Accessibility links

ახალციხის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები წელს ცუდ მოსავალს პროგნოზირებენ. ადგილობრივი მოსახლეები ჩივიან, რომ ჯერ უდროოდ მოსულმა უხვმა ნალექმა, შემდეგ კი გვალვამ მოსავალი თითქმის მთლიანად გაანადგურა და ისინი ხილ-ბოსტნეულის გარეშე დატოვა. ადგილობრივი მოსახლეების მტკიცებით, მომხდარს თან მოშლილი სარწყავი სისტემა ემატება, რის გამოც ხილისა თუ ბოსტნეულის დროული გასარწყავიანება ვერ მოხერხდა.

კარტოფილის, სიმინდისა და ყველა იმ მარცვლეულისა თუ ბოსტნეულის მოსავალი, რომელიც მორწყვაზეა დამოკიდებული, იქნება ძალიან დაბალი. სასოფლო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი ახალციხეში გურამ ჯინჭველაძე განმარტავს, რომ წელს მოსავალი სეტყვაზე მეტად მაღალმა ტემპერატურამ გაანადგურა.

მოსახლეობა დახმარებას როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლებისგან მოითხოვს. ახალციხის თემის ადმინისტრაციის უფროსი განმარტავს, რომ მომხდარი სტიქიის შესახებ ცენტრალურ ხელისუფლებაში ინფორმირებულნი არიან. ილია ზარდიაშვილის მტკიცებით, ახალციხის თემში მნიშვნელოვანი ზარალი ორმა სოფელმა ნახა.

მოსავლის აღება სამცხეში დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება. თუმცა ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ წელს ბევრი არც არაფერი აქვთ ასაღები. გვალვამ და მაღალმა ტემპერატურამ სოფლების უმეტესობა ხილ–ბოსტნეულის გარეშე დატოვა.

XS
SM
MD
LG