Accessibility links

12 მაისს 40 წელი შეუსრულდა რუსეთში ერთ-ერთ წამყვან უფლებადამცველ ორგანიზაციას, მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფს. ის შეიქმნა საბჭოთა კავშირში ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის პერიოდში - რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც თავად ბრეჟნევმა და კიდევ 34 ქვეყნის ლიდერებმა 1975 წლის ზაფხულში ფინეთის დედაქალაქში ხელი მოაწერეს ჰელსინკის დეკლარაციას. მიზანი იყო კომუნისტურ ბლოკსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის განმუხტვა. დეკლარაციით მსოფლიო ერთგვარად ცნობდა ევროპის დაყოფას დასავლურ და საბჭოთა გავლენის სფეროებად, მაგრამ, ამავე დროს, ჰელსინკის დეკლარაცია გახდა უმნიშვნელოვანესი საფუძველი ყოფილ კომუნისტურ ბლოკში უფლებადამცველების საქმიანობისათვის, რადგან დეკლარაციის 10 დებულებიდან ნაწილი ხელმომწერებს ავალდებულებდა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას.

მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის თანადამფუძნებელი ლიუდმილა ალექსეევა აღიარებს, რომ ერთი შეხედვით ვერ ამოიცნო ჰელსინკის დეკლარაციის პოტენციალი.

„წავიკითხე. მთლიანად ვერ შევძელი, გრძელი ტექსტია, მაგრამ გადავფურცლე, თვალი გადავავლე ამ ჰუმანიტარულ მუხლებს და გადავწყვიტე, რომ გაცილებით უარესია, გაცილებით ნაკლებია მათში, ვიდრე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში“, - გაიხსენა მხცოვანმა უფლებადამცველმა ჩვენი რადიოს კორესპონდენტთან, ელენა პოლიაკოვსკაიასთან, საუბარში. გაიხსენა ისიც, რომ იური ორლოვმა აუხსნა ჰელსინკის დეკლარაციის მნიშვნელობა. ცნობილი ფიზიკოსი და საბჭოთა პერიოდის დისიდენტი იური ორლოვი 40 წლის წინ მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის პირველი ხელმძღვანელი გახდა.

„1976 წლის მაისის დასაწყისი იყო, როცა (ორლოვმა) დამირეკა და მეუბნება: ლიუდა, მშვენიერი ამინდია, მოსკოვის ცენტრში ხომ არ გაგვესეირნაო? ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ საქმეზე ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს, ისე, სასეირნოდ - არა. მესმოდა, რომ გარეთ საუბარს მთავაზობდა, რათა შინ არ ვყოფილიყავით, რადგან შინ გვისმენდნენ. მეც ისეთივე უდარდელი ტონით ვუპასუხე: კი ბატონო, რატომაც არა, გავისეირნოთ-მეთქი. კარგი, მოდით დიდ თეატრთან, სკვერში ამა და ამ საათზეო,“ - ჰყვება ალექსეევა. შეხვედრა მართლაც შედგა და, როგორც ლიუდმილა ალექსეევა იხსენებს, იური ორლოვმა იქვე გაანდო გეგმა: თანამოაზრეებთან ერთად გამოეყენებინა შანსი, რომელსაც ჰელსინკის დეკლარაციაზე კრემლის ხელმოწერა იძლეოდა.

„ორლოვი მეუბნება: წაიკითხეთ ჰელსიკნის ხელშეკრულების დასკვნითი აქტიო? ვეუბნები - კი, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ადამიანის უფლებების საყოველთო დეკლარაცია, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით-მეთქი. მეუბნება: კი, მაგრამ ის ხომ დეკლარაციაა, ანუ დოკუმენტი, რომელიც არ გავალდებულებს შესრულებას. ეს კი სახელმწიფოებს შორის ხელშეკრულებებია და ამ დოკუმენტში ძალიან კარგად არის გაწერილი, როგორ შემოწმდება ამ ხელშეკრულების პირობების დაცვა. და აი, ამ დოკუმენტის წაკითხვის შემდეგ, გადავწყვიტე, შევქმნა ორგანიზაცია, რომელიც თავის თავზე აიღებს საბჭოთა კავშირში ჰელსინკის შეთანხმებების შესრულებაზე დაკვირვების ამოცანასო - მხოლოდჰუმანიტარულ საკითხებზე შეთანხმებებისო“, - ასე იხსენებს 88 წლის ლიუდმილა ალექსეევა შეხვედრას იური ორლოვთან. შეხვედრას სულ რამდენიმე დღეში, 1976 წლის 12 მაისს, მოჰყვა მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის დაარსება.

„მოსკოვში რომ ჰელსინკის ჯგუფი შეიქმნა, ეს გავიგეთ იმ დღესვე, იმიტომ რომ ჩვენ ვუსმენდით რადიოგადაცემებს. მოგეხსენებათ, მთელი სპექტრი იყო რადიოგადაცემებისა: ეს იყო რადიო თავისუფლება, ეს იყო „ამერიკის ხმა“, ეს იყო „ბი-ბი-სი“, ეს იყო „დოიჩე ველე“ და ა.შ. გადაცემები. მე, მაგალითად, „ბი-ბი-სი“-ზე ვუსმენდი ამ ამბავს, რომ ითქვა, რომ მოსკოვში შეიქმნა ასეთი და ასეთი ჯგუფი. ყველა დაასახელეს. ყველა ცნობილი იყო უკვე იმ პერიოდისთვის“, - გვითხრა შარშან ივლისში, ჩვენს რადიოსთან სატელეფონო საუბრისას, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ლიტერატორმა, ყოფილმა დისიდენტმა, ლევან ბერძენიშვილმა.

40 წლის წინ მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის დამფუძნებლებად იური ორლოვთან და ლიუდმილა ალექსეევასთან ერთად ითვლებიან მიხაილ ბერნშტამი, ელენა ბონერი, ალექსანდრ გინზბურგი, პიოტრ გრიგორენკო, ალექსანდრ კორჩაკი, მალვა ლანდა, ანატოლი მარჩენკო, ვიტალი რუბინი, ანატოლი შჩარანსკი.

საბჭოთა რეჟიმის რეაქციამ, როგორც მოსალოდნელი იყო, არ დააყოვნა. მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის დამფუძნებლებიდან მხოლოდ სამი გადაურჩა დაპატიმრებას, მათ შორის თავად ალექსეევა, რომელიც 1977 წელს ემიგრაციაში წავიდა. თუმცა საბჭოთა კავშირში დისიდენტური მოძრაობა უკვე დაწყებული იყო და სხადასხვა რესპუბლიკაში სხვადასხვა ძალით და ფორმით გრძელდებოდა.

1976 წელსვე შეიქმნა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი, რომელსაც სათავეში ედგნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. „ჰელსინკის ხელშეკრულებამ წარმოშვა მოსკოვის ჯგუფი, მოსკოვის ჯგუფთან ერთად გაჩნდა ქართული ჯგუფი. ქართული ჯგუფის დაპატიმრების შემდეგ გაჩნდა იატაკქვეშა მოძრაობა საქართველოსი - მათ შორის, რესპუბლიკური პარტიაც. ეს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია! (...) ჰელსინკი უზარმაზარი მოვლენა იყო. მისი დამცირება არ შეიძლება“, - ასე ფიქრობს პარლამენტარი, ყოფილი დისიდენტი, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებული ლევან ბერძენიშვილი 1975 წელს ჰელსინკის დეკლარაციის ხელმოწერასა და მოვლენებზე, რომლებიც ამ ამბავს მოჰყვა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG