Accessibility links

logo-print

რუსეთს აშფოთებს ნატო-საქართველოს ცენტრი


ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გახსნა

ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გახსნა

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის გახსნას მალევე მოჰყვა მოსკოვის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ნაბიჯს ნატოს პროვოკაციულ ქმედებად მოიხსენიებს, 2008 წლის აგვისტოს ომს შეგვახსენებს და „სერიოზული დესტაბილიზაციის“ გამოწვევაზე ლაპარაკობს. რა შეიძლება მოიმოქმედოს ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრის დაარსებით გაღიზიანებულმა რუსეთმა და რა მოეთხოვება საქართველოს?

მოსკოვს არც ნატოს გენერალური მდივნის სჯერა და არც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა, რომლებმაც ამ დღეებში ბევრჯერ გაიმეორეს, რომ ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი არც ერთ მეზობელს და, მათ შორის, არც რუსეთს არ უქმნის საფრთხეს. როგორც მაგალითად, პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა 27 აგვისტოს, გახსნის საზეიმო ცერემონიაზე, ცენტრი, პირიქით, ხელს შეუწყობს რეგიონალური და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას.

ნატო-საქართველოს ცენტრის გახსნას მივიჩნევთ „ალიანსის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებად, რაც გეოპოლიტიკური გავლენის გაფართოებას ისახავს მიზნად“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ამ პოსტზე ახლად დანიშნულმა მარია ზახაროვამ, 27 აგვისტოს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე. იმ დროისთვის ეროვნული სასწავლო ცენტრის – „კრწანისის“ – ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრი სულ რაღაც სამი საათის გახსნილი იყო და მოსკოვმა ეს ფაქტი საგანგებოდ მძიმედ იმის გამოც აღიქვა, რომ ობიექტის გახსნაში თავად იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი, მონაწილეობდა. რუსეთმა ზახაროვას პირით გაგვაფრთხილა, რომ ნატო-საქართველოს ცენტრის გახსნა გახდება „სერიოზული დესტაბილიზაციის ფაქტორი რეგიონის უსაფრთხოებისთვის“:

მარია ზახაროვა

მარია ზახაროვა

„ვფიქრობ, თქვენ ყველას შესანიშნავად გახსოვთ 2008 წლის მოვლენები და საქართველოს აგრესია სამხრეთ ოსეთის მისამართით. არავის ეეჭვება, რომ 2008 წლის აპრილში, ბუქარესტის სამიტზე, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის გამოცხადებამ თბილისის იმდროინდელ ხელმძღვანელობას გაუჩინა ილუზია, რომ ყველაფრის ნება დართეს და უბიძგა დანაშაულისკენ, რომ სამხედრო ძალით დაეპყრო სამხრეთ ოსეთი“.

მოსკოვის ლოგიკით, რომელიც ამჯერად მარია ზახაროვამ გაახმოვანა, რადგანაც საქართველო არ შეეგუა თავისი ტერიტორიების დაკარგვას და არც „თავდაუსხმელობის დოკუმენტებს“ აწერს ხელს, შესაძლოა ქვეყანა ისევ გათამამდეს ნატოსთან დაახლოებით და წავიდეს სამხედრო დაპირისპირებაზე. „მათ, ვინც ამ სიტუაციაში განაგრძობს თბილისის ნატოში შეთრევას, უნდა გაიაზრონ თავიანთი პასუხისმგებლობის მასშტაბები“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სათანადოდ იქნება სათვალავში მიღებული ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ნებისმიერი ახალი მომენტი.

მოსკოვის გაღიზიანება არ გაჰკვირვებიათ თბილისში, თუმცა თბილისი კვლავ თავის პრინციპულ პოზიციაზე დგას. თუკი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, გია ვოლსკის სიტყვებით ვიმსჯელებთ, მშვიდობასა და სტაბილურობას, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის ქმედებები უქმნის საფრთხეს:

„ჩვენ ვთვლით, რომ უსაფრთხოებას სერიოზულ ზიანს აყენებს ის ბაზები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა. ეს ჩვენი პოზიციებია და ეს პოზიციები ვერ შეთანხმდება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია“.

მოსკოვის მუქარის შემცველი განცხადებების კვალდაკვალ, ხელისუფლებას განსაკუთრებულ სიფრთხილესა და წინდახედულებას ურჩევენ უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები. მაგალითად, როგორც სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, რუსეთი ვერასოდეს შეეგუება ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრის მუშაობას და მის აგრესიას ეს ფაქტორი ვერ შეაჩერებს:

„რა თქმა უნდა, ჩამოვლენ ნატოს წევრი ქვეყნების ოფიცრები, რომლებიც აქ იმუშავებენ, ქართველ კოლეგებთან ერთად... მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს ცენტრი შემაკავებელი ფაქტორი იქნება რუსეთისთვის. თუმცა რუსეთი ამ ფაქტორს გამოიყენებს მორიგი ზეწოლისთვის საქართველოზე, რაც, იმედია, არ გადაიზრდება სამხედრო ზეწოლაში“.

არ მგონია, რომ თვალსაწიერ მომავალში რუსეთს, რომელიც ახლა არის ძალიან მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში სანქციების გამო და, ფაქტიურად, ცივი ომის მდგომარეობაში იმყოფება დასავლეთთან, ამჯერად აწყობდეს აქ ახალი ფრონტის გახსნა დასავლეთის წინააღმდეგ...

ზოგადად, არაპროგნოზირებადი რუსეთისგან ყველაფერს მოელის დამოუკიდებელი ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, თუმცა, როგორც ის ვარაუდობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ამ ეტაპზე რეალური საფრთხე არ არის მოსალოდნელი და რუსეთის ფედერაციის ქმედებები მუქარისა და დაშინების მცდელობებს არ გასცდება:

„არ მგონია, რომ თვალსაწიერ მომავალში რუსეთს, რომელიც ახლა არის ძალიან მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში სანქციების გამო და, ფაქტიურად, ცივი ომის მდგომარეობაში იმყოფება დასავლეთთან, ამჯერად აწყობდეს აქ ახალი ფრონტის გახსნა დასავლეთის წინააღმდეგ. ბუნებრივია, რომ საქართველოს წინააღმდეგ რაიმე მნიშვნელოვანი აგრესიული ქმედების განხორციელება – თუნდაც იმავე თბილისი-გორის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა – აღქმული იქნება როგორც აგრესია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ და შეიძლება ამას პირდაპირი კონფრონტაცია არ მოჰყვეს, მაგრამ შეიძლება მოჰყვეს სხვა სერიოზული შედეგები, თუნდაც საერთაშორისო სანქციების გაფართოების კუთხით“.

სხვა ბევრი ანალიტიკოსის მსგავსად, ზაალ ანჯაფარიძეც ურჩევს ხელისუფლებას არ გადადგას „გამომწვევი ნაბიჯები“ რუსეთის მისამართით, თუმცა, პარალელურად, საჭიროა განუხრელი სვლა ნატოსკენ და საერთაშორისო პარტნიორების მაქსიმალურად დარწმუნება იმაში, რომ თუკი ისინი უფრო ქმედით დახმარებას არ აღმოუჩენენ არაპროგნოზირებად რუსეთთან პირისპირ მდგარ საქართველოს, ეს საზიანო იქნება მათთვისაც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG