Accessibility links

logo-print

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შესატანად კანონპროექტი წარუდგინა. კანონპროექტის ავტორი ორი სამინისტროა: იუსტიციის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების. მათი ინიციატივით, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გასხვისების წესები უნდა შეიცვალოს. 2014 წლის 29 დეკემბერს დარეგისტრირებული ამ დოკუმენტის განხილვა 2015 წლის 2 თებერვლიდან იწყება.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისათვის საქართველოში მიწის ფლობისათვის საჭირო წესებს აზუსტებს.

გაურკვეველია, რატომ ასხვავებს პარლამენტი ერთმანეთისგან იმ უცხოელებს, რომელმაც ერთ შემთხვევაში მემკვიდრეობით მიიღო მიწა, ხოლო მეორე შემთხვევაში ბინადრობის მოწმობით მოიპოვა იგი, როცა ეს პირები შეიძლება არსებითად თანასწორები იყვნენ...

კანონპროექტის მიხედვით, უცხოელს საქართველოში მიწის ფლობის უფლება რამდენიმე შემთხვევაში აქვს: თუ ის დაქორწინებულია საქართველოს მოქალაქეზე და ქონების თანამესაკუთრეა ან სხვა შემთხვევაში, თუ აქვს საქართველოს კანონით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვა.

ილიას უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, იურისტი გიორგი დავითური ამბობს, რომ, მართალია, კანონპროექტში, კანონის მოქმედ ვარიანტთან შედარებით, ნაკლები შეზღუდვაა შესული, მაგრამ გაურკვეველია ამ შეზღუდვათა დაწესების მოტივი:

„გაურკვეველია, რატომ ასხვავებს პარლამენტი ერთმანეთისგან იმ უცხოელებს, რომელმაც ერთ შემთხვევაში მემკვიდრეობით მიიღო მიწა, ხოლო მეორე შემთხვევაში ბინადრობის მოწმობით მოიპოვა იგი, როცა ეს პირები შეიძლება არსებითად თანასწორები იყვნენ. ერთ შემთხვევაში უცხოელს საკუთრების უფლება ჩამოერთმევა, მეორე შემთხვევაში კი არა. კერძოდ, იმას ვგულისხმობ, რომ თუ ბინადრობის უფლებას დაკარგავს, 6 თვეში მიწის საკუთრების უფლებაც უნდა გაასხვისოს“.

საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე კანონპროექტის პაკეტია გამოქვეყნებული, მათ შორის, ავტორთა განმარტება კანონპროექტის მიღების მიზეზის შესახებ. დოკუმენტის მიხედვით, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე უცხოელთა საკუთრების უფლების შეზღუდვის მიზანია მიწის, როგორც ამოწურვადი რესურსის, რაციონალური გამოყენების საფუძველზე ორგანიზებული მეურნეობის უზრუნველყოფა და აგრარული სტრუქტურის გაუმჯობესება“.

ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „კანონის საფუძველზე განსაზღვრული შეზღუდვების დაწესებას და იმ პირობათა ჩამონათვალის დადგენას, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ უცხოელები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უფლების მოსაპოვებლად, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ენიჭება“.

საკითხავია, რამდენად ეფექტური იქნება ზედა ზღვრის დაწესება მიწით სპეკულაციის თავიდან ასაცილებლად, რადგან კერძო ან იურიდიულმა პირმა შეიძლება ასეულობით იურიდიული პირი დააფუძნოს და ისე შეიძინოს მიწა...

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი პაატა კოღუაშვილი კანონპროექტის ხარვეზებზე საუბრობს. მისი თქმით, მსგავსი კანონპროექტის მიღებას საკმაოდ დეტალური კვლევა და ანალიზი სჭირდება, რასაც ის ვერ ხედავს:

„საინტერესოა, როგორია თანაფარდობა საქართველოს მოქალაქეების მიერ გაკეთებულ ინვესტიციებსა და უცხოელების მიერ გაკეთებულ ინვესტიციებს შორის. რომელი ქვეყნის მოქალაქეები ფლობენ მიწას საკუთრებაში და როგორია მათ მიერ გაკეთებული ინვესტიციების რაოდენობა. ამით გავიგებთ რომელი ქვეყნიდანაა მიწით სპეკულაციის მაღალი რისკი“.

როგორც პაატა კოღუაშვილი ამბობს, მიწით სპეკულაციის საშიშროება იურიდიული პირების მხრიდან უფრო არსებობს და, შესაბამისად, შეზღუდვა უფრო იურიდიულ პირებს უნდა შეეხოს, რაც, მისი თქმით, კანონპროექტში არ ჩანს.

კანონპროექტში განსაზღვრულია შესაძენი მიწის მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი. ფიზიკურ პირებს შეუძლიათ იყიდონ, ყველაზე ცოტა, 5 ჰექტარი, ხოლო, ყველაზე დიდი, - 20. იურიდიული პირებისათვის მინიმალური ნაკვეთი 20 ჰექტარია, ხოლო მაქსიმალური - 200.

იურისტი გიორგი დავითური ამბობს, რომ კანონპროექტიდან კარგად არ ჩანს, თუ რა მიზანი აქვს კანონმდებელს, როდესაც უცხოელებს შეზღუდვებს უწესებს:

„გარკვეული მიმართულებები ჩანს, მაგრამ გარკვეულ ნაწილთან ეს მიმართებები არ ჩანს. მაგალითად, როდესაც ხუთკილომეტრიან სასაზღვრო ზოლში შეზღუდვაა დადგენილი, პარლამენტის მიზანი ნათელია, თუმცა, მაგალითად, რატომ ვუკრძალავთ ან იურიდიულ პირს, საერთო ჯამში, 200 ჰექტარზე მეტი მიწის შეძენას“.

პაატა კოღუაშვილი კი მიიჩნევს, რომ მსგავსი შეზღუდების პირობებში მიწით სპეკულაციაა მოსალოდნელი:

„თუ მიზანი ისაა, რომ ნაკვეთები არ დანაწევრდეს, მაშინ მითითებული უნდა იყოს, რომ მისი გაყოფა და ნაწილის შეძენა არ შეიძლება. და ეს საქართველოს მოქალაქეებსაც უნდა ეხებოდეს. ამასთან, საკითხავია, რამდენად ეფექტური იქნება ზედა ზღვრის დაწესება მიწით სპეკულაციის თავიდან ასაცილებლად, რადგან კერძო ან იურიდიულმა პირმა შეიძლება ასეულობით იურიდიული პირი დააფუძნოს და ისე შეიძინოს მიწა“.

კომიტეტის აპარატმა უკვე განიხილა საკითხი და გვაქვს როგორც არსობრივი, ასევე ტექნიკური ხასიათის შენიშვნები...

პარლამენტის ვებგვერდზე კანონმდებლის განმარტებაში ვკითხულობთ, რომ კანონპროექტში „არ არის საუბარი უცხოელების მიმართ რაიმე სახის აკრძალვების დაწესებაზე, არამედ აქ კანონმდებელი ირჩევს უცხოელების მიმართ სპეციალური სამართლებრივი რეჟიმის დადგენისა და ცალკეული პირობებისა და მოთხოვნების დაწესების გზას, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, ამ უკანასკნელს საერთო საფუძველზე წარმოეშობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება“.

კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები, რომლებიც 2 თებერვლისთვის იყო დაგეგმილი, გადაიდო. წამყვანი კომიტეტი აგრარულ საკითხთა კომიტეტია. მანამდე დოკუმენტი კიდევ რამდენიმე კომიტეტმა უნდა განიხილოს. აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი ივერი ახალბედაშვილი ამბობს, რომ შენიშვნები კანონპროექტთან დაკავშირებით უკვე არსებობს:

„კომიტეტის აპარატმა უკვე განიხილა საკითხი და გვაქვს როგორც არსობრივი, ასევე ტექნიკური ხასიათის შენიშვნები“.

თუმცა აპარატის უფროსი ამ შენიშვნებზე უფრო კონკრეტულად საუბრისგან თავს იკავებს მანამ, სანამ განხილვები არ დასრულდება.

XS
SM
MD
LG