Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არა „შემსრულებელ“ მოსამართლეებს!


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობა

საპროტესტო აქცია გაიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ, სადაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა და დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ერთ კოალიციაში გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ტრანსპარანტები მიიტანეს და მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის მონაწილეობა გააპროტესტეს. ლევან მურუსიძეს, რომელსაც 2016 წლის აპრილში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა ეწურება, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობა სურს. ლევან მურუსიძის სახელს უკავშირდება სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებისათვის სასჯელის შემსუბუქება და სულხან მოლაშვილისათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ მიტანილი ჰქონდათ ტრანსპარანტები: „არა „შემსრულებელ“ მოსამართლეებს“, „მართლმსაჯულება რუხი კარდინალის გარეშე“, „გაიტანეთ მურუსიძე“ და სხვა... ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის თქმით, სწორედ ლევან მურუსიძე იქცა უსამართლობის მთავარ ინსტრუმენტად მართლმსაჯულების სისტემაში:

„ლევან მურუსიძე არის მოსამართლე, რომელმაც გირგვლიანის საქმეზე ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას. ლევან მურუსიძე იყო მოსამართლე, რომელმაც ნაწამებ გიორგი მიქიაშვილის საქმეში 24 საათში რომ უნდა დაენიშნა ექსპერტიზა, 41 დღის დაგვიანებით განიხილა საქმე. ლევან მურუსიძე ფიგურირებდა სულხან მოლაშვილის საქმეში“.

რა თქვა დღეს ლევან მურუსიძემ? თქვა, რომ ის იყო ცუდი კანონების მსხვერპლი და მას არაფრის გაკეთება არ შეეძლო. ამით მან თქვა, რომ, ხვალ რომ საქართველოში დამყარდეს დიქტატურა, ის ამ დიქტატურას ხელს მოაწერს და სამართლებრივად შეფუთავს...
ანა ნაცვლიშვილი

აქციის მონაწილეთა შორის იყო ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი, რომელიც დაესწრო ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულ გასაუბრებას მოსამართლეობის კანდიდატებთან. გასაუბრების დროს ლევან მურუსიძეს სწორედ იმ გახმაურებული საქმეების შესახებ დაუსვეს კითხვები, რომელთა გამო არასამთავრობო სექტორი მის კონკურსში მონაწილეობას აპროტესტებს.

„მისი ნალაპარაკევიდან ისე გამოვიდა, რომ ლევან მურუსიძე თავს მიიჩნევს მსხვერპლად, ამ ამპლუაში წარმოგვიდგენს თავს და ამბობს, რომ იყო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მსხვერპლი, ანუ კანონმდებლობა იმგვარად იყოო დაწერილი, რომ სამოსამართლო პრაქტიკის სამართლიანად განხორციელება ვერ ხერხდებოდა“, უთხრა ალეკო ცქიტიშვილმა რადიო თავისუფლებას.

ალეკო ცქიტიშვილის თქმით, ლევან მურუსიძემ ეს არგუმენტი მოიტანა გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულთათვის სასჯელის შემსუბუქების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად, თუმცა, ალეკო ცქიტიშვილის თქმით, ლევან მურუსიძეს დამაჯერებელი პასუხის გაცემა ასევე გაუჭირდა სულხან მოლაშვილისა და გიორგი მიქიაშვილის საქმეებზე:

„გვახსოვს ეს საქმე, ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილის ძმაზეა საუბარი, რომელიც დაკავებისას სასტიკად გალახეს და აწამეს, შეურყიეს ჯანმრთელობა ახალგაზრდა ბიჭს. მაშინ ადვოკატებმა მოითხოვეს ექსპერტიზის ჩატარება, თუმცა ექსპერტიზა იმდენად გვიან ჩატარდა, რომ მას აზრი აღარ ჰქონდა, რაც სტრასბურგის სასამართლომ მიუთითა თავის გადაწყვეტილებაში. ასევე საინტერესო იყო მოლაშვილის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რაც ბრძანა, რომ დარწმუნებული იყო, რომ მოლაშვილი წაყენებულ ბრალდებაში დამნაშავე იყო და განაჩენი გამოიტანა ამ შინაგანი რწმენის მიხედვით, თუმცა აშკარაა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც უკანონოდ - ამ შემთხვევაში, წამებით - იქნა მოპოვებული, არ უნდა გაეზიარებინა და ამიტომ არ უნდა გამოეტანა გამამტყუნებელი განაჩენი“.

ალეკო ცქიტიშვილის თქმით, ყველა ამ შეკითხვაზე გაცემული იქნა პასუხები, რომელთა დამაჯერებლობამ არ დააკმაყოფილა გასაუბრებაზე მყოფი სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი. მათ შორის იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი:

ანა ნაცვლიშვილი
ანა ნაცვლიშვილი

„ეს იყო დადგმული ღონისძიება, რომელიც ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების თვალში მომხდარიყო ლევან მურუსიძის ლეგიტიმაცია და მეტი არაფერი. ამ მოქმედებით საბჭომ მას მისცა შესაძლებლობა, რომ ის, რასაც აკეთებდა და რაც იყო უკანონო და უსამართლო წლების განმავლობაში, წარმოჩენილიყო როგორც სწორი, სამართლებრივი თვალსაზრისით. რა თქვა დღეს ლევან მურუსიძემ? თქვა, რომ ის იყო ცუდი კანონების მსხვერპლი და მას არაფრის გაკეთება არ შეეძლო. ამით მან თქვა, რომ, ხვალ რომ საქართველოში დამყარდეს დიქტატურა, ის ამ დიქტატურას ხელს მოაწერს და სამართლებრივად შეფუთავს“.

თუმცა ბრალდებების პასუხად თავად ლევან მურუსიძე ამბობს, რომ ყველა კითხვას არგუმენტირებულად უპასუხა:

„საბჭოს წევრებს მე ავუხსენი ჩემი დამოკიდებულება კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ არგუმენტირებული პასუხი გავეცი და დანარჩენი უკვე საბჭოს გადასაწყვეტია. იმედი მაქვს, რომ საბჭოს მოსამართლე წევრები მხარს დამიჭერენ“.

სულ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 14 წევრია. მათ შორის რვა მოსამართლეა, ოთხი პარლამენტის, ხოლო ერთიც პრეზიდენტის მიერაა დანიშნული. მეთოთხმეტე წევრია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, მოსამართლეთა კონკურსში 104 კანდიდატი იღებს მონაწილეობას, თუმცა კონკურსი 61 ადგილზეა გამოცხადებული.

ეკა გიგაური
ეკა გიგაური

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელის ეკა გიგაურის თქმით, კრიტიკას ვერ უძლებს ვერც მოსამართლეების დანიშვნის წესი და ვერც მისი გამჭვირვალობის ხარისხი:

„დღეს ჩვენ ვართ იმ მოცემულობის წინაშე, რომ მოსამართლეების დაწინაურების ან დანიშვნის დროს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ ხელმძღვანელობს იმ კრიტერიუმებით, რომელიც არის აუცილებელი იმისთვის, რომ დადგინდეს ყველაზე ღირსეული იმ კანდიდატებიდან, რომლებმაც შემოიტანეს განაცხადი კონკურსში მონაწილეობისთვის. ერთი მხრივ, სისტემისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ არ მომხდარიყო ყველა მოსამართლის გათავისუფლება და, მეორე მხრივ, ყველას მოლოდინი იყო, რომ როცა დაიწყებოდა კონკრეტული მოსამართლეების დაწინაურების ან დანიშვნის პროცესი, ეს ყველაფერი ასევე გათვალისწინებული იქნებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაშიც არ არის პოლიტიკური ნება, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ მიმდინარეობდეს პროცესი და ღირსეული კანდიდატები დარჩნენ სისტემაში“, უთხრა ეკა გიგაურმა რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG