Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მლაშეს მოსახლეობა საავტომობილო გზების დეპარტამენტის წინააღმდეგ


2015 წელს, მლაშე-მოხე-დერცელის გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, 20-მდე ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაუზიანდა. მოსახლეობა დახმარებას უკვე სასამართლოს გზით ითხოვს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეს მოსახლეობა საავტომობილო გზების დეპარტამენტს სასამართლოში უჩივის. სოფლის ნაწილი მეწყერულ ზონაშია. ადგილობრივები სამთავრობო უწყებას უპირისპირდებიან და აცხადებენ, რომ დეპარტამენტს გზის სამშენებლო სამუშაოები არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა ეწარმოებინა. ზარალის ანაზღაურებას მართლმსაჯულების გზით ამ დროისათვის ექვსი ოჯახი ითხოვს.

ნანული გოგრიჭიანის ოჯახი უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ავარიულ საცხოვრებელში ცხოვრობს. ამბობს, რომ ახლად გარემონტებულ სახლს ბზარები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, მლაშე-მოხე-დერცელის გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. კედლის ბზარები სამუშაოების დროს ყოველდღიურად იზრდებოდა, შედეგად დეფორმირებულია კარ-ფანჯარა, მოშლილია საყრდენი კედელი, სახლის მეორე სართული, დანგრევის საშიშროებიდან გამომდინარე, გოგრიჭიანებმა მთლიანად დაცალეს.

გოგრიჭიანებმა თავდაპირველად ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართეს. საკითხის შესწავლის შემდეგ გამგეობამ დაზარალებულები საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გადაამისამართა. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საორგანიზაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მთავარი სპეციალისტი მამუკა კალანდაძე აცხადებს, რომ მოსახლეობას მან პასუხი კომპეტენციიდან გამომდინარე გასცა.

ნანული გოგრიჭიანის მიერ ზარალის კომპენსაციის მოთხოვნა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა არ დააკმაყოფილა, რის გამოც ოჯახმა კომპენსაცია ამჯერად სასამართლოს ძალით მოითხოვა. გოგრიჭიანების მსგავსად, ზარალის ანაზღაურებას ითხოვს მლაშეში მცხოვრები კიდევ ხუთი ოჯახი. გზების მშენებლობის დროს დაზიანდა ლილი ლობჯანიძის სახლიც, სადაც ჭერისა და კედლის ნაწილი ჩამოინგრა.

დაზარალებულმა სასამართლოში სარჩელის შეტანამდე მდგომარეობის შესასწავლად სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან სპეციალისტები მოიწვია. დასკვნაში, რომელიც 2015 წლის 28 სექტემბრით თარიღდება, ვკითხულობთ:

"მოქალაქე ლილი ლობჯანიძის საკუთრებაში არსებულ შენობაზე მის სიახლოვეს მიმდინარე საგზაო სამუშაოებს ზეგავლენა შეეძლო მოეხდინა სახლის უკვე ავარიულ მდგომარეობაზე და გამოეწვია მისი გაუარესება. აშკარაა, რომ ამ პროცესებამდეც შენობას, მეწყრული მოვლენების შედეგად, უკვე ჰქონდა მიყენებული სერიოზული დაზიანებები საშუალო გახსნილობის ბზარების სახით. ჩატარებულმა სამუშაოებმა გამოიწვია უკვე არსებული დაზიანებების მდგომარეობის გაუარესება, რაც გამოიხატება ბზარების გახსნილობის გადიდებით და ლოკალური ნგრევებით“.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნულ სახლში ცხოვრება საშიშია და შესაძლოა ნებისმიერ მომენტში ჩამოინგრეს. დასკვნის მიღებიდან მეორე დღესვე ლობჯანიძეების ოჯახმა საავტომობილო გზების დეპარტამენტს განცხადებით მიმართა და ზარალის ანაზღაურება მოითხოვა, რაზეც უწყებისგან პასუხი 2016 წლის მაისში მიიღო. წერილში ვკითხულობთ:

"საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას საცხოვრებელი სახლის დაზიანების გამომწვევი კონკრეტული მიზეზის გარეშე განიხილოს მიყენებული ზიანის კომპენსირების საკითხი“.

ზარალის ანაზღაურებაზე უწყებიდან უარის მიღების შემდეგ ლილი ლობჯანიძემ სხვა დაზარალებულებთან ერთად კომპენსაციის მიღება მართლმსაჯულების ძალით გადაწყვიტა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში დავის დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებენ. მლაშეს ექვსი ოჯახისთვის კომპენსაციის მიღების საკითხი ახალციხის რაიონულ სასამართლოში 22 ნოემბერს გადაწყდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG