Accessibility links

logo-print

გამოსაცდელი ვადა თუ დისციპლინური კონტროლი?


თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლო

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მოსამართლეების გამოსაცდელი ვადით დანიშვნის საკითხს განიხილავს. დღევანდელი საკონსტიტუციო რეგულაციებით, მოსამართლე უვადოდ ინიშნება, თუმცა შესაძლებელია განსაზღვრული ვადითაც დაინიშნოს - არა უმეტეს სამი წლისა. პოლიტიკოსებისა და კანონმდებლების აზრი ამ თემაზე ორად იყოფა. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსამართლეები უვადოდ უნდა ინიშნებოდნენ, სხვები კი ამბობენ, რომ გამოსაცდელი ვადა საჭიროა.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მოსამართლეების გამოსაცდელი ვადით დანიშვნის საკითხის განხილვა 7 თებერვალს დაიწყო. კომისიამ უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა კონსტიტუციაში ის რეგულაცია, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია მოსამართლეები არა უმეტეს 3 წლის ვადით დაინიშნონ. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, რომლებიც სხდომას ესწრებიან, მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციაში ჩადებული ეს ნორმა უცვლელად უნდა დარჩეს. მათ შორისაა რესპუბლიკური პარტიის წევრი თინა ხიდაშელი, რომელმაც ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა:

„ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ის, რაც კონსტიტუციაში წერია, მომწონს“.

ამ აზრს იზიარებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძეც:

„კონსტიტუცია ამბობს, რომ სანამ მოსამართლეები უვადოდ დაინიშნებიან, შეიძლება სამ წლამდე გამოსაცდელი ვადით დაინიშნონ. ეს ორგანულმა კანონმაც გაითვალისწინა და იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტის აზრი ამ თემაზე ცნობილია“.

საქართველოს კონსტიტუციაში ამ საკითხს 86-ე მუხლი 2010 წელს მიღებული ცვლილებების შემდეგ არეგულირებს, რომლის მიხედვითაც:

1. მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს შესაბამისი უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის, სულ ცოტა, 5 წლის გამოცდილება.
2. მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება უვადოდ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. მოსამართლის უვადოდ განწესებამდე კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მოსამართლის განწესება განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 3 წლისა. მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება კონსტიტუციითა და ორგანული კანონით.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლეების გამოსაცდელი ვადით დანიშვნა მათ დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას ხელს შეუშლის:

„მოსამართლეები სამი წლის განმავლობაში ექვემდებარებიან შეფასებას და შეუძლებელია მოსამართლის შეფასება იმ კრიტერიუმებით, რომლებითაც მოსამართლე ფასდება (მისი დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, სამართლიანობა), თუ არ შეხვალ მისი გადაწყვეტილების შინაარსის შეფასებაში. საქართველოს კონსტიტუცია კი გვეუბნება, რომ არ შეიძლება მოსამართლეს პასუხი მოეთხოვოს მის მიერ მიღბული გადაწყვეტილებისთვის“.

როგორც ანა ნაცვლიშვილი ამბობს, ერთადერთი, ვისაც მოსამართლის გადაწყვეტილების გადასინჯვის უფლება აქვს, ზემდგომი სასამართლოა და სწორედ ამიტომაც არსებობს საქართველოში რამდენიმე სასამართლო ინსტანცია: პირველი ინსტანცია, სააპელაციო და უზენაესი.

მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნას ეწინააღმდეგებიან უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე. არგუმენტად ორივეს ვენეციის კომისიის დასკვნა მოჰყავს:

ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ 2010 წელს მოუწოდა კონსტიტუციიდან ამოიღოს ის დებულება, რომლის მიხედვითაც მოსამართლის გამოსაცდელი ვადით დანიშვნაა შესაძლებელი.

ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ უმჯობესია არსებობდეს მოსამართლეთა შერჩევისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამართული სისტემა, რაც, მისი თქმით, ევროპის ქვეყნებისათვის გამოცდილი პრაქტიკაა:

„თუ მოსამართლე არაეთიკურად იქცევა, ეთიკის კოდექსს არღვევს, თავისუფლად შეიძლება მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, დაეკისროს სანქცია, საყვედური და, შეიძლება, სასამართლოს ჩამოშორდეს კიდეც“.

მისივე თქმით, საქართველოსნაირ ქვეყანაში, სადაც სასამართლოს დამოუკიდებლობის კულტურა და ტრადიცია არ არსებობს, მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნა კიდევ უფრო დიდი რისკია. ამიტომაც ის ვერ ხედავს ვერანაირ პრობლემას, რატომ არ უნდა დაინიშნოს მოსამართლე უვადოდ, თუ იარსებებს დისციპლინური კონტროლის გამართული სისტემა.

XS
SM
MD
LG