Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაზრის მოვაჭრეების აქცია გორში


გორის აგრარული ბაზრის მოვაჭრეების აქცია
გორის აგრარული ბაზრის მოვაჭრეების აქცია
დღეს, 1 აპრილის დილიდან, გორის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა დახლები და სავაჭრო ობიექტები მიატოვეს და მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. მოვაჭრეები ბაზრის ქალაქგარეთ გადატანის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.

ზუსტად ერთ თვეში იწურება ინვესტორის მიერ აღებული ვალდებულება ახალი ბაზრის ჩაბარების თაობაზე. მფლობელებსა და გამგეობას შორის დადებული შეთანხმების მიხედვით კი, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახალ ობიექტზე მოვაჭრეთა გადაყვანა უნდა უზრუნველყოს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქალაქგარეთ გადასვლას არ აპირებენ და ძველი ბაზრის შესანარჩუნებლად ბოლომდე იბრძოლებენ.

აქციის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. მოვაჭრეებთან მივიდა პარლამენტის დეპუტატი თამაზ შიოშვილი, რომელიც აცხადებს, რომ აუცილებელია კომპრომისული ვარიანტის მოძებნა იმისათვის, რომ არც ინვესტორი და არც აქციის მონაწილეები არ დაზარალდნენ.

გორის აგრარული ბაზრის მფლობელი ამჟამად ქართულ-ებრაული კომპანიაა, რომელმაც ახალი ბაზარი ააშენა. საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ხელს ისევ „ნაციონალური მოძრაობისკენ“ იშვერს და აცხადებს, რომ ბაზრის გასხვისების საკითხებით გამოძიება უნდა დაინტერესდეს, რადგან, მისი აზრით, ამ კომპანიის უკან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები მოიაზრებიან.
გორის აგრარული ბაზრის მოვაჭრეების აქცია
გორის აგრარული ბაზრის მოვაჭრეების აქცია

გორის ბაზრის გარშემო დავა კი 5 წელზე მეტია გრძელდება. დღეს მოვაჭრეებთან ბაზრის ყოფილი მფლობელი ჯემალ წიკლაურიც გამოჩნდა, რომელსაც სავაჭრო ობიექტი ზეწოლით სახელმწიფოსთვის აჩუქებინეს. ეს ყველაფერი მიხეილ ქარელის გუბერნატორობის პერიოდში მოხდა. მოგვიანებით წიკლაურმა ბაზრის დასაბრუნებლად ბრძოლა დაიწყო და ინვესტორებს მოუწოდებდა სადავო ქონება არ შეეძინათ, მაგრამ უცხოურმა კომპანიამ ეს ობიექტი მაინც შეიძინა და ახალი მშენებლობა წამოიწყო. წიკლაური აცხადებს, რომ პროკურატურამ უკვე დაიწყო საქმის გამოძიება.

ბაზრის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა კი პირობის შესრულებას მოითხოვს და ობიექტის ჩაბარების შემდეგ ხელისუფლებას მოვაჭრეთა ახალ სავაჭრო ცენტრში გადაყვანის უზრუნვეელყოფას სთხოვს. ადგილობრივი ხელისუფლება კომპრომისული ვარიანტის მოსაძებნად ინვესტორთან მოლაპარაკებას იწყებს.
XS
SM
MD
LG