Accessibility links

logo-print

მოსწავლეთა ნაწილმა ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთაზე თანხმობა მიიღო


რუსეთის სამხედროების ბლოკ-პოსტი საბერიო-ფახულანის ადმინისტრაციულ საზღვარზე

რუსეთის სამხედროების ბლოკ-პოსტი საბერიო-ფახულანის ადმინისტრაციულ საზღვარზე

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის, წყოუშის თემის სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა ერთთვიანი ლოდინის შემდეგ დღეს, 23 ოქტომბერს, შეძლეს. რუსეთის სამხედროები გადაადგილებას ამ დრომდე უკრძალავენ, პირველიდან მეშვიდე კლასის ჩათვლით, მოსწავლეებს.

წყოუშის სკოლის დირექტორის ვახტანგ გოგოხიას განცხადებით, გადაკვეთა საბერიო-ფახულანის ე.წ. საზღვრისა, რომელიც სასწავლო დაწესებულებიდან 700 მეტრში მდებარეობს, მოსწავლეებმა დე ფაქტო მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი დოკუმენტის დახმარებით შეძლეს:

„საგუშაგოს წარუდგინეს რუსულად ნათარგმნი და ნოტარიალურად დამტკიცებული დაბადების მოწმობები, ამის შემდეგ გამოატარეს ბავშვები მესაზღვრეებმა. რაც შეეხება დაბალი კლასის მოსწავლეებს, პირველიდან მეშვიდე კლასის ჩათვლით, მათ ოფიციალურად გადასვლის უფლება არ აქვთ. საგუშაგოზე მიზეზი რაც გვითხრეს, ის არის, რომ ამ ბავშვებს შეუძლიათ ისწავლონ რუსულ ენაზეო“.

ვახტანგ გოგოხიას თქმით, გასულ წლებში ოკუპირებული რეგიონიდან სულ 48 ბავშვი გადმოდიოდა სოფელში სასწავლებლად, მაგრამ, ყოველწლიურად ე.წ. საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვის გამო, მათი რიცხვი შემცირდა და ახლა ოცდახუთს არ აღემატება:

„რვა წელიწადია უკვე სასწავლო წელი ასეთი პრობლემებით იწყება. მერე ეს გვარდებოდა რაღაცნაირად ევროკავშირის ჩარევით... ხვალ და ზეგ რა იქნება, არ ვიცით“.

ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსული მოზარდების თქმით, გარდა იმისა, რომ მათ ქართულ ენაზე სურთ განათლების მიღება, ფახულანში გადმოსვლის კიდევ ერთი მიზეზი სკოლის სიახლოვეა.

მოსწავლეების განმარტებით, წყოუშის სკოლა მათი დასახლებიდან ერთი, ხოლო ოკუპირებული საბერიოს სკოლა სამი კილომეტრის დაშორებითაა.


ადმინისტრაციულ საზღვარზე მოსწავლეებისთვის გადაადგილების შეზღუდვას მიზანმიმართულ ქმედებას უწოდებს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. მან ზუგდიდში მოსაზღვრე სოფლებში ვიზიტისას განაცხადა, რომ ამ ქცევით რუსეთს სურს მშობლები აიძულოს შვილები ატარონ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებულ სკოლებში:

„ასეთი საკითხები რეგულირდება გარკვეული მოლაპარაკებებით. ახლაც მიმდინარეობს პროცესი. ჩვენ ველოდებით, რომ სულ მალე დაიწყება აიპიარების მუშაობა, ანუ განახლდება ინციდენტებზე რეაგირების გალის შეხვედრები, რომელიც წელიწადზე მეტია გაჩერებულია. ამ ფორმატში ეს საკითხები უფრო იოლად მოგვარდება, მაგრამ მანამდე, ბუნებრივია, სულ მალე ჟენევა იქნება და ჟენევაში ეს საკითხები დადგება“.

ადმინისტრაციულ საზღვარზე მოსწავლეთათვის გადაადგილება ახალი სასწავლო წლიდან შეიზღუდა. მაშინ რუსეთის სამხედროებმა მოსწავლეებს და მათ მშობლებს განუცხადეს, რომ განათლების მიღება აფხაზეთშიც არის შესაძლებელი და ამ მიზნით ე.წ. საზღვრის გადაკვეთა საჭირო არ არის.

საბერიო-ფახულანის პირობითი საზღვრის მსგავსად, გადაადგილების პრობლემა მოსწავლეებს ექმნებათ ოტობაია-განმუხურისა და ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვარზე.
XS
SM
MD
LG