Accessibility links

logo-print

დაიწყო მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი


თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 3 დეკემბერს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო. ვაკანტურ 61 ადგილზე პრეტენზიას 102 კანდიდატი აცხადებს. მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის დაკვირვების პირობებში მიმდინარეობს. ისინი მოითხოვენ, რომ საბჭომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღოს და მოსამართლეთა კანდიდატები კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის მიხედვით შეაფასოს. გასაუბრების პირველ დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე 12 კანდიდატი წარდგა. კენჭისყრა ყველა კანდიდატის მოსმენის შემდეგ გაიმართება.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა აზრით, იმისათვის რომ მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების ობიექტურობა ეჭვს არ ბადებდეს, საჭიროა საბჭომ თავის ოქმებში აღნიშნოს, რა გახდა კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერის ან უარყოფის საფუძველი. როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა, ეკა ციმაკურიძემ, განაცხადა, გასაუბრების პირველ დღეს წარდგენილ 12 კანდიდატს შორის განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს მოსამართლე ირაკლი ადეიშვილი, ეგრეთ წოდებული „განსხვავებული აზრის“ ავტორი:

“მას აქვს „განსხვავებული აზრი“ დაწერილი ევროსასამართლოს გირგვლიანის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ძალიან საინტერესოა, რა თქმა უნდა, რა იქნება საბჭოს დამოკიდებულება ამ კონკრეტულ შემთხვევასთანაც, იმიტომ რომ აქ საქმე გვაქვს იმ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასთან, როდესაც ევროსასამართლომ ძალიან მკაცრად გააკრიტიკა ქართული მართლმსაჯულება იმის გამო, რომ ისინი, ასე ვთქვათ, უნისონში მოქმედებდნენ ხელისუფლებასთან ერთად და არ იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით“.

მე ვერ შევაფასებ რომელიმე კონკრეტული მოსამართლის საქმიანობას, რადგან ეს სცილდება ჩემს კომპეტენციას, მაგრამ მნიშვნელოვანია, როდესაც საუბარია მოსამართლეთა დანიშვნაზე ან დაწინაურებაზე...

ირაკლი ადეიშვილის გარდა, ყურადღების ცენტრშია ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია. არასამთავრობო ორგანიზაციების თანახმად, იგი ცნობილია როგორც ძველი ხელისუფლების პირობებში ოდიოზური, დაკვეთილი გადაწყვეტილებების მიმღები მოსამართლე, რომელიც, იმავდროულად, ახალი ხელისუფლების მხარდაჭერითაც სარგებლობს. მისი გვარი ფიგურირებს სანდრო გირგვლიანის, სულხან მოლაშვილის, „ბანკ ქართუსა“ და სხვა საქმეებში. ლევან მურუსიძეს მოსამართლეობის ვადა 2016 წლის აპრილში ეწურება. იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის საბჭო მის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს, ლევან მურუსიძე თანამდებობასაც დაკარგავს. მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის ეტაპზე მის მიმართ იკვეთება ინტერესთა კონფლიქტის შესაძლებლობის საკითხიც. საქმე ისაა, რომ კენჭისყრის პროცესში იგი, თეორიულად, ერთდროულად კანდიდატიცაა და გადაწყვეტილების მიმღები პირიც. ჯერჯერობით უცნობია, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ამასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ზოგადად კი, მას უჩა ნანუაშვილი ურჩევს მოსამართლეთა დაკომპლექტების პროცესში საერთო სასამართლოების მიერ საქმეთა განხილვის შესახებ სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგები გაითვალისწინოს:

“მე ვერ შევაფასებ რომელიმე კონკრეტული მოსამართლის საქმიანობას, რადგან ეს სცილდება ჩემს კომპეტენციას, მაგრამ მნიშვნელოვანია, როდესაც საუბარია მოსამართლეთა დანიშვნაზე ან დაწინაურებაზე, მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ის დასკვნები და რეკომენდაციები, რომლებიც წლების განმავლობაში სახალხო დამცველის მიერ იყო გამოქვეყნებული. საუბარი იყო კონკრეტულ დარღვევებზე კონკრეტულ საქმეებში. როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ სასამართლოს მიმართ ნდობის გაზრდაზე, აუცილებელია ეს რეკომენდაციები იყოს გათვალისწინებული და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ იყოს გამოტანილი“.

მურუსიძე იყო სააკაშვილის ხელისუფლების სასამართლოს საყრდენი, რომელმაც სააკაშვილის ხელისუფლება აქცია რეჟიმად. მურუსიძე იყო ის ადამიანი, რომელიც აკანონებდა უკანონობას...

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა და მოსამართლეთა ასოციაციამ კი გამოაქვეყნეს განცხადებები, რომელთა თანახმად, ადგილი აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე ზეწოლის მცდელობას, რაც, მათი შეფასებით, დაუშვებელია. ორივე განცხადების ზოგადი პათოსია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიეცეს მშვიდ ვითარებასა და ნორმალურ გარემოში მუშაობის საშუალება, კონკრეტული საგანი კი ლევან მურუსიძის კანდიდატურის დისკრედიტაციის მცდელობის შეჩერებაა, მათ შორის, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილისგან. ზაზა ხატიაშვილმა, ცალკეც და თანამოაზრეებთან ერთადაც, მიმდინარე ორი დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაგმო ლევან მურუსიძის მიერ უვადო მოსამართლეობის სურვილის განაცხადი:

“მურუსიძე იყო სააკაშვილის ხელისუფლების სასამართლოს საყრდენი, რომელმაც სააკაშვილის ხელისუფლება აქცია რეჟიმად. მურუსიძე იყო ის ადამიანი, რომელიც აკანონებდა უკანონობას. ადამიანს ნიშნავენ, რომ სასამართლო დარჩეს ისეთივე დამონებული, როგორიც იყო“.

ზაზა ხატიაშვილთან ერთად ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნის შესაძლებლობის მიმართ თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა. თავის მხრივ, კოლეგებმა ლევან მურუსიძე იუსტიციის საბჭოშიც დაიცვეს:

“იმის თქმა, რომ ესა თუ ის მოსამართლე ამა თუ იმ საქმის განმხილველი იყო და ამიტომ მას შავი დაღი ასდევს, ალბათ, ამაზე პასუხი უნდა გაეცეს. არ შეიძლება ასე მიზანმიმართულად, კონკრეტულად კონკურსის წინ, როდესაც გახდა ცნობილი, რომ ადამიანი იღებს კონკურსში მონაწილეობას, მას ასე შეუტიოთ. შეიძლება მე ისე გავიგო, რომ ეს ზემოქმედებაა საბჭოზე“, განაცხადა პაატა სილაგაძემ.

მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პირველი დღის შეფასება კი „მოსამართლეთა ერთობის“ ხელმძღვანელს ნაზი ჯანეზაშვილს ვთხოვეთ. მისი განმარტებით, პრობლემები, რომლებიც იუსტიციის საბჭოში მოსამართლის შერჩევა-დანიშვნასთან დაკავშირებით ჩნდება, კვლავ აქტუალურია. ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ პროცედურები იწვევს კრიტიკას ძირითადად იმ მიმართულებით, რომ იუსტიციის საბჭო არ იძლევა დასაბუთებულ პასუხს, რატომ მიანიჭა უპირატესობა ამა თუ იმ კანდიდატს. რაც შეეხება ინტერვიუების პროცესს:

“ყველაზე მწვავე დამოკიდებულება მე პირადად მაქვს კითხვებთან მიმართებაში: რატომ სვამენ ამა თუ იმ კითხვებს, რა ფორმით, რა იწვევს ამას. ეს არის სრულიად არეული პროცესი და მე ვფიქრობ, რომ ამას სჭირდება სერიოზული დახვეწა, რომ აუცილებლად იყოს საგნობრივი კითხვები იმ კონკრეტულ კანდიდატთან მიმართებაში და იმ თანამდებობასთან მიმართებაში, რომელზეც ის შეიძლება დაინიშნოს. ძალიან ზოგადი ხასიათის არის ხოლმე ძირითადად კითხვები. ხშირ შემთხვევაში შეიძლება რაღაცებზე დაკონკრეტებაც ხდებოდეს, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ უფრო საგნობრივი კითხვების დასმა და უფრო სტრუქტურირებული ფორმა კითხვებისა იქნებოდა მისასალმებელი“.

ნაზი ჯანეზაშვილის აზრით, მოსამართლის კომპეტენტურობის შემოწმების კონკრეტული კრიტერიუმების არსებობის შემთხვევაში, ზოგადად პროცესის მიმართაც ნაკლები კითხვები გაჩნდებოდა. მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში გასაუბრება კი 4 დეკემბერს გაგრძელდება და მასში 10 კანდიდატი ჩაერთვება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG