Accessibility links

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა საზოგადოებას წარუდგინა მოქვის სახარების ახალი, სამენოვანი (ქართული, აფხაზური, ინგლისური), ალბომი, რომელიც გამოიცა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების ინიციატივითა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით. ალბომის გამოცემას წინ უძღოდა ქართველი და უცხოელი რესტავრატორების მრავალწლიანი დაუღალავი შრომა, რომლის შედეგადაც მოხერხდა 1300 წელს გადაწერილი მოქვის უნიკალური ოთხთავის გადარჩენა.სპეციალისტების განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევდაეტრატის ფურცლოვან ოქროზე შესრულებული მინიატიურების დაშლის პროცესი.

მოქვის სახარების მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული ალბომი ინარჩუნებს ხელნაწერის ავთენტიკურ ფორმატს და შეიცავს 155 უნიკალური მინიატიურის რეპროდუქციას. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის ბუბა კუდავას თქმით, თვითონ ოთხთავი, უნიკალური ისტორიული ძეგლი და ხელოვნების ნიმუში, გადაწერილია 1300 წელს აფხაზეთში, ღვთისმშობლის სახელობის მოქვის ეკლესიაში, დანიელ მოქველი ეპისკოპოსის დაკვეთით. ხელნაწერი ცნობილია მდიდრული, ტრადიციული ქართული ორნამენტებითა და მინიატიურებით. ხელნაწერში 329 ფურცელი, 160 სიუჟეტური მინიატიურა, 10 კამარა, 4 თავსამკაული და 531 მოხატული საზედაო ასოა. ტექსტი შესრულებულია ნუსხურით, თუმცა, როგორც ბუბა კუდავა ამბობს, მოქვის სახარება გამორჩეულია იმითაც, რომ მას უკავშირდება ყველაზე დიდი სარესტავრაციო პროექტი ხელნაწერთა სფეროში და ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო კამპანია:

„მთლიანად პროექტი - საქველმოქმედო კამპანია და საკონსერვაციო სამუშაოები - ხუთ წელიწადს გაგრძელდა და ამ საქმეში ჩართული იყო მთელი საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციები, იუნესკოს სახით. მოქვის სახარების გადარჩენის პროექტი გახლავთ ყველაზე მასშტაბური სახალხო სარესტავრაციო პროექტი ჩვენს დარგში“.

მოქვის სახარების ახალი, სამენოვანი, ალბომის პრეზენტაცია

მოქვის სახარების ახალი, სამენოვანი, ალბომის პრეზენტაცია

მოქვის სახარების გადასარჩენად ასევე გაიმართა რამდენიმე საქველმოქმედო კონცერტი და აუქციონი. ორგანიზაციებმა და ცალკეულმა მოქალაქეებმა გაიღეს შემოწირულებები. მნიშვნელოვანი იყო იუნესკოს გადაწყვეტილება 24 ათასი ამერიკული დოლარით დაეფინანსებინა მოქვის ოთხთავის დიაგნოსტიკის პროექტი, რომელმაც თვალსაჩინო გახადა ხელნაწერის მძიმე მდგომარეობა. 2010 წელს, რადიო თავისუფლების თხოვნით, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, პროფესორმა ელენე მაჭავარიანმა მოქვის ოთხთავის პრობლემა ასე აღწერა:

„სამწუხაროდ, ისეთ მდგომარეობაშია, რომ მასთან მკვლევარის მიკარებაც კი არ შეიძლება და, ფაქტობრივად, ხელსაც კი ვერ ვახლებთ. ხდება ისე, რომ მიკრონაწილაკები ცვივა მინიატიურას, მიმობნეულია ეტრატის სხვადასხვა ნაწილებზე და ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. მხატვრობა შესრულებულია ტყავზე, მაგრამ ფონად აქვს გამოყენებული ოქრო. დროთა განმავლობაში საღებავებსა და ეტრატს შორის არსებული შემაკავშირებელი ნივთიერება ამოშრა, საღებავებმა შეიშრო ეს ოქრო. ამის გამო მინიატიურების ნახატობა იშლება, იტკიცება და საჭიროებს დახმარებას. ძალიან ადრე კვერცხის ცილით დაფარეს კამარები, ანუ შესამაგრებელ ნივთიერებად გამოიყენეს კვერცხის ცილა, მაგრამ ამან მოგვცა უარყოფითი შედეგი. შემდეგ საქართველოში მოწვეულმა გერმანელმა რესტავრატორმა სცადა შემაკავშირებელი ნივითერების ამოქაჩვა, რათა მისი საშუალებით შეწებებულიყო საღებავების ფენა ეტრატთან, მაგრამ ვერც ამან გაამართლა“.

მოქვის სახარების მდგომარეობა იმანაც გაართულა, რომ გადამწერმა გადაუხვია იმ დროისათვის არსებულ ტრადიციას და მინიატიურები შეასრულა მთლიან ოქროს ფირფიტებზე. ამ გარემოების გათვალისწინებით, როგორც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრატორი თამარ დვალიშვილი ამბობს, გერმანელ და შვეიცარიელ მეცნიერებთან ერთად ძეგლზე მუშაობისას არჩეული იქნა განსაკუთრებული მეთოდოლოგია.

თამარ დვალიშვილი

თამარ დვალიშვილი

„სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, შევეცადეთ მაქსიმალურად, რომ არ შევხებოდით მინიატიურის კოლორიტს და არ შეცვლილიყო ფერი. ამის გამო პროცესი იყო ძალიან რთული. წარმოიდგინეთ, რამდენი ბზარი ჰქონდა თითოეულ პატარა მინიატიურას და სათითაოდ ყოველი ბზარი გავამაგრეთ. ხელნაწერების შემთხვევაში არ ხდება სრული რესტავრაცია, როგორც ფერწერის სხვა ნიმუშებზე, მაგალითად, ხატებსა და ტილოებზე. აქ კეთდება კონსერვაცია, ანუ მაგრდება დაზიანებული უბნები და კონსერვირდება იმ სახით, როგორი სახითაც მოაღწია ჩვენამდე. არანაირი ჩარევა გარედან არ ხდება, არანაირი დამატება და სახის შეცვლა“, უთხრა თამარ დვალიშვილმა რადიო თავისუფლებას.

სპეციალისტების შეფასებით, მოქვის სახარება წარმოადგენს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან სულიერ და მატერიალურ ძეგლს, რომლის აღდგენა-გადარჩენაში ჩართული იყვნენ საქართველოს როგორც საერო, ასევე სასულიერო წრეების წარმომადგენლები.

მოქვის სახარების ახალი, სამენოვანი, ალბომი

მოქვის სახარების ახალი, სამენოვანი, ალბომი

„ეს არის საქართველოს ეკლესიისა და მთელი ერის უდიდესი სიწმინდე და მის გადარჩენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მოქვის სახარება არის მსოფლიოს კულტურის შედევრი და საქართველოს სავიზიტო ბარათი მსოფლიო კულტურაში. რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი დაკარგვა!“ - უთხრა რადიო თავისუფულებას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა თეოდორემ.

„მსგავსი არ არსებობს, უნიკალური მოვლენაა! კი არის დაკავშირებული ბიზანტიურ ტრადიციებთან, ახლო აღმოსავლეთის ხელოვნების სხვადასხვა ცენტრთან, მაგრამ მაინც ისეთი ნიშნებითაა გამორჩეული, რომლებიც სხვაგან არსად გვხვდება. ამის გამო მისი გადარჩენა არის ძალიან ღირებული რამ“, უთხრა რადიო თავისუფლებას ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა.

საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და მთელი საზოგადოების ძალისხმევით, მოქვის ოთხთავი განადგურებას გადაურჩა. რესტავრირებული სახარება რამდენჯერმე გამოიფინა კიდეც. როგორც ცენტრის თანამშრომლები ამბობენ, საზოგადოებას კიდევ არაერთხელ მიეცემა მისი ხილვის საშუალება, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია მოქვის სახარების ახალი, სამენოვანი, ალბომის გამოცემა, რომელიც, როგორც ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ვლადიმერ კეკელია ამბობს, მაღალ პოლიგრაფიულ დონეზეა შესრულებული და ინარჩუნებს ხელნაწერის ავთენტიკურ ფორმატს.

მოქვის სახარების ახალი ალბომის პრეზენტაცია

მოქვის სახარების ახალი ალბომის პრეზენტაცია

„თავში არის მოცემული თვითონ მოქვის სახარების შესწავლის ისტორია, მოკლედ არის მოთხრობილი იმ ტაძრის შესახებ, სადაც გადაიწერა და შეიქმნა ეს ხელნაწერი. ასევე ცალკეა გამოყოფილი მინიატიურა და მისი მნიშვნელობა ამ სახარებაში და გამოყოფილია საზედაო ასოები. ამის შემდეგ მოდის ალბომი, რომელშიც წარმოდგენილია ყველა მინიატიურა სრულად ისეთივე თანამიმდევრობით, როგორც არის ორიგინალ ხელნაწერში. შემდეგ ერთი რუბრიკა ეთმობა საზედაო ასოებს და ბოლოს ერთვის ხელნაწერის სრული კატალოგი თავისი დასახელებებითა და გვერდების მითითებით. მთელი ეს ინფორმაცია გადმოცემულია სამ ენაზე - ქართულად, აფხაზურად და ინგლისურად“, უთხრა რადიო თავისუფლებას ვლადიმერ კეკელიამ, რომლის თქმითაც, ალბომის გამოცემა დააფინანსა გაეროს განვითარების პროგრამამ და ევროკავშირმა, რომელთა წარმომადგენლები აპირებენ ალბომის რამდენიმე ასეული ეგზემპლარის აფხაზეთში შეტანასა და გავრცელებას, რაც კიდევ უფრო გაამდიდრებს უნიკალური ძეგლის ისედაც მდიდარ თავგადასავალს.

ცნობილია, რომ 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის დროს ემიგრაციაში წასულმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ მოქვის სახარება, სხვა ქართულ ხელნაწერებთან ერთად, საფრანგეთში გაიტანა. საქართველოში კი, ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით, 1945 წელს დაბრუნდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG