Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაწინაურებული მოსამართლეები და უკმაყოფილო კოალიცია


სააპელაციო სასამართლო
სააპელაციო სასამართლო

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ უარყოფითად აფასებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 7 მოსამართლის კონკურსის გარეშე დანიშვნის გადაწყვეტილებას. კოალიციის თანახმად, ასეთი გადაწყვეტილება აძლიერებს ეჭვებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის ობიექტურობასთან დაკავშირებით და სერიოზულ ზიანს აყენებს სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი კოალიციის შენიშვნებს ჭიქაში ქარიშხალს ადარებს.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე სააპელაციო სასამართლოში დაწინაურებული 7 მოსამართლის ვინაობა ფარული კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა. ესენი არიან: შოთა გეწაძე, გიორგი ტყავაძე, ამირან ძაბუნიძე, ანა გოგიშვილი, გელა ქირია, ნათია ბარბაქაძე და გიორგი მიროტაძე. როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ გვარამაძემ გვითხრა, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 37-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც აღნიშნული მოსამართლეები დაწინაურდნენ, იძლევა მოსამართლეების უკონკურსოდ, ერთი სასამართლოდან მეორე სასამართლოში, ქვედა ინსტანციიდან ზედა ინსტანციაში გადაყვანის შესაძლებლობას, თუმცა, მისი თქმით, ამავდროულად, კანონმდებლობით გათვალისწინებულია მოსამართლეთა დასაწინაურებლად საჭირო პროცედურებისა და კრიტერიუმების გაწერაც, ანუ ნორმას ადგენს კანონი, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კი პროცედურები და კრიტერიუმები უნდა დაადგინოს:

“ჩვენ დიდი ხანია, ერთი მხრივ, ვითხოვთ, რომ საბჭომ შეასრულოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულება და გაწეროს დაწინაურების წესი, პროცედურები და კრიტერიუმები და იყოს ეს ობიექტური კრიტერიუმები: რა, როდის და რა წესებზე დაყრდნობით მოხდება მოსამართლეების შეფასება და მერე გადაწყვეტილების მიღება, ესა თუ ის მოსამართლე უნდა იყოს დაწინაურებული თუ არა ქვედა ინსტანციიდან ზედა ინსტანციაში და, მეორე მხრივ, ვამბობთ, რომ ის მუხლი, რომელიც იძლევა მოსამართლის უკონკურსოდ დანიშვნის შესაძლებლობას, არის ბუნდოვანი, ვინაიდან არ ადგენს წინაპირობებს და საფუძვლებს, რა შემთხვევაში შეიძლება ასე უკონკურსოდ მოსამართლეების ერთი ადგილიდან მეორეში გადაყვანა“.

როგორც თამარ გვარამაძე ამბობს, საბჭომ პროცედურები და კრიტერიუმები შეიმუშავა მხოლოდ მაშინ, როცა დაწინაურების მსურველ მოსამართლეებს საბჭოში განცხადებები უკვე შეტანილი ჰქონდათ.

შესაბამისად, „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შენიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა კონკურსის გარეშე დანიშვნის პროცესის არც ერთ ეტაპზე არ გაიზიარა არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციები. სახალხო დამცველი, საკანონმდებლო რეგულაციების გაუმჯობესებასთან ერთად, ითხოვდა გათვალისწინებული ყოფილიყო მის მიერ განხორციელებულიმონიტორინგის შედეგებიც. ომბუდსმენისკრიტიკა დაიმსახურა მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესმაც, რომელმაც დატოვაშთაბეჭდილება, რომ საბჭოს წევრების უმრავლესობა არ იყოდაინტერესებული კანდიდატთა უნარებისა და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენით. რაც შეეხება მონიტორინგის ანგარიშების გათვალისწინების მიზანშეწონილობას, როგორც სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე ამბობს, ომბუდსმენმა იუსტიციის საბჭოს ამ მოთხოვნით საგანგებო წერილითაც მიმართა:

“კიდევ ერთი წერილი, სადაც დეტალურად აღვწერდით იმ საქმეებს, რაზეც სახალხო დამცველმა იუსტიციის საბჭოს მიმართა რეკომენდაციებით დისციპლინარული სამართალწარმოების დაწყების შესახებ იმ მოსამართლეების მიმართ და ეს მოსამართლეები, ფაქტიურად, იყვნენ იმ სიაში, ვისაც დაწინაურებაზე ჰქონდა შეტანილი განცხადება და მონაწილეობდნენ კონკურსში. საბოლოო ჯამში, იმ 7 მოსამართლიდან, რომელიც დაწინაურდა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, 2 არის სწორედ ის მოსამართლე, რომელზეც სახალხო დამცველსაც ჰქონდა კონკრეტული კითხვები კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით“.

სახალხო დამცველი, სამოქალაქო სექტორთან ერთად, ფიქრობდა, რომ მოსამართლეთა დაწინაურების გადაწყვეტილების მიღებამდე უაღრესად მნიშვნელოვანი იყო საბჭოს ემსჯელა მონიტორინგის ანგარიშებზე და გაექარწყლებინა ეჭვები ამ ანგარიშებში მოხვედრილი კონკრეტული მოსამართლეების მიუკერძოებლობის შესახებ, ანუ საბჭოს ჰქონოდა რეალური შესაძლებლობა დაეწინაურებინა მხოლოდ ის მოსამართლეები, რომლებიც უზადო პროფესიული რეპუტაციითა და მაღალი კვალიფიკაციით სარგებლობდნენ. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, რომ კითხვებს, ამას გარდა, პროცესის ფორსირებულად წარმართვის საკითხიც იწვევს:

“ეს პროცესი, გამოიკვეთა, რომ მიმდინარეობს რაღაცნაირად კლანურობის ნიშნით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იგნორირებით და, ფაქტობრივად, იუსტიციის საბჭოს წევრები არ უწევენ ანგარიშს არც სახალხო დამცველს, არც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და არც საზოგადოებას. ერთადერთი ჩანს, რომ ამ მოსამართლეებმა, რომელთა მიმართ საზოგადოებას კითხვები აქვს გასულ წლებში ჩატარებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, დღეს ერთგვარად საერთო ენა გამონახეს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან: შეხვედრები იუსტიციის მინისტრთან, პრემიერთან“.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, თავის მხრივ,კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების“ ერთობლივ წერილს, მასში გამოთქმული კრიტიკით, ჭიქაში ქარიშხალს უწოდებს. იგი აღნიშნავს, რომ, კოალიციის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო ინსტანციაში მოსამართლის დანიშვნას ვერ შეძლებს:

“ეს არის ძალიან მარტივი, იმიტომ რომ, თუ, ვთქვათ, კონკურსის წესით მოხდება მოსამართლეების დანიშვნა, ისინი ავტომატურად ჩაჯდებიან სამწლიან გამოსაცდელ ვადაში, რაც, ბუნებრივია, მოსამართლეებს, ვისაც აქვთ დარჩენილი 5 და 6 წელი, არ სურთ მათ, რომ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში და დაჯდნენ, ვთქვათ, გამოსაცდელ ვადაში. კონკურსისთვის კიდევ მეორე ვარიანტი არის პირდაპირ დანიშვნა აპელაციაში, ყოველგვარი გამოცდების გარეშე. საბჭოს წლების განმავლობაში ძალიან უჭირს გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ გამოვა, რომ, ფაქტობრივად, სააპელაციო სასამართლოს გამოაკლდება მოსამართლე და შევსებას ვერ მიიღებს“.

ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ საბჭომ არსებული კანონის ფარგლებში იმოქმედა. იგი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული საკითხი უახლოესი სხდომის მსჯელობის საგანიც გახდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG