Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული სპეცრაზმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე და დადებითად გადაწყვეტილი სარწყავი წყლის პრობლემა


ერგნეთის შეხვედრის მონაწილეები
ერგნეთის შეხვედრის მონაწილეები

ერგნეთის დღევანდელი შეხვედრა ოსური მხარის პრეტენზიით დაიწყო. დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ ქართული პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლაში დაადანაშაულა. მისი თქმით, თავიდან იქნა აცილებული შეიარაღებული დაპირისპირება პოლიციელებსა და რუსეთის მესაზღვრეებს შორის, რომლებიც იმ დროს ტერიტორიაზე პატრულირებდნენ. გაგლოითი ქართულ მხარეს აფრთხილებს, რომ პოლიციელებმა გამყოფ ხაზთან მიახლოებისგან თავი შეიკავონ - წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა შეიარაღებულ პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი.

ეს ინციდენტი სოფელ დიცის მინდორში მოხდა, სადაც რუსეთის მესაზღვრეებმა, "საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, 36 წლის გოჩა ბერუაშვილი დააკავეს. ბერუაშვილი ოკუპირებული სოფელ ერედვიდან იძულებით გადაადგილებული პირია და ამჟამად შავშვების დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. იგი ტრაქტორით დიცის მიმართულებით მინდორში მოძრაობდა, რა დროსაც სამხედრო "ვილისი" გადაუყენეს და დააკავეს. რუსეთის მესაზღვრეებმა გოჩა ბერუაშვილთან ერთად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მისი ტრაქტორიც გადაიყვანეს. საქმის ვითარების გასარკვევად პოლიციის წარმომადგენლები სწორედ ამ მინდორში მივიდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, ბერუაშვილის გარდა, კიდევ ექვსი მოქალაქის გათავისუფლება მოითხოვეს. ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შალვა ენუქიძის განცხადებით, ოსური დელეგაციისგან მიიღეს პირობა, რომ დაკავებულებს ახლო მომავალში გაათავისუფლებენ.

ოსური მხარის ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, "საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, საქართველოს 20 მოქალქე იქნა დაკავებული. დიდი ნაწილი სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის საფუძველზე გათავისუფლდა, მოქალაქეების ნაწილის მიმართ კი ისევ მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. ერგნეთის 56-ე შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ წამოსწია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული გრიგოლ ნალბანდოვისა და ერთი წლის წინ გაუჩინარებული რომან შიტიკოვის მოძიების საკითხი, თუმცა ოსური მხარისგან დამაიმედებელი ინფორმაცია ვერ მიიღო.

ამ შეხვედრაზე ერთი საკითხი პოზიტიურად გადაწყდა. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გორთან ახლოს მდებარე რამდენიმე ოსური სოფლისთვის სარწყავი წყლის მიწოდება მოითხოვეს და, სამაგიეროდ, ტირიფონის სარწყავ სისტემაში წყლის გაშვების პირობა დადეს. გარდა ამისა, დე ფაქტო ხელისუფლებამ საკუთარ თავზე აიღო დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული არხის მონაკვეთის გამწმენდი სამუშაოების ჩატარება. ტირიფონის სარწყავი სისტემა სათავეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იღებს, შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს კვეთს და ბოლოს ისევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადადის. გასულ წელს ქართული მხარე ამ ჰუმანიტარული პრობლემის მოგვარებაში ოსურ მხარეს თანამშრომლობას სთავაზობდა, წელს კი საკითხი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დასვეს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სპეციალისტი გელა ზოზიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ თუ ოსური მხარე არხში საკმარის წყალს გაუშვებს, ქართული მხარე გორთან ახლოს მდებარე რამდენიმე ოსური სოფლისთვის წყლის მიწოდების პრობლემას არ შექმნის.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ერგნეთში 30 ივლისს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG