Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ 62-ე სამუშაო შეხვედრა, მზადება სამელიორაციო სისტემის გასაწმენდად


ერგნეთი
ერგნეთი

ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის 62-ე შეხვედრა 6 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სანაკოევმა ერგნეთი ისე დატოვა, რომ ქართველ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერაიამ კი იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც სხდომაზე განიხილეს.

შეხვედრის წინ ცნობილი გახდა, რომ ორი დღის წინ დაკავებული სოფელ ქერეს მცხოვრები 23 წლის ლევან ლაფაჩი წუხელ ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. ლაფაჩი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე სანადიროდ იყო წასული და სწორედ იმ დროს დააკავეს, ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით. დაკავებულის ოჯახის წევრები და თანასოფლელები ამტკიცებდნენ, რომ მას საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთია. გუშინ ცხინვალში გამართულ სასამართლო პროცესზე იგი 2 000- რუბლიანი ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ბერაიას თქმით, გასული ერთი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეების 11 დაკავების შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის ყველა მოქალაქე გათავისუფლებულია და მხოლოდ გასულ წელს დაკავებული ორი პირის გათავისუფლების შესახებ გრძელდება მოლაპარაკება. გარდა ამისა, ქართული მხარე დაჟინებით მოითხოვს გადმოსცენ საეჭვო ვითარებაში დაღუპული დავით ბაშარულის ცხედრის ექსპერტიზის პასუხი.

ოსურ მხარესთან მოლაპარაკება ტირიფონის სარწყავი სისტემის გაწმენდის თაობაზეც გაგრძელდა. ირაკლი ბერაიას განცხადებით, მხარეები თანხმდებიან, რომ სარწყავი სისტემა გასაწმენდია და იქ სამუშაოების ჩატარება აუცილებელია.

დღესვე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოითხოვა რამდენიმე თვის წინ სოფელ ხურვალეთთან, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრეების მიერ ჩამოხსნილი საქართველოს დროშა. პასუხად ოსური მხარე აცხადებს, რომ დროშა სისხლის სამართლის საქმეში ნივთმტკიცებად დევს და ქართულ მხარეს მხოლოდ საქმის დახურვის შემდეგ დაუბრუნდება. ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 25 თებერვალს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG