Accessibility links

logo-print

4 ადამიანი დაიღუპა თბილისში, აფაქიძის ქუჩაზე მდებარე შენობის რეკონსტრუქციის დროს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა და რომელი უწყებაა პასუხისმგებელი შრომის უსაფრთხოების დაცვაზე?

უბედური შემთხვევა აფაქიძის 13-ში მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობის რეკონსტრუქციის დროს მოხდა. როგორც მეზობლად მცხოვრები ტრისტან ფოცხვერაშვილი იხსენებს, ტრაგედიის ადგილზე ნგრევის ძლიერმა ხმამ მიიყვანა:

„ძალიან დიდი ხმა ჰქონდა, იმისთანა, რომ, ვიფიქრე, ბომბი ხომ არ ჩამოვარდა-მეთქი! ძალიან შემეშინდა, ვეღარ მომქონდა ფეხები. მერე მითხრეს, კედელი ჩამოინგრაო. ჩემი სოფლელები მუშაობდნენ, ანგრევდნენ მძიმე-მძიმედ და ბოლოს რომ მიადგნენ ჭერს, მთლიანად წამოვიდა და ხალხი მოიყოლა“.

პირველ რიგში მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს. ეს ნამდვილად ძალიან ტრაგიკული შეთხვევა არის. აქვე მინდა ვთქვა, რომ ძალიან სწრაფად იქნება გამოძიებული აღნიშნული საქმე...

ჩამონგრეულმა სახურავმა მეოთხე სართულიდან სარდაფში ჩაიყოლა ოთხი მუშა, რომელთაგანაც სამი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორისაა მამაკაცი და მისი არასრულწლოვანი შვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც, უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. შემთხვევის ადგილზე მისულმა თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმაც განაცხადა, რომ დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება:

დიმიტრი ქუმსიშვილი

დიმიტრი ქუმსიშვილი

„პირველ რიგში მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს. ეს ნამდვილად ძალიან ტრაგიკული შეთხვევა არის. აქვე მინდა ვთქვა, რომ ძალიან სწრაფად იქნება გამოძიებული აღნიშნული საქმე და ყველა, ვინც არის დამნაშავე, დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით“.

აფაქიძის 13-ში მდებარე შენობის რეკონსტრუქციას კომპანია „ტიფლის ბიზნესცენტრი“ აწარმოებს. სამშენებლო ობიექტის წინ დამაგრებული აბრა იუწყება, რომ შენობას ექნება საზოგადოებრივი ფუნქცია (განთავსდება ოფისები) და რომ რეკონსტრუქციის შემდეგ ოთხსართულიანი შენობა გახდება ექვსსართულიანი. აბრაზე ასევე მითითებულია, რომ მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურია, რომლის უფროსის ნინო ღოღობერიძის თქმით, მუშაობის დაწყებამდე კომპანიამ წარმოადგინა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, კონსტრუქციული პროექტი, რომელიც შედგება შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის დეტალური პროექტისაგან, შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთის კვლევა, აგრეთვე მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი და სავალდებულო საექსპერტო შეფასება:

ნინო ღოღობერიძე

ნინო ღოღობერიძე

„დასკვნა იყო, რომ არ ახდენდა ზიანს როგორც პროექტზე, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, ამ დასკვნასაც და მის კონსტრუქცულ ნაწილსაც სჭირდება სრული შესწავლა, რომელიც უკვე დაწყებულია. რაც შეეხება შრომის უსაფრთხოებას, პასუხს აგებს თვითონ მშენებელი, რომელიც ორგანიზებას უწევს პროექტის შესრულებას, ანუ სამშენებლო კომპანია“.

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებიც აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული იყო, მაგრამ ჩაინგრა ჭერი, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ფილებით იყო გადახურული. პროექტის მიხედვით, მძიმე სახურავის ნაცვლად უნდა დადგმულიყო მინის მსუბუქი კონსტრუქცია, თუმცა აფაქიძის ქუჩის მცხოვრებთა ნაწილი გამოთქვამს ეჭვს, რომ შენობის რეკონსტრუქცია უხეშად და უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ხორციელდებოდა:

შემთხვევის ადგილი

შემთხვევის ადგილი

„პირველში შევიტანე მერიაში განცხადება, მაშინ დაიწყეს საძირკვლის ამოღება. მანამდე, ერთი-ორი თვით ადრე, ნგრევა მიდიოდა... მე შევიტანე სიგნალი, რომ არასწორად კეთდებოდა, მაგრამ მითხრეს, პროექტი დამტკიცებულიაო... ერთი სიტყვით, ანგრევენ ჩქარა, აშენებენ ჩქარა, მაგრამ ის კი არ ისჯება, ვინც დარღვევებით აშენებეს, არამედ ისჯებიან მუშები“.

2015 წელს სამუშაო ადგილზე უკვე რვა ადამიანი დაიღუპა, 2014 წელს კი - 41. მშენებელთა პროფკავშირის თავმჯდომარის მარინა კურტანიძის ვარაუდით, ამის მიზეზი ისაა, რომ არანაირი ყურადღება არ ექცევა შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას.

„შრომის უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევით მიმდინარეობს თითქმის ყველა მშენებლობა, რომელსაც ვერავითარ პრევენციას ვერ უწევს ვერც თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური და ვერც ახლახან შექმნილი შრომის ინსპექცია, რომელიც კი შეიქმნა, მაგრამ ძირითადად ფორმალურად არსებობს, არ აქვს რამე არსებითი ღონისძიებების განხორციელების უფლება. ეს არის ფარატინა დებულება, რასაც ვერანაირად ვერ გამოვიყენებთ დასაქმებულების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სამწუხაროდ, თითქის არც ერთ მშენებლობაზე არ ხდება პრევენცია უსაფრთხოების ღონისძიებისა. არავითარ მონიტორინგს არ აწარმოებენ, რა დარღვევებით მიმდინარეობს მშენებლობა, დემონტაჟი, თუნდაც მშენელობის ხარისხი“, უთხრა რადიო თავისუფლებას მარინა კურტანიძემ, რომლის თქმით, 2006 წლის, ანუ შრომის ინსპექციის გაუქმების, შემდეგ მკვეთრად გაიზარდა სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების რიცხვი. ამასთან, დარგების მიხედვით, ყველაზე ხშირად უბედური შემთხვევა მშენებლობაზე ხდება. შარშან მშენებლობაზე დაიღუპა 14 ადამიანი, 11 კი მძიმედ დაშავდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG