Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ტაივანჩიკისთვის" მოსკოვი სამოთხეა


ალიმჟან ტოხტახუნოვი, იგივე "ტაივანჩიკი"
ალიმჟან ტოხტახუნოვი, იგივე "ტაივანჩიკი"
მოსკოვის ერთ-ერთ იტალიურ რესტორანში ალიმჟან ტოხტახუნოვმა ახლახან ისადილა იმ ადამიანთან ერთად, რომელიც საფრანგეთში დაუსწრებლად დამნაშავედ სცნეს იარაღით უკანონო ვაჭრობაში. ცოტა ხნის შემდეგ, ტოხტახუნოვი მეგობრულად გაესაუბრა ინტერპოლის მოსკოვის ბიუროს ყოფილ უფროსს. ერთ საათში მას ვერანდიდან ოლიგარქი მიხაილ პროხოროვიც მიესალმა. იქვე, მეზობელ მაგიდას უჯდა ესტრადის ცნობილი ვარსკვლავი ალა პუგაჩოვა თავის მეგობრებთან ერთად. ესაა 65 წლის ტოხტახუნოვის, იმავე „ტაივანჩიკის“ გარემო: ფუფუნებისა და გავლენიანი მეგობრების სამყარო.

ყოფილი შულერი ყვითელ მაისურსა და მყვირალა ლურჯ შარვალშია გამოწყობილი. ის მშვიდად საუბრობს და „პალაცო დუკალეში“ თავდაჯერებულად უჭირავს თავი, თითქოს იქ ყველაფერი მას ეკუთვნოდეს. „ტაივანჩიკს“ სურს, თავი ცნობილი ადამიანების მფარველად და პატივსაცემ, ასაკოვან ბიზნესმენად წარმოაჩინოს.

თუმცა, სინამდვილეში ტოხტახუნოვი ოქროს გალიაში ცხოვრობს. საზღვარგარეთ მოგზაურობა მას არ შეუძლია, რადგან იქ ძველი თაობის რუს კრიმინალურ ავტორიტეტად მიიჩნევენ. ის ერთ-ერთი უკანასკნელია, ვინც სტალინურ გულაგში გაჩენილი „კანონიერი ქურდების“ წრეს ეკუთვნის.

აპრილში შეერთებული შტატების პროკურორებმა ტოხტახუნოვს დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი ფულის გამოძალვისთვის, არალეგალური სათამაშო ბიზნესის მართვისა და კვიპროსში მილიონობით დოლარის გათეთრებისთვის. ინტერპოლი მას ეძებს ადრინდელი ბრალდებისთვის, რომლის მიხედვითაც მან ფიგურული სრიალის მსაჯები მოისყიდა 2002 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე სოლტ ლეიკ სიტიში. მაგრამ ტოხტახუნოვი ყველა ამ
თუ ფულის გათეთრება მომინდებოდა, ამას ჩემს ქვეყანაში გავაკეთებდი, არა?
ბრალდებას უარყოფს: „როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება, როდესაც მოსკოვში ცხოვრობ? თუ იქ არ ვიყავი, როგორ გავაკეთებდი ამ ყველაფერს, ფულის გათეთრებას, ქურდობას? თუ ფულის გათეთრება მომინდებოდა, ამას ჩემს ქვეყანაში გავაკეთებდი, არა? მაშინ საჩივრებიც ჩემს ქვეყანაში იქნებოდა. როგორ შეუძლიათ ამერიკელებს, მიჩივლონ, თითქოს მათი ფული მოვიპარე, როცა მე იქ არ ვცხოვრობ?!“

წარმოშობით უიღური ტოხტახუნოვი უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში დაიბადა და ახალგაზრდობაში სერიოზულად მისდევდა ფეხბურთს - ნახევარმცველად თამაშობდა სხვადასხვა კლუბში. როგორც თვითონ ამბობს, სწორედ ფეხბურთელობისას შეარქვეს „ტაივანჩიკი“ - აზიური თვალების ჭრილისა და დაბალი ტანის გამო.

მაგრამ ფეხბურთი მისი ნამდვილი მოწოდება არ აღმოჩნდა. მისი თქმით, ბანქომ ის უფრო ჩაითრია ვიდრე ფეხბურთმა, იმიტომ რომ იქ მეტი ფული ეგულებოდა. ტოხტახუნოვმა ბანქოს თამაში სერიოზულად მაშინ დაიწყო, როცა ცსკა-ს საფეხბურთო კლუბში მიიღეს და საცხოვრებლად მოსკოვში გადაიყვანეს.

საბჭოთა კავშირში ბანქო და აზარტული თამაშები აკრძალული იყო და ამ ბიზნესს ძირითადად „კანონიერი ქურდები“ აკონტროლებდნენ. ამ ჩრდილოვან სამყაროში შეხვდა ტოხტახუნოვი ვიაჩესლავ ივანკოვს, იმავე „იაპონჩიკს“, კრიმინალურ ავტორიტეტს, რომელიც 2009 წელს მოსკოვში სნაიპერმა მოკლა.

1989 წელს ტოხტახუნოვი გადასახლდა ევროპაში, სადაც დროგამოშვებით ცხოვრობდა 15 წლის განმავლობაში. ბოლოს ის იტალიაში დაიჭირეს შეერთებულ შტატებში, 2002 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურული სრიალის მსაჯების მოსყიდვისთვის. იტალიაში ის 10 თვე იყო დაკავებული. ექსტრადიციის მოთხოვნის მიუხედავად, „ტაივანჩიკი“ ამერიკელებს არ გადასცეს, რადგან სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია მის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები. მას შემდეგ ტოხტახუნოვი რუსეთში ცხოვრობს.

ამერიკული მხარის საბრალდებო დასკვნა ტოხტახუნოვს კანონიერ ქურდად მოიხსენიებს და განმარტავს, რომ ის „მიეკუთვნება ყოფილი საბჭოთა კავშირის წამყვანი კრიმინალების რიგს, რომლებიც ხარკს იღებენ სხვა კრიმინალებისგან, სანაცვლოდ კი მათ მფარველობას სთავაზობენ და თავიანთი ავტორიტეტის წყალობით კრიმინალებს შორის უთანხმოებებს აგვარებენ.“

„კანონიერი ქურდები“ პირველად სტალინის გულაგში გაჩნდნენ და საბჭოთა კავშირში ელიტურ კრიმინალურ წრეს წარმოადგენდნენ. ისინი ქცევის მკაცრ კოდექსს იცავდნენ, რომლის მიხედვითაც არ შეეძლოთ ცოლის შერთვა ან ჩვეულებრივ სამსახურში მუშაობა.

ტოხტახუნოვი უარყოფს, რომ ის „კანონიერი ქურდია“, რაც ეწინააღმდეგება ამ სამყაროს წარმომადგენელთა ქცევის კოდექსს. როგორც „ტაივანჩიკი“
ახლებს საერთოდ არ ვიცნობ. არ ველაპარაკები ამ კრიმინალურ სამყაროს.
განმარტავს, ძველ წესებს აღარავინ იცავს. მისივე თქმით, ახლა ყველას ჰყავს ოჯახი და აქვს საკუთარი სახლი. დღევანდელი კრიმინალური სამყაროსგან მას თავი შორს უჭირავს: „ჩემს თაობაში უფროს ხალხს ვიცნობდი", - ამბობს ის. - "ახლებს საერთოდ არ ვიცნობ. არ ველაპარაკები ამ კრიმინალურ სამყაროს. როგორც ჟურნალისტმა, მე ამ სამყაროს არ უნდა მიმათვალოთ. დღეს მე ამ ხალხს არ ველაპარაკები. ბიზნესმენი ვარ, უკვე მოხუცებული, დიდი ოჯახი მყავს, ბევრი შვილი, გესმით? ის ხალხი, ვისაც მე ვიცნობდი, ცოცხალი აღარაა.“

„ტაივანჩიკი“ ქებას არ იშურებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის, რომელსაც ხშირად მიაწერენ რუსეთში ორგანიზებული დანაშაულის ამოძირკვას. ტოხტახუნოვი ამბობს, რომ „დღეს პოლიცია და კაგებე ძლიერია, ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება და ყველაფერი მუშაობს“.

მიუხედავად ცნობილი „კანონიერი ქურდის“, ასლან უსოიანის (იმავე „დედ ხასანის“) ამასწინანდელი მკვლელობისა და ბოლო დროს გახშირებული ძალადობისა, ტოხტახუნოვი ამტკიცებს, რომ ორგანიზებული დანაშაული რუსეთში აღარ არსებობს: „რუსეთში ორგანიზებული დანაშაული აღარ არსებობს. არიან ხულიგნები, ყაჩაღები, ლოთები, რომლებიც რაღაცის გაკეთებას ცდილობენ. მაგრამ ორგანიზებული დანაშაული აღარ არსებობს. თუ არის რაიმე ამდაგვარი, მე ნამდვილად არაფერი ვიცი ამის შესახებ და დარწმუნებული ვარ, პოლიციისთვის ყველაფერი ცნობილია. მადლობა ღმერთს, რომ ავად თუ კარგად, დღეს ჩვენ კანონები გვაქვს და ისინი მუშაობს.“

მოსკოვში, იტალიური რესტორნის ვერანდაზე, ტოხტახუნოვს არ ეშინია, რომ მას ინტერპოლი დაიჭერს. ის ამბობს, მოსკოვი ჩემთვის ნამდვილი სამოთხეაო: „აქ სამოთხეა. გადასახადი ან 6 ან 13 პროცენტია. მოსკოვში საუკეთესო რესტორნებში ვსადილობ, კრემლიდან 100 მეტრში ვცხოვრობ. მაქვს აგარაკი ბუნებაში, იქ ყველაფერი ძალიან ლამაზია. ხალხი პატივს მცემს, ბევრი მეგობარი მყავს. ბედნიერი კაცი ვარ. კიდეც რომ დამრთონ ნება, უცხოეთში მაინც არ წავალ.“

მოამზადა ლუკა კალანდარიშვილმა
XS
SM
MD
LG