Accessibility links

პროტესტის ფონზე მიმდინარე მოსამართლეთა არჩევნები


იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი საბჭო 65 ვაკანტურ ადგილზე 122 მოსამართლის კანდიდატურას განიხილავს. მოსამართლეთა არჩევის პარალელურად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის, განცხადებით, საეჭვო რეპუტაციის მოსამართლეები ხელახლა არ უნდა დაინიშნონ. მოსამართლეთა შერჩევის პროცესს ასევე უარყოფითად აფასებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“. კოალიციაში მიიჩნევენ, რომ კონკურსი ტარდება მინიმალური პროცედურული გარანტიების გვერდის ავლით.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს სხვადასხვა სასამართლოში არსებულ 65 ვაკანტურ ადგილზე თავდაპირველად 125 მოსამართლის კანდიდატურას განიხილავდა, მოგვიანებით სამმა მათგანმა თავისი კანდიდატურა მოხსნა. ასარჩევ მოსამართლეებს შორის იყვნენ მოსამართლეები თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი და თამაზ ურთმელიძე. თამარ ალანია ისევ აირჩიეს მოსამართლედ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში. ადვოკატთა ასოციაცია მის კანდიდატურას აპროტესტებდა. ასოციაციის პრეზიდენტის, ზაზა ხატიაშვილის, თქმით, მოსამართლეები, რომელთა წარსული საქმიანობაც კითხვის ნიშნებს შეიცავს, ხელახლა არ უნდა ინიშნებოდნენ. ზაზა ხატიაშვილი თამარ ალანიას თავის დროზე ლევან მურუსიძის კანდიდატურის მხარდაჭერისა და გვანცა ყუფარაძის საქმის გამო აკრიტიკებდა:

„ჩემი ეჭვი დადასტურდა: „ქართული ოცნება“, ფაქტობრივად, გარიგებულია ამ იუსტიციის საბჭოსთან და მივიღეთ ჩვენ მურუსიძეების სასამართლო. 10 ხმას მიიღებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების „ბურჯი“ ურთმელიძე, გაბინაშვილი, მამია ფხაკაძე და იმ ჭაობიდან, რომელშიც არის სასამართლოს სისტემა, გამოსვლას ვერ დაიწყებს ვერასდროს, აი, ამ ხალხის ხელში“.

თამარ ალანია, რომელიც სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში 10 ხმით აირჩიეს, ზაზა ხატიაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ მის აბსურდულ განცხადებებს პასუხს არ გასცემს. კენჭისყრის ფარულობიდან გამომდინარე კი, მან არ იცის, ვინ დაუჭირა მის კანდიდატურას მხარი. თამარ ალანიას არ დაუკონკრეტებია, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ საზოგადოებაში სხვა პირების მიმართაც არის კითხვები და ეს ბუნებრივია:

„კენჭისყრა არის ფარული. შეიძლება გვქონდეს რაღაც მოლოდინები, მაგრამ დაზუსტებით არავინ იცის, ვინ რამდენ ხმას მიიღებს. ცხადია, არსებობს საზოგადოებაში კითხვები, თუმცა ეს კითხვები არის სხვა პირების მიმართაც და ეს ბუნებრივია“.

იუსტიციის საბჭომ სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში მერაბ გაბინაშვილიაირჩია,გიორგი ჩემიას კანდიდატურაკი ჩავარდა. თავდაპირველად მან 5 ხმა მოიპოვა, მეორე ეტაპზე კი - 4 ხმა, თანამდებობაზე დასამატკიცებლად კი მინიმუმ 10 მომხრის მხარდაჭერაა საჭირო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატაში ერთი ადგილი ვაკანტურიდარჩა. მერაბ გაბინაშვილის კანდიდატურას ხმა არ მისცა პრეზიდენტის წარმომადგენელმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ვახტანგ მჭედლიშვილმა, თუმცა, მისი თქმით, ამის მიზეზი მისდამი უნდობლობა არ ყოფილა:

„მე განზრახ არ დამიკლია ხმა, ის იყო ჩემს პოზიტიურ მოსამართლეთა სიაში. უბრალოდ, ორი ვაკანსია იყო და ერთ-ერთზე ბატონ მერაბს ვუჭერდი მხარს, მეორეზე - სხვას და არ დაემთხვა ეს ჩემი ხმა ჩემი კოლეგების ხმას. ეს იმას ნიშნავს, რომ მე არ მქონდა წინასწარ გავლილი კონსულტაცია და არ მქონდა შეთანხმება კოლეგებთან და შემთხვევითი აცდენა მოხდა. ბატონ მერაბ გაბინაშვილზე, როგორც ღირსეულ პიროვნებაზე, მე მთლიანად ვიღებ პასუხისმგებლობას“.

იურისტის, ადამიანის უფლებათა დამცველის, ლია მუხაშავრიას თქმით, იმ უკიდურესი კრიტიკის მიუხედავად, რომელიც არსებობს მოსამართლეთა დანიშვნისწესისა და პროცედურის მიმართ, ხელისუფლება არ ცდილობს პროცესი გააუმჯობესოსდა გახადოს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოსთვის შესაფერისი. ეს ყველაფერი, ლია მუხაშავრიას აზრით, მიუთითებს პოლიტიკური ნების უქონლობაზე და იმაზე, რომ ამ ხელისუფლებას ხელს აძლევს კონტროლირებადი მოსამართლეები. რაც შეეხება უშუალოდ პროცესს და მის გამჭვირვალობას, ლია მუხაშავრიას თქმით,კრიტერიუმები და მიდგომები მოსამართლეების მიმათ არ არის ერთნაირი:

„საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მისაწვდომობა, რომ მიიტანოს თავისი ხმა, დადებითი ან უარყოფითი, რომელიმე კანდიდატზე და ეს არ ხდება. მეორე, მსჯელობა გასაუბრების ჩატარების შემდეგ თვითონ იუსტიციის საბჭოს წევრებს შორის მიმდინარეობს იმგვარად, რომ მონიტორინგის განმახორციელებელი იქ დამსწრე წარმომადგენლები ვერ ხვდებიან, ეს მსჯელობა დასკვნის სახით გულისხმობს მოსამართლის დანიშვნას თუ არა, და თავად იუსტიციის საბჭოს წევრების საქციელი ხშირად ბადებს კითხვებს: ისინი გადიან თათბირის დროს, პასუხობენ სატელეფონო ზარებს. გარდა იმისა, რომ თვითონ პროცედურა საჭიროებს დახვეწას, მისი პრაქტიკული რეალიზაცია ძალიან ბევრ კითხვას აჩენს“.

მოსამართლეთა შერჩევის პროცესს ასევე უარყოფით შეფასებას აძლევსარასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“. კოალიციაში მიიჩნევენ, რომ კონკურსი ტარდება მინიმალური პროცედურული გარანტიების გვერდის ავლით:

„მიმდინარე კონკურსმა, ისევე როგორც წინა პერიოდში ჩატარებულმა კონკურსებმა, ვერ შექმნა განცდა, რომ საბჭო ადეკვატური პასუხისმგებლობით და კეთილსინდისიერებით ეკიდება თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებას, იყენებს ყველა შესაძლო გზას იმისათვის, რომ სასამართლო სისტემაში მხოლოდ ღირსეული მოსამართლეები დაინიშნონ. მიმდინარე კონკურსის პროცესში დაფიქსირებული არაერთი ხარვეზი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთლიანად მოსამართლეთა შერჩევის პროცესის სათანადოდ განხორციელებას და, ამდენად, გავლენას ახდენს კონკურსის შედეგების აღიარებაზე. ეს კი სასამართლო სისტემით საზოგადოების კიდევ უფრო დიდ იმედგაცრუებას იწვევს“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG