Accessibility links

logo-print

ავტორი: ირინა გურული

კორუფციის დონე ქვეყანაში მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ინვესტორების მოზიდვისთვის ქვეყანაში. საქართველოს საერთაშორისო ბიზნესრეიტინგებში დაწინაურების ერთ-ერთი წინაპირობა სწორედ კორუფციის დონის შემცირება გახლდათ. შესაბამისად, პირველ რიგში, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით არის შემაშფოთებელი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, 2016 წლის გაზაფხულზე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, ე.წ. ელიტური კორუფციის მიმართულებით სიტუაცია გაუარესებულია.

აღნიშნული გამოკითხვა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაკვეთით, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) ჩაატარა 2016 წლის 16-28 მარტის პერიოდში,. გამოკითხვაში 2032 ადამიანი მონაწილეობდა და ცდომილების საშუალო ზღვარი 3,2 %-ია.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 40 % მიიჩნევს, რომ პირადი მიზნების მისაღწევად საჯარო მოხელეების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება გავრცელებულია. 2015 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი - 15 %-ით, 2013 წელთან შედარებით კი, 28 %-ით არის გაზრდილი. კერძოდ, კითხვას, „რამდენად გავრცელებულია ან რამდენად არ არის გავრცელებული საჯარო მოხელეების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება პირადი მიზნების მისაღწევად”, გამოკითხულთა 40 % პასუხობს, რომ გავრცელებულია (15% - ძალიან გავრცელებულია, 25 % - უფრო გავრცელებულია, ვიდრე არ არის გავრცელებული), 11 % კი მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა გავრცელებული არ არის (6 % - უფრო არ არის გავრცელებული, ვიდრე გავრცელებულია, 5 % - საერთოდ არ არის გავრცელებული).

კვლევის თანახმად, განსხვავებული მდგომარეობაა დაბალ დონეზე კორუფციის (მექრთამეობის) კუთხით. კითხვაზე, “ბოლო 12 თვის განმავლობაში მოუთხოვიათ თუ არა თქვენგან ქრთამი, იქნებოდა ეს ფულადი თუ არაფულადი, სახელმწიფო მომსახურებისთვის”, რესპონდენტთა 99 % პასუხობს, რომ მათგან ქრთამი არ მოუთხოვიათ. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებელი - 99 %-ს, 2013 წელს კი 95 %-ს შეადგენდა. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, კვლევის ასეთი შედეგი მიუთითებს, რომ საქართველოში დაბალ დონეზე კორუფციის (მექრთამეობის) პრობლემა კვლავაც არ დგას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, ის ფაქტი, რომ საჯარო მოხელეების მიერ თანამდებობის პირადი მიზნების მისაღწევად ბოროტად გამოყენებას საზოგადოება სულ უფრო პრობლემურად მიიჩნევს, მიუთითებს ანტიკორუფციული კანონმდებლობისა და მისი აღსრულების მექანიზმების დახვეწის აუცილებლობაზე. განსაკუთრებით, ეს მაღალ დონეზე არსებულ კორუფციულ რისკებს ეხება. ანტიკორუფციული კანონმდებლობისა და მისი აღსრულების მექანიზმების დახვეწის საჭიროებაზე მიუთითებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ 2015 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული კვლევაც, რომელიც ანტიკორუფციული კანონმდებლობის ნორმების პრაქტიკაში შესრულებას ეხებოდა. კვლევის თანახმად, საჯარო უწყებების შიდა ანტიკორუფციული მექანიზმები სუსტია და რიგ შემთხვევებში ვერ უზრუნველყოფს ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის რისკების ეფექტიანად პრევენციას.

აღნიშნულ გამოწვევასთან გასამკლავებლად ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაციაა, შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც სათანადო უფლებამოსილებებით, რესურსებით და პოლიტიკური დამოუკიდებლობით იქნება აღჭურვილი. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პარლამენტში წარდგენილი აქვს, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს ის ჯერ არ განუხილავს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG