ორი უმსხვილესი პროვაიდერის - „კაუკასუს ონლაინის“ და „სილკნეტის“ - შერწყმის თაობაზე თანხმობის გასაცემად კომუნიკაციების ეროვნული კომისია საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს. პროცედურა გულისხმობს ბაზრის და კომპანიების არგუმენტაციის შესწავლას, რის საფუძველზეც გაიცემა ნებართვა კომპანიების წილის შერწყმაზე. წარმოიშობა თუ არა კომუნიკაციების ბაზარზე მონოპოლია და რას მიიღებს მომხმარებელი მსხვილი პროვაიდერების შესაძლო შერწყმით?

„კაუკასუს ონლაინმა“ და „სილკნეტმა“ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას თავიანთი წილების სრული შერწყმის თაობაზე განაცხადით 27 ივლისს მიმართეს, კომისიამ კი საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო კვლევისა და ანალიზის ჩასატარებლად. როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხატია ყურაშვილი ამბობს, ეს პროცედურა აუცილებელია იმისათვის, რომ გაირკვეს, რა ცვლილებები შეიძლება ამ ორი კომპანიის შერწყმას მოჰყვეს ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრისთვის:

„როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით არის გათვალისწინებული, ეს კვლევა სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება და სწორედ ამ კვლევის დასრულების, საფუძვლიანი და არგუმენტირებული დასკვნის მიღების შემდეგ იმსჯელებს უკვე კომისია თანხმობის მიცემა-არმიცემის თაობაზე, ანუ რა შესაძლო ცვლილებები შეიძლება მოჰყვეს ამ ორი კომპანიის გაერთიანებას, შეიზღუდება თუ არა კონკურენცია და რა გავლენა შეიძლება იქონიოს როგორც ფიზიკურ პირებზე, ამ კომპანიის აბონენტებზე, ასევე იურიდიულ პირებზე, რომლებიც ასევე მათი აბონენტები არიან, ანუ პროცედურულად მასშტაბური კვლევა გაუძღვება წინ ამ გადაწყვეტილების მიღებას“.

„კაუკასუს ონლაინის“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჯერჯერობით ორი კომპანიის შერწმის თაობაზე არავითარი დოკუმენტაცია არ გაფორმებულა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პოზიციის გაცნობა მათთვის ამგვარი მოლაპარაკების დაწყების წინაპირობა იქნება. ამასთან, როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, „უახლოეს დღეებში „კაუკასუს ონლაინი“ არ გამორიცხავს სხვა ადგილობრივ ოპერატორებთან ერთად მიმართოს კომისიას ერთობლივი საქმიანობის წარმოებისა თუ აქტივების ნასყიდობის დასაშვებობის თაობაზე მისი პოზიციის გასაგებად. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე კომისიაში განსახილველად შეტანილია ანალოგიური წერილი შპს „მაგთიკომთან“ დაკავშირებით. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ მიმდინარე პროცესები სატელეკომუნიკაციო კომპანიების განვითარების პროცესში ბუნებრივია“, - აღნიშნულია „კაუკასუს ონლაინის“ განცხადებაში.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ევგენიძემ რადიო თავისუფლების დილის ეთერში ორი უმსხვილესი პროვაიდერი კომპანიის შესაძლო შერწყმის შედეგებზე ისაუბრა:

„ამ ორი კომპანიის შერწყმით საქართველოში უკვე ოფიციალურად იქმნება მონოპოლისტი ინტერნეტპროვაიდერი, რომელიც დღეისთვის არა მხოლოდ ინტერნეტის, არამედ, მაგალითად, ისეთი სერვისის, როგორიც ტელევიზიების ე. წ. გადახვევის მომსახურებაა, ერთადერთი მიმწოდებელი იქნება. ბოლო პერიოდში ამ ორმა კომპანიამ პრაქტიკულად უნისონში განახორციელა ინტერნეტ და სატელევიზიო მომსახურების ფასის მნიშვნელოვანი ზრდა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ კომპანიების გაერთიანება მომხმარებლების ინტერესების დაცვას მოემსახუროს და ფასების შემცირებაზე დადებითად აისახოს“.

„კაუკასუს ონლაინი“ სატელეკომუნიკაციო ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშეა რეგიონის მასშტაბით, ერთ-ერთი უმსხვილესი პროვაიდერია როგორც საცალო, ასევე საბითუმო ბაზარზე. მას ეკუთვნის შავი ზღვის ფსკერზე არსებული 1200-კილომეტრიანი ოპტიკურბოჭკოვანი კაბელი, რომლითაც საქართველო ევროპიდან ინტერნეტს იღებს. ამასთან, „კაუკასუს ონლაინი“ სომხეთში ინტერნეტის მიწოდების 85 %-ს, აზერბაიჯანში 50 %-ს, საქართველოში კი 55 %-ს უზრუნველყოფს.

„სილკნეტი“ კი ერთადერთი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებელს აწვდის სრულ სატელეკომუნიკაციო სერვისს. ამაში იგულისხმება სატელეფონო მომსახურებაც, ტელევიზიაც და ინტერნეტიც.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) სატელეკომუნიკაციო მიმართულების სპეციალისტის უჩა სეთურის თქმით, პრობლემაა არა ის, რა სურთ კოპმანიებს, არამედ რას აკეთებს სახელმწიფო, ვინაიდან, მისი თქმით, საქართველოში ბოლო 8 წლის განმავლობაში პატარა ინტერნეტპროვაიდერების რაოდენობა კი იზრდება, მაგრამ მათი წილი ბაზარზე არ იზრდება. საქართველოში ასეთი სულ 150 მცირე პროვაიდერია, მაგრამ, უჩა სეთურის თქმით, როგორც ჩანს, მათ განვითარებას ბარიერები ექმნება, მათ შორის, საბითუმო ბაზართან დაკავშირებული პრობლემების სახით და სხვა. უჩა სეთურის თქმით, მთავარია, რას მიიღებს მომხმარებელი:

„ეს პირდაპირ ურტყამს ბაზარზე ინვესტიციების შემოსვლას, მცირე კომპანიების გაჩენას და უცხოელების შემოსვლას ჩვენს ბაზარზე, იმიტომ რომ იქმნება მონოპოლია და ჩვენი ბაზარი მათთვის ნაკლებად საინტერესო იქნება. და, რაც ყველაზე მთავარია და ეს არის მეორე პრობლემა, ეს არის მომსახურების ხარისხი და მომსახურების ფასი. ჩვენ კი გვეუბნებიან, რომ ჩვენი ფასები ყველაზე დაბალია, მაგრამ არ არის ასე, დამერწმუნეთ. არ შეიძლება ჩვენ ევროპულ ფასებს შევადაროთ ჩვენთან არსებული ფასები პირდაპირ, ვინაიდან აქ არის მაკორექტირებელი მაჩვენებელი, მაგალითად თუნდაც „ბიგმაკის“ ინდექსი რომ ავიღოთ. „ბიგმაკი“ სხვაგან სხვა ფასი ღირს, საქართველოში მას აქვს სხვა ფასი, იმიტომ რომ მომხმარებლის მთლიანი შიდა პროდუქტი არის ჩვენთან განსხვავებული, ამიტომ ფასების შედარებაც ამ პრინციპით უნდა მოხდეს“.

მონოპოლიების გაკონტროლება სახელმწიფოსთვისაც პრობლემაა, ამბობს უჩა სეთური, ვინიდან კომპანიები მომხმარებლებს სთავაზობენ მომსახურებათა პაკეტს, აქვთ დიდი ხარჯები და მათთვის იოლია ტარიფების დასაბუთებაც. მაღალი ფასისა და დაბალი მომსახურების შეთავაზებით კი მომხმარებელი ზარალდება.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სამთვიანი ვადა აქვს მოთხოვნის შესასწავლად და დასკვნის გამოსაქვეყნებლად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG