Accessibility links

logo-print

სასჯელაღსრულების სისტემის მოგვარებული და მოსაგვარებელი პრობლემები


პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ წლიური ანგარიში წარმოადგინა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხების მინისტრმა #7 დაწესებულების დირექტორს უფლებამოსილება შეუჩერა ერთ-ერთი პატიმრის ცემის ფაქტის გამოძიების დასრულებამდე, შეწყალების კომისია კი 600 პატიმრის განცხადებაზე მსჯელობს. ამასობაში, ციხეებში გრძელდება პატიმართა შიმშილობა, მათი საქმეების გადახედვის მოთხოვნით.

პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის საქმიანობა შეაჯამა. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს პირდაპირი მოვალეობა არ არის, ორგანიზაციის რეკომენდაციით, დასაქმდა 124 პირობით მსჯავრდებული, 2 ათასამდე პრობაციონერი კი სხვადასხვა სახის ფსიქო-სოციალურ სარეაბილიტაციო პროგრამაში ჩაერთო.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხების მინისტრის პირველი მოადგილე გიგა გიორგაძე ამბობს, რომ უმთავრესი საქმიანობა, რასაც სამინისტრო პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად აწარმოებს, არის თითოეულ პრობაციონერთან ინდივიდუალური მუშაობა და მათ საჭიროებებზე მორგებული პროგრამის შეთავაზება. ამასთან, გიგა გიორგაძე მთავარ მიღწევად გასულ წელს განხორციელებული მასშტაბური ამნისტიისა და შეწყალების პარალელურად განმეორებითი დანაშაულის სიმცირეს ასახელებს:

„რამდენია განმეორებითი დანაშაულის რაოდენობა იმ ადამიანებში, ვინც ჩართული იყო ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამებში, სხვადასხვა საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში? - მხოლოდ 0,8 %. ასეთი მაჩვენებელი სხვა ქვეყნებში პრაქტიკულად არსად არ არის, წარმატებულ ქვეყნებზე მაქვს საუბარი. ეს არის სწორედ იმის ნიშანი, რომ ჩვენ მაქსიმალურად ბევრი პროგრამა უნდა გვქონდეს და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ განმეორებითი დანაშაულის რისკებს შევამცირებთ“. ეს კი, გიგა გიორგაძის სიტყებით, ზოგადად, დანაშაულის ჩადენის რისკების შემცირებას და საზოგადოების დაცულობას ნიშნავს.

პრობაციის მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 6 წლით, რაც უდავოდ მისასალმებელი ნაბიჯია. მინიმალური ვადა - 1 წლით და, შეკრებითობის შემთხვევაში, - 2 წლით, თუ ასეთი არსებობს. ასევე აქ საუბარი იყო ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებზე...
სახალხო დამცველის მოადგილის პაატა ბელთაძის სიტყვებით, ომბუდსმენის ოფისს პენიტენციურ სისტემასთან მიმართებით ყველაზე ნაკლები პრეტენზია სწორედ პრობაციის მიმართულებით აქვს. პაატა ბელთაძე ამბობს, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის კონტექსტში მნიშვნელოვანია ასევე ცვლილებები, რომელიც პრობაციონერებს შეეხოთ - მათ შორის პრობაციის მაქსიმალური, - 41 წლიანი - ვადის 6 წლამდე შემცირებაა:

„პრობაციის მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 6 წლით, რაც უდავოდ მისასალმებელი ნაბიჯია. მინიმალური ვადა - 1 წლით და, შეკრებითობის შემთხვევაში, - 2 წლით, თუ ასეთი არსებობს. ასევე აქ საუბარი იყო ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებზე, სადაც განთავსდებიან პრობაციონერები და მეტი ადამიანი იქნება ჩართული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სფიქო-სარეაბილიტაციო და რესოციალიზაციის პროგრამები, რომელიც არ არის საკმარისი და უფრო სისტემურ და განგრძობად მიდგომას საჭიროებს და მომავალში, ალბათ, საჭიროა მათ დაიწყონ ფიქრი და მუშაობა“.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი არსოშვილის სიტყვებით, მთავარია პრობაციონერთა შორის რეციდიული დანაშაულის მინიმუმამდე შემცირება. ამნისტიისა და შეწყალების აქტების შემდეგ 11 ათასამდე შემცირდა პრობაციონერთა რაოდენობა, რამაც პრობაციის ოფიცრებს, რომელთაც წარმოებაში 400-500 საქმე ჰქონდათ, შეუმცირა პრობაციონერთა რაოდენობა 70-80 საქმემდე და ეს, გიორგი არსოშვილის სიტყვებით, გაცილებით უკეთეს პირობებს ქმნის თითოეულ პრობაციონერთან ინდივიდუალური მუშაობისთვის:

პატიმარს აქვს დაზიანებები, თვითონ ასახელებს იმ თანამშრომლებს, რომლებმაც, მისი თქმით, სცემეს, თუმცა, პარალელურად, ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, - ის არის ვიდეოთვალთვალის ქვეშ, - თუ როგორ ძვრება სკამზე, როგორ აფარებს რაღაც ნაჭერს და იქ, ოთახში, რა ხდება, არაფერი არ ჩანს...
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პირდაპირი მოვალეობა არ არის, ჩვენი რეკომენდაციით, დასაქმდა 124 პრობაციონერი. ჩვენ წელს პირველად დავაფინანსეთ არასამთავრობო სექტორი რეგიონალურ დონეზე, იმისათვის, რომ პრობაციონერებისთვის შეეთავაზებინათ ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამები და, ერთობლიობაში, სულ, წელს 2500-ზე მეტი პრობაციონერი იქნა ჩართული ამ ტიპის აქტივობებში“.

პრობაციის ეროვნული სააგენტო აპირებს მომავალ წელს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს პრობაციონერთა რესოციალიზაციასა და ფსიქორეაბილიტაციას.

სამოქალაქო სექტორს და თავად პატიმრების ახლობლებს მეტი პრეტენზია აქვთ სასჯელაღსრულების დაწესებულების შიგნით არსებული ვითარების მიმართ. ორი დღის წინ #7 დაწესებულებაში მყოფი პატიმრის, მირზა გიგმელიანის ადვოკატმა, ირმა ბერიკაშვილმა, გაავრცელა ინფორმაცია პატიმრის ცემის თაობაზე. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა დროებით უფლებამოსილება შეუჩერა დაწესებულების დირექტორს, შოთა ტრაპაიძეს. სოზარ სუბარის სიტყვებით, მომხდარზე მოკვლევა მიმდინარეობს და სათანადო რეაგირებაც მიკვლევის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, ანუ დაუბრუნდება თუ არა დაწესებულების დირექტორი სამსახურს:

„პატიმარს აქვს დაზიანებები, თვითონ ასახელებს იმ თანამშრომლებს, რომლებმაც, მისი თქმით, სცემეს, თუმცა, პარალელურად, ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, - ის არის ვიდეოთვალთვალის ქვეშ, - თუ როგორ ძვრება სკამზე, როგორ აფარებს რაღაც ნაჭერს და იქ, ოთახში, რა ხდება, არაფერი არ ჩანს, ანუ ამას აკეთებს თვითონ. შესაბამისად, ცხადია, არსებობს ეჭვი, რომ იყოს თვითდაზიანებები. შეიძლება იყოს მართალი ის ინფორმაცია და ის ჩვენება, რასაც ის იძლევა. შესაბამისად, გამოძიება დაადგენს, რა არის რეალობა და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებებს. მანამდე კი მივიღე გადაწყვეტილება და დაწესებულების დირექტორს, შოთა ტრაპაიძეს, დროებით შეუჩერდა უფლებამოსილება“.

ამასობაში კი, საპატიმროებში გრძელდება, საქმეების გადახედვის მოთხოვნით, პატიმართა შიმშილობა. ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი აპირებს გამართოს საპროტესტო აქცია, ხარვეზების დამდგენი კომისიის შეკრების მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG