Accessibility links

logo-print

პარლამენტმა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი პირველი მოსმენით მიიღო


პარლამენტის სხდომათა დარბაზი

პარლამენტის სხდომათა დარბაზი

კანონპროექტი „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. ეს ცვლილებები ითვალისწინებს მოწმეთა დაკითხვის ახალ წესს, რომელიც, კანონპროექტის მიხედვით, ძალაში 2016 წლის პირველი იანვრიდან უნდა შევიდეს. დოკუმენტის განხილვისას ამ ცვლილებებს აკრიტიკებდნენ ომბუდსმენი, არასამთავრობო ორგანიზაციები და საპარლამენტო ოპოზიცია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა უკმაყოფილება 11 დეკემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზეც გამოთქვეს.

73 ხმით არც ერთის წინააღმდეგ პარლამენტმა დაასრულა იმ ცვლილებების განხილვის პირველი ეტაპი, რომლებიც „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ უნდა შევიდეს. ცვლილებები იმ მუხლებში, რომლებიც მოწმეთა დაკითხვისა და გამოკითხვის წესებს ეხება, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს არ მოსწონთ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტში უცვლელად უნდა დარჩენილიყო ის წესი, რომელსაც 2009 წელს მიღებული „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ ითვალისწინებდა. პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა სწორედ ამაზე ისაუბრა:

„2009 წელს შემოვიტანეთ ის პრინციპი, რომ ადამიანი შეიძლება ნებაყოფლობით დაკითხო. მაგრამ იმ ცვლილებით, რაც თქვენ შემოგაქვთ, ეს ცვლილება ხდება ფორმალური, რადგან როდესაც ადამიანთან მიდიხარ და ეუბნები, ახლა შენ მე თუ ინფორმაციას მომცემ და ეს ინფორმაცია არასწორი აღმოჩნდება, შენ სისხლის სამართლით აგებ პასუხს... ეს კი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა, ხოლო თუ საქმე მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს ეხება, 4-დან 7 წლამდე.“

ჩვენ ვაუქმებთ 371-ე პრიმა მუხლს. ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემისთვის აღარ იქნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა...

ოპოზიცია აკრიტიკებს კანონპროექტის იმ ნაწილსაც, რომლის მიხედვითაც, დაცვის მხარეს არ აქვს უფლება დაესწროს დაკითხვის პროცესს, როდესაც ბრალდების მხარე მოწმეს მაგისტრატ მოსამართლესთან იბარებს.

კანონპროექტი „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების შესახებ 4 და 8 დეკემბერს განიხილეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებშიც.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტს მხარი არ დაუჭირა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც, განმარტებითი ბარათის მიხედვით, არის ის, რომ ბრალდების მხარეს გამოძიების პროცესში მეტი უფლება აქვს, რამაც შეიძლება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი დაარღვიოს.

ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტმა კი საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა, თუმცა დაურთო შენიშვნებიც.

ერთ-ერთი შენიშვნა ეხებოდა მუხლს, რომლის მიხედვითაც ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ისჯება, რასაც 11 დეკემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე გამოეხმაურა:

„ჩვენ ვაუქმებთ 371-ე პრიმა მუხლს. ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემისთვის აღარ იქნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ცხადია, დარჩება 370-ე მუხლი: „ცრუ ინფორმაცია ან ჩვენება, ყალბი დასკვნა, საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა ან არასწორი თარგმანი“.

სოფო ვერძეული

სოფო ვერძეული

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) იურისტი სოფო ვერძეული, რომელიც კანონპროექტს სხვა იურისტებთან ერთად საკომიტეტო მოსმენებზეც აკრიტიკებდა, ამბობს, რომ ეს ცვლილება კარგია, თუმცა საბოლოო შეფასების გაკეთება მეორე საპარლამენტო მოსმენამდე ძნელი იქნება, რადგან სწორედ მეორე მოსმენისთვის გამოქვეყნდება დოკუმენტები, სადაც კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები აისახება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG