Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გამიფუჭდა ხმები მშრალი ხიდიდან, ანუ ჭინჭი-მინჭები


იცით რა, თავიდანვე მინდა ბოდიში გითხრათ იმის გამო, რომ ადამიანის ხმები, რომლებსაც ამ რეპორტაჟში მოისმენთ, ცუდი ხარისხით არის ჩაწერილი. ჩემი ბრალია. ჩამწერი ვერ მოვამზადე კარგად. წუნიანი ჩანაწერი რედაქციაში დაბრუნებულმა აღმოვაჩინე და ჩემი უთავბოლობის ამბავი ხან სასწაულ სიცხეს დავაბრალე, ხან ჩანთას, რომელშიც ჩამწერი იდო, მერე ისიც დავასკვენი, რომ მე ხომ ბედი არ მაქვს და რაც მაქვს, იმ ბედს შევეგუე. არა, მანამდე უკან გაბრუნება და ახალი ხმების მოტანაც გადავწყვიტე, მაგრამ მერე უცებ განათდა: სიუჟეტი ხომ ძველმანებზეა. ჰოდა, იყოს ის ხმები, რაც მაქვს. ის ნივთები, ის ამბები, რაზეც მე უნდა მოვყვე, ხშირ შემთხვევაში ისეთივე დაზიანებულია, როგორც ეს ხმები. და, მოკლედ, თუ რეპორტიორი არასდროს ყოფილხართ და ჩანაწერი არ გაგფუჭებიათ, ვერასდროს გაიგებთ ჩემს სევდას.

კარგით, სევდა იქით იყოს და... თუმცა, არა, სევდა ვერ იქნება იქით. იქ, სადაც ძველი ნივთები იყიდება, რაღაცნაირი სევდაც ტრიალებს. უფრო ზუსტად, მე მქონდა რატომღაც ასეთი რომანტიული დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ, სანამ მშრალ ხიდზე როგორც რეპორტიორი, ისე არ აღმოვჩნდი. მივდიოდი და ვფიქრობდი, ალბათ როგორ დარდობენ იქ გამოტანილ ნივთებზე ადამიანები, როგორ ენანებათ ძველი კოვზები, თეფშები, ლარნაკები, ჩარჩოები, სარკეები, სამოვრები, ფოტოაპარატები, საკრავები, რადიოები, მუსიკალური ფირფიტები, წიგნები, ფოტოები, მედლები, ძველი ბანკნოტები, ჭანჭიკები და ანჯამებიც კი და აუ, კიდევ ვინ მოთვლის რამდენი რამ. მშრალ ხიდზე გამოლაგებულ ძველ და ალაგ-ალაგ გარეულ თანამედროვე ნივთებს რა აღნუსხავს.

დაბოდიალობ ასფალტზე გაფენილ ძველ ნივთებს შორის და თან თვალებს აჭყეტ, შემთხვევით ფეხი არაფერს წამოჰკრა და, მაგალითად, მეცხრამეტე საუკუნის ჩეხური ბროლის ლარნაკი არ შემოგატყდეს და ან კიდევ 60-იანი წლების სუნამო არ შეიწირო.

აი, 70 წლის ტატიანას ნაცრისფერ ტილოზე დედამთილის სუნამოები, საბჭოთა პერიოდში კარგად ცნობილი „კრასნაია მოსკვა“ და „სარდონიკსი“ უწყვია. ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ ბებიაჩემის ლანდი თუ ამეტუზებოდა მშრალ ხიდზე, მაგას კი ვერა. თვალწინ დამიდგა ბებიაჩემი, რომელიც სარკიანი ტუმბოდან „სარდონიკს“ იღებს, სახურავს ხსნის, საჩვენებელ თითზე იპირქვავებს ფლაკონს და ჯერ მარცხენა და მერე მარჯვენა ყურის ბიბილოებს ქვეშ ისვამს სუნამოს. მერე გახუნებულ თმას კეფაზე იკრავს და ოთახიდან გადის. ტატიანას დედამთილს ბევრი სუნამო ჰქონია. დედამთილი მკვდარია. გაუხსნელ ფლაკონებს საბჭოთა ქალების სურნელი მოაქვს:

„ჩემი დედამთილი მუსიკის მასწავლებელი იყო და მოსწავლეებ მოჰქონდათ და მოჰქონდათ საჩუქრად ეს სუნამოები და ბევრი დაუგროვდა. ახლა საწყალი გარდაიცვალა, ეს სუნამოები კი იდო, იდო და ვიფიქრე, გამოვიტან, გავყიდი-მეთქი. ჰოდა, მართლა კარგად იყიდება. აი, ამ „სარდონიქსს“ 30 ლარად ვყიდი. „კრასნაია მოსკვა“ - 40 ლარი. მიყვარს ძველი ნივთები. ხალხიც ყიდულობს. თან ფულიც მჭირდება. „კარენოი“ თბილისელი ვარ, მაგრამ ექვსი წელია უსახლკაროდ ვარ დარჩენილი“...

რა დროს დანანებაა, როცა ფული არ გაქვს. ყველაფერი გამოვიტანე სახლიდან, რაც ძველი მქონდა. ყველის დაფა, ჭიქები, კოვზები. ჩემი სახლის ნივთები, ახლა უფრო ძნელად იყიდება ეს ნივთები. ადრე უფრო კარგი ვაჭრობა იყო...
ნანა

კიდევ ტატიანას დახლს ქვემოდან, ქაღალდებში საგულდაგულოდ გახვეული, გაქექილ ტყავის პატარა სპეციალურ ჩანთაში ჩაწყობილი ხელსაწყოები გამოაქვს. მე ფრჩხილების მოვლისთვის განკუთვნილი მაკრატლები, ქლიბები და ნუნების საჭრელი მგონია, ის კიდევ მეუბნება, მეცხრამეტე საუკუნის დროინდელი გინეკოლოგიური ხელსაწყოებიაო. აქ მითხრეს, ვერ გაყიდი, ძალიან ძვირი ღირსო.

ტატიანას გავცდი. ჰო, იმას ვამბობდი, სადაც ძველი ნივთებია, იქ სევდაც არის-მეთქი და დავდივარ მშრალ ხიდზე მელანქოლიური სახით, ვეძებ საინტერესო ნივთებს და ვცდილობ მათ პატრონებს დავტყუო რამე ორიგინალური ისტორია ამ ნივთებისა და ამბავი იმისა, თუ როგორ არიან დაკავშირებულნი და მიჯაჭვულნი გასაყიდად გამოტანილ ნივთებზე და რას ვიღებ პასუხად ნანასგან, რომელიც აგერ უკვე 23 წელი მშრალ ხიდზე ძველ ნივთებს ყიდის?

„რა დროს დანანებაა, როცა ფული არ გაქვს. ყველაფერი გამოვიტანე სახლიდან, რაც ძველი მქონდა. ყველის დაფა, ჭიქები, კოვზები. ჩემი სახლის ნივთები, ახლა უფრო ძნელად იყიდება ეს ნივთები. ადრე უფრო კარგი ვაჭრობა იყო. იცი რამდენი ხალხი იყო? უუფ, შემოსევა იყო, ახლა სადღაა ხალხი. ძირითადად უცხოელი ტურისტები თუ დადიან“, - მეუბნება ნანა.

ტროტუარზე გაშლილ გაყვითლებულ ძველ ფოტოებს დავყურებ. ზაფხულის ღია ფეხსაცმლიდან ლურჯლაკიანი ფეხის თითები მიჩანს და უცებ რაღაცნაირად მაგრად მერიდება, რომ ამ ფოტოებს თავზე ვადგავარ. ევროპულ სტილში ჩაცმულ ახალგაზრდა წყვილს თავები აქვთ ერთმანეთზე მიდებული და უხერხულად იღიმებიან. სავარაუდოდ, ფოტოგრაფმა ურჩია, ასე გაიღიმეთო. ქალს ძალიან ლამაზი საყურე ჰკიდია. კაცს თხელი ულვაში აქვს. ესენი კაი ხნის მკვდრები არიან. იმათ გვერდზე რომ ფოტო დევს საოჯახო ალბომიდან, არც ისინი უნდა იყვნენ უფრო ცოცხლები. ქალის მაქმანებიან პერანგზე დამაგრებული ქინძისთავი ძლივს მოჩანს. კაცს ქალის მხარზე აქვს ხელი ჩამოდებული და ეტყობა, რომ ეს ქალი ძაან უნდა უყვარდეს. უყვარდეს რა, უყვარდა. და ვფიქრობ, როცა ეს წყვილი - სავარაუდოდ, მეოცე საუკუნის 10-იანი წლებიდან - ამ ფოტოს იღებდა, რას მოიფიქრებდნენ, რომ ერთი საუკუნის თავზე ტროტუარზე გამოფენილ მათ ფოტოს ვიღაც დასიცხული რეპორტიორი გადაუღებდა ფოტოებს. იქვე, პატარა სკამზე, ფოტოების გამყიდველი ზის.

ეს ფოტოები საიდან გაქვთ?

მე კოლექციონერი ვარ, - მპასუხობს კაცი. და აუ, ის მახსენდება, ჯონათანი. საფრან ფოერი. ხო წაგიკითხავთ „სრული გასხივოსნება“. ალექსი რომ ეკითხება ჯონათანს, შენ ვინ ხარო, და ის რომ პასუხობს, კოლექციონერიო. და ტიპი ათას სისულელეს რომ აგროვებს. სისულელეს რა, თავის პონტში კაი რაღაცეებს. ეს დიმაც, მშრალი ხიდის გამყიდველი, ეგეთი ტიპია. შემომყურებს ქვემოდან და მეუბნება:

„ჩვენ კოლექციონერები ვართ და ასეთ, ერთი შეხედვით, უცნაურ ნივთებს ვაგროვებთ. ხანდახან კოლექციონერები გიჟები არიან და ისეთ ნივთებს აგროვებენ, რაც სხვებს სულ არ სჭირდებათ“...

კიდევ მითხრა დიმამ რაღაცები. უბრალოდ, რადიო სიუჟეტისთვის ვეღარ გამოვიყენებ იმის ხმას, ძალიან ცუდად ისმის. ისეთი არაფერი, უბრალოდ, მითხრა, რომ ამ ფოტოებზე ვინც არიან, ყველანი მკვდრები არიან და ამათ შვილიშვილებს და შვილთაშვილებს ურჩევნიათ ამ ფოტოებში ფული აიღონო. მე მაგრად მეწყინა და ეგრევე გადავწყვიტე, რომ მოვკვდები, ყველა ფოტო თან წავიღო. აბა, რა წესია, გამომფინონ ახლა კიდევ საუკუნის მერე სადღაც მშრალ ხიდზე ან იმის იქით.

ადამიანს სჭირდება რაღაც თავშესაფარი, სადაც თავს მშვიდად იგრძნობს, დაისვენებს. დავიღალე ამ მერკანტილური ცხოვრებით და ბავშვობისკენ მიმიწევს გული, რადგან ბავშვობა არის ყველაზე ნათელი წერტილი ადამიანის ცხოვრებაში...
ირინა

დიმას რომ გავცდი რამდენიმე ნაბიჯით, აი, ზუსტად ის რეზინის სპილო დავინახე, ჩემმა უმცროსმა ძმამ ფანჯრიდან რომ გასტყორცნა სადღაც 27 წლის წინ. იმ სპილოს გვერდზე სხვა რეზინის სათამაშოებია გამწკრივებული - ყველას რომ გვქონდა ბავშვობისას, ისეთები, სხვანაირები რომ არ არსებობდა, ისეთები. კურდღლები, ძაღლები, მელიები, ცხენები. ეს სათამაშოები 54 წლის ირინა მურატხანოვას კოლექციიდანაა. თოჯინების და საახალწლო სათამაშოების შეგროვება ათი წლის წინ დაიწყო. მალე სომხეთში მიდის საცხოვრებლად შვილთან და ამ კოლექციას თან ვერ წაიღებს. ამიტომ დგას მშრალ ხიდზე და ყიდის. ეს იმ თოჯინებს ყიდის, რომელიც ნაკლებად ენანება, თუმცა რამდენიმე ათეული თოჯინა სახლში ჰყავს შეფუთული. ირინამ იმიტომ დაიწყო სათამაშოების შეგროვება, რომ დიდობამ დაღალა:

„ადამიანს სჭირდება რაღაც თავშესაფარი, სადაც თავს მშვიდად იგრძნობს, დაისვენებს. დავიღალე ამ მერკანტილური ცხოვრებით და ბავშვობისკენ მიმიწევს გული, რადგან ბავშვობა არის ყველაზე ნათელი წერტილი ადამიანის ცხოვრებაში“...

კიდევ დიდხანს ვიარე მშრალ ხიდზე პირდაფჩენილმა. რამდენიმე ისეთი ნივთიც შევათვალიერე, რომელსაც ცოტა ზედმეტი ფული რომ მქონოდა, აუცილებლად ვიყიდიდი. ოჯახში მეტყოდნენ, ეს რა ჭინჭი-მინჭები მოზიდეო, მაგრამ იყო ერთი პატარა სარკე, საბეჭდი მანქანა და მარილის მინიატურული კოვზი, რომელსაც სახლში წამოვზიდავდი. მარილის კოვზს ალბათ გავხვრეტდი და გულზე დავიკიდებდი.

XS
SM
MD
LG