Accessibility links

logo-print

მომაჯადოებელი დოკუმენტური ფილმი "იდუმალი სამგანზომილებიანი ოკეანე" მიკროსკოპული ზომის არსებების თვალით უხილავ სამყაროზე მოგვითხრობს.

სახელგანთქმული მამის, ჟაკ კუსტოს მსგავსად, ჟან-მიშელიც მკვლევარი და რეჟისორია. ოკეანეების შესასწავლად მან სრულიად ახალი სამგანზომილებიანი ტექნოლოგია გამოიყენა და მიკროსკოპული არსებების გადაღება შეძლო. კუსტოს მორიგ ფილმში წყლის 30 ახალი არსებაა, რომელთა დანახვა შეუიარაღებელი თვალით გამორიცხულია.

„ხანდახან ისეც ხდება, გადაღებულს სტუდიაში მოიტან, სამგანზომილებიან ეკრანზე შენელებულ კადრს სპეციალური სათვალით უყურებ და ისეთ რამეს პოულობ, რაც გადაღების დროს თვალით არ გინახავს. მერე ვამბობ ხოლმე: უნდა დავბრუნდე და ყველაფერი თავიდან გადავიღო“- მოგვითხრობს მკვლევარი.

შედეგი მომაჯადოებელია. დოკუმენტური ფილმი „იდუმალი სამგანზომილებიანი ოკეანე“ (Secret Ocean 3D) წყლის ფსკერის ცხოვრების სრულიად ახალ, დამატყვევებელ და ხიფათით სავსე სამყაროს გვაცნობს, სადაც არსებობისთვის ერთმანეთს ჭამენ, მაგრამ ამით მთელ დედამიწას და საბოლოო ჯამში ჩვენც არსებობის საშუალებას გვიქმნიან. სადაც ბუნებრივი რესურსი უქმად არასოდეს ცდება.

თუმცა, კუსტო ამბობს, რომ ადამიანური ნარჩენები, ქიმიკატები, მათ შორის მძიმე მეტალი და პლასტმასი ოკეანის უნიკალურ სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის: „სიცოცხლის განადგურება ოკეანის ფსკერიდან იწყება და ლანგარზე დადებული თევზით მთავრდება. დაბინძურება ისევ ხმელეთზე მყოფებს გვიბრუნდება“.

კუსტო ზღვის წყლის გამტკნარების და სასმელად თუ საირიგაციოდ გამოყენების ცნობილი პროპონენტია. მაგრამ ამის გაკეთება მისი თქმით, მხოლოდ დაბინძურებული წყლის ოკეანეში ჩადინების შეჩერების შემდეგ შეიძლება. „ხუთ წლამდე ასაკის 4-დან 5 ათასამდე ბავშვი კვდება დღეს დედამიწაზე ყოველდღიურად. ყოველდღიურად! მხოლოდ იმიტომ, რომ სუფთა წყალზე ხელი არ მიუწვდებათ. ეს უნდა შევცვალოთ. ჩვენ შეგვიძლია ამ გადაწყვეტილების მიღება და განხორციელება “ - ამბობს ის.

მამაზე კუსტო განსაკუთრებული მოწიწებით საუბრობს. ის ოკეანეების შესწავლის და კინოფირზე დოკუმენტირების პიონერი იყო. დღეს კუსტოს თქმით, ოკეანეების უმეტესი ნაწილი ჯერ კიდევ შეუსწავლელია. ათასობით და შესაძლოა მილიონობით არსების დედამიწაზე არსებობის შესახებ არაფერი ვიცით და ვერც იმას გავიგებთ, თუ როგორ ზემოქმედებს მათზე დაბინძურება.

„მამამ იცოდა თქმა: ადამიანები იმას ვუფრთხილდებით, რაც გვიყვარსო. მე ვიტყოდი, როგორ გავუფრთხილდებით, როცა ვერ ვუგებთ“ - კითხულობს ის. კუსტომ „ოკეანეების მომავლის საზოგადოება“ დააარსა, რომელიც წყლის სიცოცხლის და მისი მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ისახავს მიზნად. ბოლო ფილმიც ამ საქმეს ემსახურება.

„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუს დასასრულს კუსტო ხაზს უსვამს, რომ დედამიწაზე სიცოცხლის არსებობას უმეტესწილად წყალი განსაზღვრავს, რომ ოკეანის გაფრთხილების გარეშე, ადამიანები ჩვენს გარემოს და საკუთარ არსებობას ვუქმნით საფრთხეს. მისი ფილმი კი „იდუმალი სამგანზომილებიანი ოკეანე“ არამარტო შემეცნებითი ხასიათით, არამედ საოცარი ფერებით და სილამაზით გამოირჩევა.

XS
SM
MD
LG