Accessibility links

logo-print

რუსეთთან გასაფორმებელი შეთანხმება და გამოფხიზლებული სამოქალაქო საზოგადოება ცხინვალში


ლეონიდ თიბილოვი

ლეონიდ თიბილოვი

ცხინვალსა და მოსკოვს შორის გასაფორმებელი „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შეთანხმების პროექტი კრემლში განსახილველად უკვე გაიგზავნა. ცხინვალში პროექტის საბოლოო ვარიანტზე სპეციალური რუსულ-ოსური სამუშაო ჯგუფი მუშაობდა. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა აღნიშნა, რომ შეთანხმების ეს პროექტი არ არღვევს სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციას და მხოლოდ ოსური და რუსული ინტერესების შესაბამისია. ცხინვალში დოკუმენტის პროექტს უკვე უწოდეს აფხაზეთთან გაფორმებული შეთანხმების მსგავსი კომპრომისული ვარიანტი. ბოლო ორი თვის განმავლობაში ამ პროექტის გარშემო დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში დისკუსია არ წყდებოდა. პოლიტიკური პარტიები და საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო. ერთი ნაწილი, პარლამენტის თავმჯდომარის ანატოლი ბიბილოვის ხელმძღვანელობით, რუსეთთან ფართო ინტეგრაციას ითხოვდა, მეორე ნაწილი კი ეგრეთ წოდებული სუვერენიტეტის შენარჩუნების მომხრე იყო. მართალია, ანატოლი ბიბილოვის პარტიამ, „ედინაია ოსეტიამ“, რომლის საარჩევნო პროგრამა რუსეთთან გაერთიანებაზე იყო ორიენტირებული, საპარლამენტო არჩევნებში მანდატების უმრავლესობა მოიპოვა, მაგრამ ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტი, გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორი თემურ ცხურბათი მიიჩნევს, რომ ოსი ხალხის უმრავლესობის სურვილი სუვერენიტეტის დაკარგვა არ ყოფილა. მისი თქმით, „ედინაია ოსეტიამ“ ამომრჩევლის დაბალი აქტივობის ფონზე მოიპოვა წარმატება. ცხურბათის აზრით, რუსეთთან შეთანხმების პირველმა ვარიანტმა, რომელიც ფართო ინტეგრაციას გულისხმობდა, სამოქალაქო საზოგადოება გამოაფხიზლა, რომელმაც წინააღმდეგობა გასწია.

ოსური მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეთანხმების კომპრომისული ვარიანტი არ ითვალისწინებს ოსური ძალოვანი უწყებების სრულ შერწყმას რუსეთის უწყებებთან. პროექტის მიხედვით, მხარეები თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიან სივრცეს ქმნიან. შესაბამისად, დე ფაქტო რესპუბლიკის გარკვეული შეიარაღებული დანაყოფები და უსაფრთხოების ორგანოები რუსეთის შესაბამისი უწყებების ნაწილი ხდება, ხოლო ადგილობრივი საბაჟო უწყება მთლიანად ინტეგრირდება რუსეთის საბაჟოსთან. ცხინვალში ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებული მოვლენები კონფლიქტოლოგ ზურაბ ბენდიანიშვილს ალა ჯიოევას საპრეზიდენტო მარათონს ახსენებს. მაშინ საპრეზიდენტო არჩევნებში ჯიოევას გამარჯვება წაართვეს და საზოგადოება საკუთარი არჩევანის დასაცავად ქუჩაში გამოვიდა, მაგრამ რუსეთში ეს საკითხი ისე გადაწყდა, როგორც ეს კრემლის ინტერესებში შედიოდა. ბენდიანიშვილის აზრით, პატარა პოზიტივი მხოლოდ ის არის, რომ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება გააქტიურდა.

შეთანხმების ხელმოწერა თებერვალშია დაგეგმილი და ის, შემდგომი გახანგრძლივების პერსპექტივით, 25 წლის ვადით დაიდება.

XS
SM
MD
LG