Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონტი ალექსანდერის კონცერტმა ვაშინგტონში ანშლაგით ჩაიარა


მონტი ალექსანდერი
მონტი ალექსანდერი

წინა-საახალწლო დღეებში, ქალაქ ვაშინგტონის ლეგენდარული ჯაზ კლუბი Blues Alley გამოჩენილ იამაიკელ პიანისტს მონტი ალექსანდერს მასპინძლობდა. კონცერტების სერია ახალი ნამუშევრის Harlem-Kingston-Express-ის მეორე კრებულს მიეძღვნა.

50 წლიანი თავბრუდამხვევი კარიერის მანძილზე, ალექსანდერს ისეთ ვარსკვლავებთან მოუწია მუშაობა, როგორებიც არიან დიზი გილესპი, სონი როლინსი, ქუინსი ჯონსი, ფრენკ სინატრა და მრავალი სხვა. მუსიკოსმა არაჩვეულებრივად შესძლო ამერიკული ჯაზის, კარიბული ჰანგების და პოპის შერწყმა. იგივე სახელწოდების კრებულის პირველი ნაწილი მონტი ალექსანდერმა 2011 წელს გამოსცა და გრემის ნომინანტთა სიაშიც მოხვდა. ისევე როგორც პირველ კრებულში, ახალ ნაშრომში ალექსანდერმა ელექტრო მუსიკა, რეგი, ჯაზი და ლათინური მუსიკის კომბინაცია წარმოადგინა.

მონტი ალექსანდერმა Blues Alley-ში პირველივე აკორდებიდან საახალწლო გარემო შექმნა, და გააჟღერა ყველასათვის ცნობილი საშობაო და საახალწლო მუსიკის ჯაზური ვერსიების იმპროვიზაცია. შოუების პირველი ნაწილი აკუსტიკური ინსტრუმენტების-ფორტეპიანოს, ბასის და დასარტყამი ინსტრუმენტის თანხლებით მიმდინარეობდა. მუსიკოსმა შეასრულა როგორც საკუთარი კომპოზიციები, ასევე ვაშინგტონის მკვიდრის, ლეგენდარული პიანისტის და კომპოზიტორის დიუკ ელინგტონის კომპოზიცია Love You Madly. კონცერტების მეორე ნაწილში მონტი ალექსანდერმა სცენაზე წარადგინა იამაიკელი მუსიკოსები, რომლებმაც ელექტრო ინსტრუმენტებით გაამშვენიერეს საღამოები.

მუსიკოსი კლუბში ოთხი დღის მანძილზე ორ-ორ კონცერტს ანშლაგებით უკრავდა. 31 დეკემბერს კი ბოლო, დამაგვირგვინებელი კონცერტი ახალი წლის შეხვედრით დასრულდა.

XS
SM
MD
LG