Accessibility links

logo-print

მშენებლობა და სივრცითი მოწყობის ახალი კანონპროექტი


ავტორი: ირინა გურული

2015 წლის გაზაფხულისთვის საქართველოს პარლამენტი სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის ახალი კოდექსის მიღებას გეგმავს. კოდექსზე მუშაობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი განსაკუთრებით გააქტიურდა. შეხვედრებიც გაიმართა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან და, როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროექტზე მუშაობაც უკვე დასრულებულია.

ოფიციალური პირები იმასაც ამბობენ, რომ სამშენებლო და სივრცითი მოწყობის, ანუ ურბანული თემატიკის გაერთიანება ერთ კოდექსში თანამედროვე მიდგომაა და წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ეს კანონი ერთად მოაქცევს დღეს მოქმედ რამდენიმე კანონს, ბრძანებულებასა თუ დადგენილებას და მშენებლებს საკანონმდებლო ლაბირინთებში გარკვევას გაუადვილებს.

კოდექსი არეგულირებს ქვეყნის სივრცით მოწყობის საკითხებს, კერძოდ: როგორი უნდა იყოს ამა თუ იმ ქალაქის ან დასახლების გეგმა, რას უნდა მოიცავდეს, ვინ არის პასუხისმგებელი მის შედგენაზე და ა.შ... ეს საკითხი განიხილება ავტონომიური რესპუბლიკების, მუნიციპალიტეტების, ქალაქების, დაბებისა და სოფლების დონეზე. კოდექსის მეორე ნაწილი სამშენებლო თემატიკას მოიცავს.

ერთ-ერთი სიახლე არის ის, რომ კოდექსით გენგეგმაში გათვალისწინებულიპარამეტრების შეცვლა მხოლოდ ქალაქის მერიისა და საკრებულოს ნებართვით იქნება შესაძლებელი. ამ ცვლილებით კანონპროექტის ავტორები ცდილობენ ქალაქში უსახური შენობების მშენებლობის პრაქტიკა აღმოფხვრან.

სხვათა შორის, ეს მუხლი მშენებელთა ყველაზე მეტ კითხვას იმსახურებს, რადგან, მათი განმარტებით, გართულებული იქნება ძველი შენობების ადგილას ახალი, მრავალსართულიანი შენობების აგება, შესაბამისად, მშენებლებს აღარ ექნებათ საშუალება ძველ შენობებში მცხოვრები მოსახლეობაც დააკმაყოფილონ და აქვე ახალი ბინებიც ააშენონ, რამაც ცენტრალურ უბნებში მშენებლობის პროცესი, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეაფერხოს.

როგორც კანონპროექტის ავტორები ამბობენ, მშენებლობა უნდა აწარმოოს სერტიფიცირებულმა პერსონალმა: არქიტექტორი, ინჟინერი, კონსტრუქტორი თუ მშენებელი - ყოველი მათგანი უნდა იყოს, ახალი კოდექსის მიხედვით. რეგულაცია ამ მხრივაც გამკაცრდება.

სივრცითი გარემოსა და მშენებლობის კოდექსი დაარეგულირებს ოთხი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობას: პირველში შედის მარტივი შენობები, მეორეში - საცხოვრებელი სახლები და კოტეჯები, მესამეში- მაღალი შენობები: საცხოვრებელი თუ საოფისე შენობები, ხოლო მეოთხეში - საავადმყოფოები, სკოლები, საბავშვო ბაღები და ა.შ.. კოდექსის თანახმად, პირველ და მეორე ჯგუფზე ნებართვები აღარ იქნება საჭირო.

სიახლეა ისიც, რომ ახალი კოდექსის მიხედვით, ნებისმიერ მშენებლობაზე უნდა იყოს შრომის დაცვის სპეციალისტი. ასევე შემოდის კერძო ზედამხედველის ინსტიტუტიც. მშენებელს შეეძლება და, სავარაუდოდ, მოუწევს დაიქირავოს სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული ზედამხედველი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იქნება მშენებლობაზე, გააკონტროლებს მას და მერე ამ მონაცემებს წარადგენს ქალაქის მერიაში. ამ შემთხვევაში მერიას უკვე აღარ ექნება უფლება, რომ მშენებლობა შეამოწმოს. მშენებელს შეუძლია აირჩიოს ერთი ან მეორე სქემა, რაც დაახლოებით ალტერნატიული აუდიტის მსგავსი არჩევანია.

ეს და სხვა ცვლილებები, რომლებიც კოდექსშია გათვალისწინებული, ერთი მხრივ, მშენებლობის სტანდარტების გაუჯობესებას მოემსახურება, მეორე მხრივ კი, სავარაუდოდ, სამშენებლო ზედამხედველობისა და სტანდარტების დაცვის ხარჯებს გააძვირებს. რამდენად აისახება და აისახება თუ არა ეს უძრავი ქონების ბაზარზე, ამას მომავალი გვიჩვენებს. მანამდე კი, კანონპორექტის კანონად ქცევამდე, დიდი ალბათობით, მასთან დაკავშირებით კიდევ არაერთი კითხვა დაისმება.

XS
SM
MD
LG