Accessibility links

logo-print
შპს ზუგდიდის სუპერმარკეტის მოვაჭრეებმა გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით გუშინ დაწყებული საპროტესტო აქცია დღეს შეწყვიტეს. მათ მიიღეს დაპირება პოლიციისგან, რომ ადგილობრივ გამგეობასთან შეთანხმების საფუძველზე 5 დღის ვადაში გარემოვაჭრეობა აიკრძალება. თავის მხრივ, ბაზრის შიდამოვაჭრეები აცხადებენ, რომ თუ დაპირება არ შესრულდება და გარევაჭრობა არ შეწყდება, პროტესტს გააგრძელებენ.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ გარევაჭრობის გამო ბაზარში მყიდველი არ შედის და ყოველდღიურად სამუშაო ფართის საფასურს - 2 ლარს - ვერ იხდიან:

„ქუჩაში ვაჭრობა მოსპონ. შიგნით დირექცია კარს გვიკეტავს, რადგან არ შეგვიძლია ჩეკის გადახდა. იმის გამო, რომ გარეთ არის ვაჭრობა, არავინ შემოდის შიგნით“.

„არავინ გვაქცევს ყურადღებას და ამიტომ იძულებულები გავხდით გარეთ გამოვსულიყავით“, – აცხადებენ შპს ზუგდიდის ბაზრის შიდამოვაჭრეები. ისინი გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით გუშინ ადგილობრივ გამგეობაში შეიკრიბნენ, დღეს კი ამავე მოთხოვნის საფუძველზე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გზა ნახევარი საათით გადაკეტეს. საპროტესტო აქცია დღეს იმ მიზეზით გაგრძელდა, რომ გუშინ მოვაჭრეებმა ვერც გამგეობასთან მიაღწიეს შეთანხმებას და ვერც ბაზრის დირექციასთან.

ბაზრის დირექტორმა გია კანკიამ მოვაჭრეებს გუშინ განუცხადა, რომ იმყოფებოდა ქალაქის პოლიციის სამმართველოში, სადაც უთხრეს, რომ არსებობს „ზემდგომიდან“ ბრძანება, რომლის თანახმადაც ქვეყანაში გარევაჭრობა 1 იანვრამდე დაშვებულია.

გია კანკიას ამ განცხადებას ბაზრის შიგნით დასაქმებული ადამიანების მხრიდან უკმაყოფილება და ხმამაღალი შელაპარაკება მოჰყვა. ისინი ამბობენ, რომ გარევაჭრობის აკრძალვას საქართველოს კანონმდებლობაც ითვალისწინებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, შპს ზუგდიდის სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა დღემდე გრძელდება.

მოვაჭრეები გარევაჭრობის 1 იანვრამდე დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ.

შეგახსენებთ: მიმდინარე წლის ნოემბერში ზუგდიდში გარევაჭრობის დაშვების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს გარემოვაჭრეებმაც. სწორედ ამ აქციის შემდეგ მისცეს მათ 1 იანვრამდე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობის უფლება.
XS
SM
MD
LG